წარსულის ლაბირინთებში

წარსულის ლაბირინთებში

ციცერონი ამბობდა: „ორატორის უდიდესი ღირსებაა არა მარტო თქმა იმისა, რაც საჭიროა, არამედ უთქმელობაც იმისა, რაც არაა სათქმელი. ამ დებულებას უახლოვდება საადის აფორიზმიც: "ადამიანი ცხოველზე მაღლა დგას მეტყველების უნარით, მაგრამ მასზე დაბლა დგას, თუ უმართებულოდ მეტყველებს“.

რა  უნდა  გავაკეთოთ  ღვინო  წყლად  რომ  არ  იქცეს?

თავის დროზე ალფრედ დე მიუსიე პრუსიასთან ომში პატივაყრილ ფრანგებს ასწავლიდა - ენა იმისთვის გვაქვს, რომ საკუთარი აზრის დამალვა შევძლოთო. ჩვენ კი ჩვენის მხრივ დავძენდით, რომ ეს უნდა გავაკეთოთ არა მარტო აზრების დამალვის მიზნით, რომ მტერი არ ვაფხიზლოთ, წამდაუწუმ წამოსროლილი სიტყვებით ჩვენში დაბუდებული რისხვა არ განელდეს, ღვინო წყლად არ იქცეს. როგორც ილია იტყოდა დიდი გრძნობა უტყვია და მუნჯი, ხოლო პატარა დაუდგრომელი და ლაქლაქა.

ნამდვილი ძალა კი, რომელიც უნდა გაცხადდეს საქმედ, მხოლოდ დიდი გრძნობის მატარებელ ხალხს შეუძლია.

როდესაც ვიღაცაზე უკმაყოფილონი ვართ და მოძალებული ემოციისგან წამდაუწუმ წამოსროლილი სიტყვებისგან თავს ვერ ვიკავებთ, ურიგო არ იქნება ისტორიიდან მოხმობილი ეს მაგალითები გვახსოვდეს:

ცნობილი ბერძენი კანონმდებელი ლიკურგე თავის თანამოქალაქე სპარტელებს ურჩევდა ერთსა და იმავე მტერზე ხშირად არ ელაშქრათ, რათა უკანასკნელნი თავდაცვაში არ გაწაფულიყვნენ. ამიტომ იყო, რომ შემდგომშიო, - წერს პლუტარქე, - მეტისმეტად კიცხავდნენ მეფე აგესილაეს, რომელმაც ბეოტიაში ხშირი ლაშქრობებითა და თავდასხმებით თებელები, სპარტელთა დარი მეომრები გახადა. თებელებთან ომში დაჭრილი აგესილაე რომ იხილა, სპარტელმა სახელმწიფო მოღვაწემ ანტალკიდამ, უთხრა:

- კარგი ჯილდო კი მიიღე თებელებისაგან, რომელთაც მაშინ ასწავლე ბრძოლა, როცა ეს არ უნდოდათ და არც იცოდნენ.

მაგალითი მეორე: როდესაც, მოწინააღმდეგის გახშირებულმა თავდასხმებმა რომაელებს სიმშვიდე დაურღვიეს. ერთ დღესაც თავმობეზრებულმა სარდალმა გაიუს მარიუსმა, პონტოს სახელგანთქმულ მეფეს მითრიდატე VI ევპატორს წერილით მიმართა:

- მეფეო, ან გახდით რომაელებზე ძლიერი, თუ არა და კეთილი ინებეთ და დაემორჩილეთ რომაულ კანონებს!

