განათლების სამინისტროს, ერთი მხრივ, პარლამენტარებთან დაეძაბა ურთიერთობა, მეორე მხრივ, მეცნიერებთან. ბოლო რამდენიმე დღეა საკომიტეტო მოსმენებზე მუდმივად თამარ სანიკიძი უწყების კრიტიკა ისმის.
„ფაქტობრივად, გამოდის, რომ სამინისტრო აგრძელებს ლომაიასა და შაშკინის კურსს“, - ასეთი მწვავე შეფასება გააკეთა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ. მან უშუალოდ განათლების მინისტრს მოსთხოვა პასუხი მეცნიერების ირგვლივ განვითარებულ მდგომარეობაზე.
კიღურაძემ მეცნიერების დარგში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა, რომ დღეისათვის კვლევითი ინსტიტუტები ისევ ისეთ მდგომარეობაში არიან, როგორც ადრე იყვნენ.
„ნაციონალების ხელისუფლებამ კვლევითი დაწესებულებები დაანგრია, რომლის წყალობითაც საქართველო დამკვიდრდა მსოფლიოს ინტელექტუალურ რუკაზე. ახლა რა გამოდის, იმათ დაანგრიეს, ხელში ჩვენ მოგვცეს პისტოლეტი, რომ საკონტროლო გასროლა შევასრულოთ და ბოლო მოვუღოთ? არადა, სანამდე იარსებებენ ეს ადამიანები.
პირადად მე არ მქონდა ლუკმაპურის პრობლემა, მაგრამ რომ დაინახავ ღირსეული, მართლაც გამოჩენილი მეცნიერები საშინელ პირობებში არიან, როგორ შეიძლება დამშვიდებული ვიყო. ფაქტობრივად, დღეისათვის ის სიტუაცია გვაქვს და გამოდის, რომ სამინისტრო აგრძელებს ლომაიასა და შაშკინის კურსს. როგორ მდგომარეობაშიც იყო კვლევითი ინსტიტუტები, ისეთ მდგომარეობაში არიან დღესაც“, - აღნიშნა ივანე კიღურაძემ.
არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს თავად მეცნიერებმაც, რომლებიც კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ. განათლების ყოფილმა მინისტრმა გუჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყნის მეცნიერებას უნდა განაგებდეს, ის აუცილებლად სამეცნიერო დაწესებულებაში ნამუშევარი უნდა იყოს.
კომიტეტზე დამსწრეთა ძირითადი პრეტენზია, რომელიც პარლამენტში გამოიკვეთა - ეს მეცნიერების სფეროში მომუშავეთა ხელფასებია, რომელიც 150-200 ლარს არ აღემატება. მინისტრი კი ამბობს, რომ ხელფასების რიგ შემთხვევაში უფრო მაღალია.
ენათმეცნიერისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ავთანდილ არაბულის განცხადებით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კვლევითი დაწესებულებებისა და ზოგადად მეცნიერების მდგომარეობის კუთხით საქართველოში დაპირებები დაპირებად დარჩა. ორი წლის განმავლობაში განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
2014 წლის 17 იანვარს სამეცნიერო აკადემიაში რეკომენდაციებისა და წინადადებების მოსამზადებლად გაფართოებული შეხვედრა ჩატარდა. 4 მარტს კი, მინისტრმა, სამინისტროსთან სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. აღნიშნულ საბჭოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის კონსულტაციები უნდა გაეწია სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამომავლო საქმიანობის, დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და დაფინანსების მექანიზმების დახვეწის საკითხებში.
არაბულის თქმით, აღნიშნული შრომატევადი საქმისა და დოკუმენტის მომზადების შემდეგ, ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში რეკომენდაციები სამინისტროს გადუგზავნეს, თუმცა უწყებამ პირობა არ შეუსრულა.
შენიშვნებს მინისტრმა თამარ სანიკიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ სიჩქარე დამღუპველია და აუცილებელია თანმიმდევრული ნაბიჯები.
„ნუ შევიყვანთ ნურავის შეცდომაში. გასაგებია, რომ ყველაფერი ძალიან გვეჩქარება. არ ვამბობ, რომ მეცნიერებს აქვთ ანაზღაურება, რასაც ისინი იმსახურებენ, მაგრამ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. სურათი, რომელიც დაიხატა, ნიშნავს, რომ დაინგრა და დაიქცა ყველაფერი და არაფერი არსებობს, არადა, ძალიან თანმიმდევრულად მივყვებით ყველაფერს და რაღაც ეტაპამდე მივედით. მგონი, მივდივართ სწორი მიმართულებით.
20 ან 21 ოქტომბერს სამინისტრო მეცნიერების განვითარების იმ სტრატეგიის პრეზენტაციას გეგმავს, რომელიც სხვადასხვა ექსპერტის, სპეციალისტისა და საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მეცნიერების მუშაობით დაიწერა“, - ამბობს სანიკიძე.
მინისტრის თქმით, დღეს მეცნიერების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია და იმისთვის, რომ ყველა გეგმა შესრულდეს, ბევრად მეტია საჭირო.