სამხატვრო აკადემიის რექტორად მხატვარ გია გუგუშვილის არჩევას სტუდენტების ნაწილი აპროტესტებს. ისინი არჩევნების შედეგების გაუქმებას და ობიექტური არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ცნობილია, რომ სტუდენტთა ნაწილი ამ პოსტზე მხატვარ გია ეძგვერაძის კანდიდატურას უჭერდა მხარს. თუმცა გია ეძგვერაძეს პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც აკადემიის დებულებაში ჩაიწერა, რომ რექტორი აკრედიტებულ სასწავლებელში აქტიური პროფესორი უნდა ყოფილიყო. ეს კი გია ეძგვერაძის შემთხვევაში შეუძლებელი იყო, რადგან ბოლო წლებში ეძგვერაძე გერმანიის სასწავლებლებში მოღვაწეობდა.
სტუდენტები იმასაც ამბობენ, რომ სამხატვრო აკადემიაში რექტორის არჩევნები კონსპირაციულად ჩატარდა. ნაცვლად დაგეგმილი 11 საათისა, 9 საათზე განხორციელდა. ამის საპასუხოდ, აკადემიაში აცხადებენ, რომ 9 საათზე არჩევნების დანიშვნის მიზეზი სვეტიცხოვლობას უკავშირდება, ყველას ეკლესიაში უნდოდა წასვლა, ამიტომაც დრო გადასწიეს.
თუმცა სტუდენტების შეკითხვები ამით არ იწურება. მათ აინტერესებთ, რატომ არ შეუშვეს ისინი აკადემიის შენობაში, რომელიც შიგნიდან დაკეტილი აღმოჩნდა?!
რაც შეეხება გია გუგუშვილის რექტორობას, მას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აკადემიური საბჭოს 8 ხმა ერგო, ხოლო მის ერთდერთ კონკურენტ ნანა იაშვილს - 2 ხმა.
სტუდენტები დავით ნარმანიასა და გია გუგუშვილს შორის ნათესაურ კავშირზეც ამახვილებენ ყურადღებას და გუგუშვილის გამარჯვებას სწორედ ამ ახლობლობას უკავშირებენ. ისინი იხსენებენ ნარმანიას საარჩევნო კლიპებს, სადაც გია გუგუშვილი და მისი მეუღლე ქეთი მატაბელი იღებდნენ მონაწილეობას.
თავის მხრივ, სამხატვრო აკადემიის ახლადარჩეული რექტორი - გია გუგუშვილი აცხადებს, რომ მისთვის დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს, თუკი 4-5 სტუდენტი მის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს. მისი აზრით, შესაძლოა, ყველას არ მოსწონს სწავლების ცენტრალური ხაზი და ეს გასაგებია. უფრო მეტიც, გია გუგუშვილი ეჭვობს, რომ მის მოწინააღმდეგე სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა აქციები „რაღაც დაინტერესებულ თემას“ ძალიან ჰგავს, თუმცა გია გუგუშვილი ამ თემის სიღრმეებში შესვლას არ აპირებს. სამაგიეროდ, აკადემიის ძველ ბირთვს თანამდებობის შენარჩუნებით აიმედებს, პროფესორთა გუნდს, პრაქტიკულად, უცვლელად ტოვებს და მათ ახალ კადრსაც დაუმატებს.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რექტორის არჩევნებში ყველაფერი ზემოდან იყო ჩაწყობილი და მან წინასწარ იცოდა, რომ გია გუგუშვილს გაიყვანდნენ.
გოგი ხოშტარიას აზრით, რატომღაც გია გუგუშვილისნაირი საშუალოზე-საშუალო ნაცრისფერი მხატვარი ამჯობინეს გერმანიაში პედაგოგად მომუშავე ნიჭიერ მხატვარს გია ეძგვერაძეს.