მაგალითი მესამე:  ეს, ამჯერად,  ცივი ომის პერიოდს ეხება, როდესაც დაპირისპირება აშშ-სა და სსრკ-ს შორის სულ უფრო და უფრო მძაფრდებოდა. ვერც ერთი მათგანი ახერხებდა ყოფილიყო მეტოქეზე ძლიერი და არც დათმობა სურდა. ამ სიტუაციისთვის ამერიკის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯ.ფ. დალესმა „ძალის პოზიციიდან“ კონცეფცია შეიმუშავა, რომელმაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრა. აი, მისი ნააზრევიც:

„იმის უნარი, რომ იყო ომის ზღვარზე, მაგრამ არ აღმოჩნდე მასში ჩართული, წარმოადგენს აუცილებელ ხელოვნებას. თუ თქვენ ვერ შეძლებთ მის დაუფლებას, თქვენ აღმოჩნდებით ომში ჩათრეული, ხოლო თუ არ გაატარებთ ამგვარ პოლიტიკას, მაშინ დაიღუპებით.“

ამ რჩევამ დიდ სახელმწიფოთა „მეტოქეობის სტრატეგიაში,“ მართალია, გაამართლა და აშშ- ს მისცა შესაძლებლობა დაემარცხებინა ე.წ.„ბოროტების იმპერია,“ მაგრამ ესეცაა, ჩვენისთანა სუსტი და დაუცველი ქვეყნისთვის ურთიერთობის ეს სტილი ოკუპანტთან, ვისთანაც არც დათმობა გვსურს და ვერც მეტოქეობას ვახერხებთ, რამდენად გაამართლებს?

როცა შენს ირგვლივ უსამართლობას ხედავ

ძველ საბერძნეთში მონობა აღიქმებოდა როგორც რაღაც თავისთავადი, თავისუფლება კი ითვლებოდა საჩუქრად, რომელიც არ იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი. არისტოტელე ვარაუდობდა, რომ „ერთნი ბუნებრივად არიან თავისუფალნი, ხოლო მეორენი - ბუნებრივად მონები... და რომ მათი მონური მდგომარეობა იყო სამართლიანი.“

იცით ეს რატომ თქვა დიდმა ფილოსოფოსმა ჩემო კარგებო? იმიტომ, რომ დღესაც „ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას.“ მართალია, ამით ისინი საჭირონი და სასარგებლონი არიან პატრონებისთვის, მაგრამ ქვეყნისთვის ნამდვილ უბედურებას წარმოადგენენ, რადგანაც ასეთი ელექტორატის ყოლით ყოველთვის იმ ხელისუფლებას ვიღებთ, რასაც მათი  „წყალობით“ ვიმსახურებთ.

როცა შენს ირგვლივ უსამართლობას ხედავ და ჩუმად ხარ, მონა ხარ აბა ვინა ხარ! მერე რა თუ, როცა უსამართლობა თავად შეგეხო, გაბრაზდი, მაინც არარაობა ხარ, რადგანაც: „გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია, მაგრამ გაბრაზება მასზე ვისზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით რომლითაც საჭიროა, უნდა იცოდე, რომ ყველას არ შეუძლია.“

რატომ  ხდება  ყოველთვის  ასე?

საქართველოში მიმართვის ორი ფორმა გამოიყენება: შენ და თქვენ. შესაძლოა, ყველამ არ იცოდეს, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ჩვენთან მიმართვის მხოლოდ ერთი ფორმა იყო - შენ. შენობით მიმართავდა ერი და ბერი ერთმანეთს, ქვეშევრდომი მეფეს და ა.შ. დღესაც ღმერთს ქართველები შენობით მივმართავთ. ქართულ მეტყველებაში მიმართვა თქვენ თანდათან დამკვიდრდა, რომლის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეც დიმიტრი ყიფიანი იყო. მისი განმარტებით: თქვენ მიმართვა უცხოეთში ცივი ხალხის მოფიქრებული და დამკვიდრებული იყო. ჩვენთან კი მას ტრადიციულად თბილ დამოკიდებულებაში ერთგვარი დისტანციურობა შემოჰქონდა. საბოლოოდ, მაინც მივიღეთ ის, რაც გვაქვს.

რაც შეეხება უცხოეთს: თუ ინგლისში მიმართვის მხოლოდ ერთი ფორმა გამოიყენება - თქვენ, შვედეთსა და პოლონეთში უცხოსათვის, განსაკუთრებით, ასაკით უფროსისათვის, თქვენობით მიმართვა არათავაზიანად ითვლება. ამისათვის უფრო ზრდილობიანია მესამე პირის ფორმა. მაგალითად, „ქალბატონ მასწავლებელს სთხოვენ ტელეფონთან“ და სხვ.

იმედია 21-ე საუკუნის ქართველი მიბაძვისთვის ამ შემთხვევასაც გამოიყენებს.

თუ ეს ვინმეს ხუმრობად მოეჩვენება, მათთვის კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებდი: საკმაოდ ცნობილმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ სიმონ ქვარიანმა საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ ქართული ანბანის რეორგანიზაცია მოინდომა, მოითხოვა: ძ, ჭ, ყ... ამოვიღოთ ენიდან, რადგანაც უცხოს ყურს ჭრისო. აკაკიმ უპასუხა, კარგი, რაკი "ძ" არ მოგწონს, ამის შემდეგ მოგმართავ "ვირფასო სიმონო"!

ვიკითხოთ: რატომ ხდება ყოველთვის ასე? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენში მშვენიერს, ყოველთვის „უცხოს” უწოდებენ.

მრავალნი არიან წვეულნი  და  მცირედნი - რჩეულნი

სოკრატეს მოწაფეები ეკითხებიან:
- სტუმრებს ელოდები, სამზადისი კი მცირეა!...
- თუ ღირსეულები იქნებიან, საკმარისია, თუ უღირსები - ზედმეტიც! - პასუხობს ასწავლებელი.

პროფესია, რომელიც ამოუწურავ  შესაძლებლობას იძლევა

ერთხანობას, ჩემს ყმაწვილკაცობაში გულაცრუებული ვიყავი საკუთარ პროფესიაზე და ვაიდიალებდი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, რადგანაც იქ ისტორიის სწავლებისგან განსხვავებით ყველაფერი მეტ-ნაკლებად მკაფიოდ და გარკვევით არის მოცემული. დიდი დრო დამჭირდა იმის გასაგებად თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო ჩემთვის მნიშვნელოვანი.

ვისაც ჰგონია, რომ რაკი 2+2=4 არის გაგების დასასრული, ღრმად შემცდარია. 2+2=4-ია არითმეტიკაში, მაგრამ საკმარისია ორჯერ-ორის ფორმულის საშუალებით ვცადოთ სოციალურ ველში დატრიალებული პროცესების, ცხოვრების ირაციონალური გამოვლინებების, ახსნა, გაგება და, - კატასტროფა გარდაუვალია. ასე რომ, ორჯერ-ორი რომ ყველგან და ყველაფერში უდრიდეს ოთხს, სიცოცხლე შეწყდებოდა. ამიტომ ჩვენთვის, ჰუმანიტარებისთვის იგი ასოცირებულია არა საზღვართან, მიჯნასთან, დასასრულთან, არამედ უსასრულობასთან, რომლის ახსნა-განმარტებისთვის თავად ისტორიკოსის პროფესია ამოუწურავ შესაძლებლობებს იძლევა.

როცა ყველაფერი დაკარგულია, ღირსების გარდა

1525 წელს საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა ბრძოლა წააგო ესპანეთის მეფესთან კარლოს V-სთან. პავიასთან გამცამტვერებელი დამარცხებისა და ტყვედჩავარდნის შემდეგ, მეუღლისადმი მიწერილ წერილში მან შთამომავლობას დაუტოვა ცნობილი ფრაზა: „ყველაფერი დაკარგულია, ღირსების გარდა.“ ამ ფრაზამ საუკუნეებს გაუძლო, 1837 წელს პირველად იქნა გამოქვეყნებული და მას მერე, დამოუკიდებელი არსებობა და საზრისი შეიძინა. იგი გულისხმობს: ადამიანმა გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო, მაგრამ არ დაკარგა საკუთარი ადამიანური ღირსება.