„გია ეძგვერაძე, რომელიც სამ უნივერსიტეტში ასწავლიდა, როგორ უნდა შევადაროთ გია გუგუშვილს?! ეს იმას მაგონებს, ჯიშიანი დოგი რომ შეადარო „დვარნიაშკას“. იცით, როგორი მხატვარია გია გუგუშვილი? გაჭირვებით რომ დაუწერ სამიანს. ჩემი აზრით, გია გუგუშვილი აკადემიაში არაფერს შეცვლის და, თუ შეცვლის, ისიც ცუდისკენ. ამაზე უარესი რა უნდა გააკეთოს? ალბათ, აკადემიის ტუალეტს გაარემონტებინებს. იმდენი ითქვა, რომ ტუალეტში კარები არ იყო, ხოლო ქალისა და კაცის საშინელი ანტისანიტარიის მქონე ტუალეტი არ განირჩეოდა ერთმანეთისგან. ასევე, მიღწევა იქნება, თუკი აკადემიის ბუფეტს გააკეთებს. რაც შეეხება აკადემიაში სწავლების დონეს, ამ მხრივ ჩვენ მოწყვეტილნი ვართ დასავლურ სამყაროს. აკადემიაში საბჭოთა პერიოდის სწავლებაა, რომელიც თავის დროზე ემყარებოდა რუსულ აკადემიურ, ე.წ. ჩისტიაკოვის სკოლის ნახატს, ფაქტობრივად-ნატურალიზმს. ამას ძალზე გაჭიანურებულად ასწავლიდნენ. რაზეა საუბარი, აკადემიაში შიშველ ნატურას რომ არ დაუშვებენ?! აკადემიის ერთი პედაგოგი გააგდეს, რადგან შიშველი ნატურის ხატვის უფლებას აძლევდა სტუდენტებს. ქალბატონი იჯდა წელამდე შიშველი, წელსქვევით ჩაცმული იყო. პროფესორი რომ ეტყვის სტუდენტებს, რად გინდა მაგის სახელოსნოში ხატვა, შიშველ მამაკაცს გინდა უყუროთო? ამ სიტუაციას გუგუშვილი ვერ შეცვლის. გუგუშვილი იმავე სისტემას დატოვებს, ის ახლის მომტანი არ არის. პიროვნულად გუგუშვილთან არავითარი ანგარიში არ მაქვს, გარდა იმისა, რომ მიმაჩნია ძალზე უსინდისო ადამიანად. როცა იცი, რომ არსებობს ასეთი კაცი - გია ეძგვერაძე, რექტორობას როგორ უნდა დასთანხმდე?“ - აცხადებს გოგი ხოშტარია და განმარტავს, რომ აკადემიური საბჭოს წევრები მაფიოზებივით წინასწარ მოილაპარაკებენ და წყვეტენ იმ საკითხებს, რაც აწყობთ. შურიანობის გამო ქართველ კაცს გუგუშვილისნაირი უფრო აწყობს, რადგან გია ეძვერაძე სიახლეებს მოიტანდა, გადაასხვაფერებდა ყველაფერს, გია ეძგვერაძეს ვერ პატიობენ ნიჭიერებას. „გიას არაფერი აკლდება, არამედ გვაკლდება ჩვენ. თუმცა, გია ეძგვერაძე მზად იყო, სიხარულით ჩამოსულიყო საქართველოში და ახალგაზრდების აღზრდაში ჩართულიყო“.
გარდა ამისა, გოგი ხოშტარია აცხადებს, რომ ამ საქმეში გამიზნულად ძალზე ცუდი როლი ითამაშა კულტურის სამინისტროს იურიდიულმა სამსახურმა. პირადად მას სურდა, მხატვრობაში არსებულ პრობლემებზე მინისტრთან ესაუბრა. თუმცა მინისტრის ნაცვლად, მისმა მრჩეველმა დაურეკა და უთხრა, მინისტრს ვერ შეხვდებით, მის მოადგილე-ბერიკაშვილს კი შეხვდებითო. თუმცა გოგი ხოშტარია თვლის, რომ მას ბერიკაშვილთან, დიქციის პედაგოგთან, საქმე არ ჰქონდა.
„ვიცი ყველა, ვინც იქ მუშაობს, რისი გამკეთებლებიც არიან. 240 კაცია და იქიდან 230 გასაყრელია. როდესაც კვდება ისეთი დიდი ქართველი მხატვარი, უკანასკნელი დიდი ფიგურა, როგორიცაა ედმონდ კალანდაძე და პანთეონში მის დასაფლავებაზე ბრძოლა გჭირდება, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? სანამ გამგებელთან არ მივედი და საქმეში მეუფე არ ჩავრიე, სანამ ბატონ დავით ნარმანიამდე არ მივიდა ხმა, არავის აინტერესებდა ეს საკითხი. მინისტრი დაკრძალვამდე მხოლოდ 15 წუთით ადრე მივიდა. ამაში მინისტრი არ არის დამნაშავე, იქ ისეთი გარემოცვაა, რომელმაც უნდა უთხრას მინისტრს, რომ ედმონდ კალანდაძე, დიდი მხატვარი გარდაიცვალა. ისე, პრინციპში კულტურის მინისტრად რომ მიდიხარ, ედმონდ კალანდაძე გაგონილი მაინც უნდა გქონდეს. თორემ, მე არც აკადემიის პროფესორობა მინდა, 76 წლის ვარ, მინდა წიგნი დავამთავრო და კიდევ ორი წიგნი მოვასწრო, სანამ ცოცხალი ვარ“.
სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სრული პროფესორი ნანა კუპრაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აკადემიაში კატასტროფული არაფერი ხდება და, რადგანაც გია გუგუშვილი აირჩია აკადემიურმა საბჭომ, შესაბამისად, ალბათ, სწორი არჩევანიც გააკეთა.
„შეიძლება, იყოს არაჩვეულებრივი მხატვარი, მაგრამ აკადემიის მართვა ვერ განახორციელოს და არ იყოს კარგი მენეჯერი. ეს სრულებით არ აკნინებს გია ეძგვერაძის, როგორც მხატვრის მნიშვნელობას. რას გააკეთებს გია გუგუშვილი და რას შეცვლის, ვნახოთ. თუ არ შეცვლის, მაშინ გადაირჩიონ. რადგან ადამიანს სურს რექტორობა, უნდა ვაცალოთ. ბოლოს და ბოლოს, იმდენ ადამიანს ვაცალეთ, რომ დღეს ახალ რექტორს უნდობლობა გამოვუცხადოთ, არასწორი იქნება“,-აცხადებს ნანა კუპრაშვილი.