რატომ გაუძლო ამ ფრაზამ საუკუნეებს? იმიტომ რომ იგი, ფაქტობრივად, დამარცხების სიტუაციების დაძლევის რეცეპტია. ცხოვრება მარტო გამარჯვებებით არ არის მოფენილი, დამარცხებები ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტია და სწორედ მათი დაძლევაა ადამიანის ერთერთი ძირითადი გამოწვევა.

ფრანსუა I-ის ფრაზა გულისხმობს, რომ შესაძლოა იყო გამარჯვებული, მაგრამ უღირსი, ან პირიქით, იყო დამარცხებული, მაგრამ ღირსეული. ღირსება კი ის საყრდენი წერტილია, რაც დამარცხების დროს, ფეხზე წამოყენების, წელში გამართვის საშუალებას გაძლევს.

1931 წელს რუზველტმა კორუფციის საწინაღმდეგოდ შემოიღო ღირსების კანონი. ჰოლანდიელი ზღვის ყაჩაღის პიტერ ჰაინის ძეგლის კვარცხლბეკზე არის წარწერა: „ოქრო მირჩევნია ვერცხლს, მაგრამ ყველაფერზე მაღლა ღირსებას ვაყენებ.“

სიცოცხლეს ღირსების გარეშე აზრი არა აქვს.

სწორედ ზნეობრივი არჩევანი ასაზრდოებს ქვეყანას, რადგან ღირსება ზნეობრივი კატეგორიაა და უზნეოდ, უნამუსოდ, თავმოყვარეობის შელახვით არაფერი არ უნდა გინდოდეს.

პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრანგებს ჰყავდათ ეროვნული გმირი, მფრინავი. ავიაცია მაშინ ახლადფეხადგმული იყო. მან გერმანელთა მრავალი თვითმფრინავი ჩამოაგდო, მაგრამ ბოლოს თვითონაც დაიღუპა. მფრინავის მიერ დატოვებული ანდერძით, იგი მშობლიურ სოფელში წაასვენეს, რომელიც ფრონტის ხაზზე მდებარეობდა. დაკრძალვის დღეს, მიუხედავად საშიშროებისა, დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. უეცრად ცაზე გერმენელების თვითმფრინავები გამოჩნდნენ. შიშისგან დამფრთხალი ხალხი მიწას განერთხო. მათთვის მოულოდნელად გერმანელმა მფრინავებმა, რომლებიც ძირს დაეშვნენ, უზარმაზარი ყვავილების გვირგვინი დაასვენეს ცხედართან და უკანვე გაფრინდნენ.

ცნობილია, როგორ დაუკრეს რუსმა ჯარისკაცებმა ტაში, როცა იმამ შამილი მათ ტყვედ ჩაბარდა...

მთავარია, შენი ღირსებით მტერიც მოყვრად აქციო.

მაგრამ ესეცაა, რომ არც ისე ადვილია სხვისი ღირსების დანახვა, ამას მხოლოდ რჩეულები ახერხებენ.

შეგონება

„თუ ვინმე უგუნური შეგეკამათება, დუმილით შეაწყვეტინე ლაყბობა. იცოდე ყბედს მხოლოდ მუნჯი დაღლის.“
ქეთ-ქაუსი, „ყაბუსნამე“

როცა გონს მოვლენ

 

ცნობილი ათენელი სახელმწიფო მოღვაწე და ორატორი, დემოსთენე და ათენელი მხედართმთავარი ფოკიონი დაუძინებელი პოლიტიკური მტრები იყვნენ. ერთხელ დემოსთენემ განუცხადა ფოკიონს: „თუ ათენელები გაბრაზდებიან, ისინი შენ ჩამოგახრჩობენ,“ რაზედაც ფოკიონმა უპასუხა: „შენც ასევე, რა თქმა უნდა, როცა გონს მოვლენ.“

განა  შეიძლება  პრეზიდენტი  მსახიობი  არ  იყოს?

ხშირად ხდება ხოლმე ჟურნალისტის დასმულ კითხვებზე რესპოდენტი სხვა საკითხზე გადადის, რომელსაც განსახილველ პრობლემასთან არსებითი კავშირი არა აქვს. ცნობილი ავტორიტეტების გამონათქვამებიდან მსმენელზე თუ მკითხველზე სარწმუნო არგუმენტის შთაბეჭდილების დატოვება რომ შეეძლოთ ერთს გავიხსენებდი:

ერთხელ აშშ-ის პრეზიდენტს რონალდ რეიგანს ჰკითხეს: „როგორ შეიძლება მსახიობი პრეზიდენტი იყოს?“ რაზედაც რეიგანმა უპასუხა: „განა შეიძლება პრეზიდენტი მსახიობი არ იყოს?“

ღირსების  გრძობა რომ არ შეილახოს

ისტორიამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის ხერხებისა და მეთოდების მდიდარი გამოცდილება შეგვძინა. მათ რიცხვშია სიტუაცია, როცა გარკვეულ დათმობაზე წასვლა გიწევს ისე, რომ ღირსების გრძნობა არ შეგელახოს. ამის კლასიკური მაგალითია შემდეგი:

როცა ალექსანდრე მაკედონელი მდინარე ჰიპასისთან მივიდა და გადასვლის ბრძანება გასცა, რომ მდინარე განგის ხეობაში მოხვედრილიყო, ჯარმა უარი განაცხადა ბრძანების შესრულებაზე. ალექსანდრე მიხვდა, რომ დაღლილ მხედრობას ვეღარ მოდრეკდა, მაგრამ სიამაყის გამო მათთვის დათმობაც არ სურდა. მან ნათლად გაანალიზა სიტუაცია და მიაგნო გამოსავალს, მისნებს მიმართა. მისი შეგონებით მისნებმა განაცხადეს: შემდგომ ლაშქრობაში წარმატებას ვერ მიაღწევთო. ამ გზით ალექსანდრე ღირსეულად გამოუსხლტა შექმნილ ვითარებას და ამჯერად ბრძანა უკან დახეულიყვნენ.

დიდი  მხედართმთავრის  ღირსეული  თანამებრძოლები

აზიაში ლაშქრობის დაწყების წინ ალექსანდრე მაკედონელმა მთელი სამეფო ქონება თავის მეგობრებს გაუნაწილა. როცა ჰკითხეს: „კი მაგრამ, შენთვის რაღას იტოვებ მეფეო?“

„იმედს“ - უპასუხა ალექსანდრემ. „მაშინ ჩვენც, შენი თანამოლაშქრენი, მაგას გავინაწილებთო,“ უთხრეს მთავარსარდალს და უარი თქვეს შემოთავაზებულ ქონებაზე.

ძალიან ბევრი ნიჭიერი პოეტი უნდა ჰყოლოდა მე-12 საუკუნის საქართველოს, რომ მათ შორის საუკეთესო წარმოჩენილიყო გენიალური რუსთაველის სახით. იტალიური რენესანსის ეპოქა მდიდარი რომ არ ყოფილიყო უნიჭიერესი მხატვრებით, ის ვერც ლეონარდოს, მიქელანჯელოს და რაფაელს წარმოშობდა. ასეა ამ შემთხვევაშიც. მაკედონურ ფალანგას მეომრებად პატარა ალექსანდრეები რომ არ ჰყოლოდა, არც ალექსანდრე მაკედონელი შერჩებოდა ისტორიას, რადგან ის 36 ათასი კაცით ვერ დაიპყრობდა მსოფლიოს.

ამიტომ ყურად უნდა ვიღოთ ისტორიის ეს გამოცდილება. ერთი კაცის გამარჯვებაზე კი არ უნდა ვიოცნებოთ, თავად ერი და საზოგადოება უნდა გავხადოთ წარმატებული!

როგორც  გივლია, კვლავაც ისე  იარე - შენი ქუდითშენი რწმენით და შენი გზით!

ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ ცნობილ ქართველ მხატვარს ლადო გუდიაშვილს რომ წამოჰყოლია პარიზიდან:

ბატონი ლადოს ერთ-ერთი ახალგაზრდობისდროინდელი ნამუშევარი „კინტოების ქეიფი ქალთან,“ რომელიც გამოფინეს პარიზის „ზამთრის სალონში,“ მოეწონა თურმე ესპანელ სახელნგათქმულ მხატვარ იგნასიო სულოაგას. ესპანელი მხატვარი ლადო გუდიაშვილს თავის პატარა სახელოსნოში ეწვია, მისგან რამდენიმე სურათი იყიდა, ფულიც ჩაუთვალა და წავიდა.

გამოირკვა, რომ სულოაგას გუდიაშვილის ქუდი დაუხურავს, ხოლო თავისი ლადოს ბინაში დარჩენია. ლადომ ქუდი დაიხურა და უკან გამოუდგა მისი ბინიდან ახალგასულ სტუმარს. კარგა ხნის სირბილის შემდეგ დაეწია მას, გაუღიმა და მოკრძალებით უამბო შემთხვევით ქუდების შეცვლის თაობაზე. სულოაგამ გაკვირვებით აზიდა წარბები და გაეცინა.

- ნუთუ მართლა? - ამ კითხვაში იგრძნობოდა სიხარულიც, გაკვირვებაც და ბავშვური კმაყოფილებაც იმით, რაც მომხდარიყო.

- დიახ, მაესტრო!

- მერე ამისთვის შეწუხდით? გეტყობათ, გირბენიათ კიდეც.

- დიახ, ცოტა...

- უნდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენი საქციელი დიდად მაოცებს! სხვა ასე არ მოიქცეოდა. ცნობილი ადამიანების ნივთებზე სწორედ რომ ნადირობენ ხოლმე, თქვენ კი შემთხვევამ ხელში ჩაგიგდოთ ჩემი ქუდი და..

- მაესტრო... - ცოტა დარცხვენით, უხერხულად წამოიწყო სიტყვა გუდიაშვილმა. იფიქრა - ჩემს ძვირფას სტუმარს უნებლიედ ხომ არაფერი ვაწყენინეო, მაგრამ სულოაგამ ეჭვი უმალ გაუფანტა. მისი ქუდი, რომელიც მაესტროს შეცდომით თვითონ დაეხურა, კვლავ გუდიაშვილს დაახურა. ასევე მოიქცა ლადოც, ეს იყო მეტად უცნაური და მხიარული წუთი ქუდების საზეიმო გაცვლისა - დიდების მწვერვალზე ასულ ესპანელ იგნასიო სულოაგასა და ამ მწვერვალისკენ მიმავალ ქართველ ლადო გუდიაშვილს შორის.

- სენიორ ლადო! ის, რაც მოხდა, კარგის მომასწავლებელია! სულოაგამ გაშლილი ხელი გუდიაშვილს მხარზე დაადო და ნათქვამს ბეჯითად დაუმატა: - სხვანაირად არც შეიძლებოდა! როგორც გივლია, კვლავაც ისე იარე - შენი ქუდით, შენი რწმენით და შენი გზით!

დათმობა  გამარჯვებისათვის

ადამიანთა ურთიერთობაში ყოველთვის გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ, ზოგჯერ პარტნიორის ყურადღების მოსადუნებლად, სასარგებლოა წინასწარგამიზნულ, შეგნებულ დათმობაზე წასვლა და უფრო მთავარ საკითხზე მეტად მომზადება. ვფიქრობთ, აღმნიშნულის კარგი ნიმუშია დაოსიზმის ფუძემდებლის, დიდი ჩინელი მოაზროვნის, ლაო-ძის შეგონება: „რაიმე რომ შევკუმშოთ: ჯერ უნდა გავაფართოვოთ. რაიმე რომ დავასუსტოთ: ჯერ უნდა გავაძლიეროთ. რაიმე რომ მოვსპოთ: ჯერ უნდა აღმოვაცენოთ. რაიმე რომ მოვიმკათ: ჯერ უნდა გავცეთ.“

როცა  პოლიტიკა კულტურის  ნაწილად არ მიიჩნევ

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ თუ კულტურას ფართო მნიშვნელობით გავიაზრებთ, პოლიტიკა კულტურის ნაწილია. კულტურა არის პოლიტიკასთან ყველაზე ახლო მდგომი საზოგადოებრივი სისტემა. ამიტომაც საქართველომ უნდა აშენოს პოლიტიკისა და კულტურის ერთიანი სისტემა. ამჟამინდელ ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია მკაფიო შეხედულებები კულტურის განვითარებაზე, რადგანაც ვერ შესძლო შეექმნა სახელმწიფოს მართვის ისეთი მოდელი, რომელიც ეროვნულ ნიადაგზე იქნებოდა დაფუძნებული, როგორც საკუთარი პოლიტიკური კულტურის განვითარების ლოგიკური შედეგი.

თუ ამ მიმართულებების ჭრილში ავიღებთ საქართველოს კონსტიტუციას, ის სრულ ვაკუუმშია ჩვენს პოლიტიკურ ტრადიციებთან და ქართველთა ეთნოფსიქოლოგიასთან. ის არ არის მიმართული ურთერთქმედებაზე ჩვენს კულტურასთან. ყოველივე ამის შედეგი კი ვლინდება სახელისუფლებო შტოებს შორის მუდმივ დაპირისპირებაში, რისი თვითმხილველი და მომსწრენიც ვართ ყოველდღიურობაში.

შეხსენება

იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც აგდებულად ეკიდებიან განათლებისა და მეცნიერების საკითხებს უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფოს ბედისწერა ყალიბდება სკოლაში და უნივერსიტეტში და არა პარლამენტში და მთავრობაში.

ამიტომაც ამბობდა უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე უინსტონ ჩერჩილი „სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ“.

სხვის  ფანდურზე  ბუქნაობას რომ  გადავეჩვიოთ

XIX საუკუნის 50-იან წლებში ინგლისის პრემიერ-მინისტრი იყო პალმერსტონი. მას ეკუთვნის სიტყვები, რომელიც პოლიტიკური ფილოსოფიის ქვაკუთხედად იქცა: „ინგლისს არა ჰყავს მუდმივი მეგობრები და მტრები, ინგლისს აქვს მუდმივი ინტერესები.“

სანამ პალმერსტონის ამ სიტყვებს თითოეული ქართველი გულისფიცარზე არ ამოიკვეთს, მანამდე ჩვენი საშველი არ დადგება.

რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი უბედურება ეგ არის, სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს. ამიტომაცაა, რომ საქართველოს მუსრს ავლებდა ყოველთვის „სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.“

აი,  ვინ  და  რა  გვჭირდება  დღეს!

სუნ ძი გენიალურ ნაშრომში ,,ომის ხელოვნება“ გამარჯვების ხუთი ფაქტორიდან ყურადღებას ამახვილებს ყველაზე მთავარზე:

,,მტერზე უბრძოლველად გამარჯვება - აი დიდების მწვერვალი“. დასანანია, რომ დღემდე შეუფასებელია გიორგი ბრწყინვალეს დამსახურება ქვეყნის წინაშე. მას დიდგორი არ დასჭირვებია, ისე განდევნა მონღოლები საქართველოდან და აღვგვიდგინა დაკარგული ოქროს ხანა. ჩემთვის პირადად გიორგი V, საქართველოს ისტორიის ყველა დროის, ყველაზე დიდი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწეა.

აი, ვინ და რა გვჭირდება დღეს!

თუ  წარსულს  ზურგს  შეაქცევ...

ერთი მეტად საინტერესო ფაქტი იაპონელთა ცხოვრებიდან: სამურაის სიტყვას იჯერებდნენ ყოველგვარი წერილობითი გარანტის გარეშე. სამურაი ფიცს არ დებდა - ეს ღირსების შელახვად ითვლებოდა. ღირსების ასეთი გაგება აისახა იაპონური ენის ძირითად ლექსიკურ ფონდშიც. იაპონურ ენაში არ არსებობს სიტყვა „სიცრუე.“ სიტყვა „უსი“ იხმარება როგორც სიმართლის (მაკოტო) ანდა ფაქტის (ჰანტო) უარყოფა.

ჩვენთან რა ხდება? დღეს თუ კაცს სიტყვა კაცური არ დაამატე ისე შეიძლება სიყალბეში შეიტანოს ვინმემ ეჭვი. მე პირადად მეზიზღება სიტყვა კაცური, ისევე როგორც ყოველწუთს დაფიცება ან დაგინება შენი სიმართლის დასამტკიცებლად, მაგრამ რას იზამ ესაა ჩვენი დღევანდელობის სახე.

იაპონელებს ღირსების გრძნობა საჩუქრად არ მისცემიათ. იგი ციდან ჩამოვარდნილი ნობათი არ ყოფილა. ეს თვისებები რომ შეეძინათ იაპონელები დღენიადაგ ზრუნავდნენ სრულყოფისათვის, სხეულისა და სულის გამოწრთობაზე. ყოველივე ამისთვის მათ ბუსიდო შექმნეს. თუ თავდაპირველად ბუსიდო იყო „მეომრის გზა,“ იგი შემდგომ „ერის გზად“ გადაიქცა. ბუსიდოს ჭეშმარიტი აზრი, უწინარესად წინაპრების კულტს ემყარება. იაპონელთა ნაციონალური რელიგია სინტოიზმი ასწავლის რომ თავისი სიცოცხლით ყოველი იაპონელი წინაპართა მიმართ ვალშია.

თუ იაპონელთა ეთნოფსიქოლოგიის ფორმირებაში ბუსიდო კლასიკურ ნიმუშად გამოდგება, ქართველთა თვითშეგნების ჩამოყალიბებაში არანაკლები როლი „ქართლის ცხოვრებამ“ შეასრულა, რომლის შექმნა-შედგენა შვიდასი წელი გრძელდებოდა. როგორც წერის ხანგძლივობით, ისე მისი როლითა და მნიშვნელობით თაობების აღზრდაში მას სხვა ხალხთა კულტურებში ანალოგი ძნელად თუ მოეპოვება. რას გვასწავლის ეს დიდი საისტორიო კრებული? ეროვნულ ღირსებას, ქვეყნის ერთგულებას, კავკასიელ ხალხთან ერთად ქართველთა ერთიანობის აუცილებლობას, სიკვდილის დათრგუნვას, სიმამაცეს, თვითსრულყოფას...

ძნელია ამ ყველაფრის დანახვა, მითუმეტეს თუ წარსულს ზურგს შეაქცევ...

ხალხის გაუნათლებლობა უფრო ძვირი ჯდება

როდესაც რონალდ რეიგანმა განათლების პროგრამის სახელმწიფო დაფინანსების შემცირება მოითხოვა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთმა პროფესორმა მისწერა: „თქვენ მიგაჩნიათ, რომ განათლება სახელმწიფოს ძვირი უჯდება, დათვალეთ, რა დაჯდება ხალხის გაუნათლებლობა!“

შედეგი: რეიგანმა კანონპროექტი სენატიდან გამოითხოვა.