ავარეთ-კახეთის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა და რუსული ნაღმი

ავარეთ-კახეთის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა და რუსული ნაღმი

ოქტომბრიდან რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი, ავარეთ-კახეთის ავტომაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები იწყება. ავარეთ-კახეთის ავტომაგისტრალის სიგრძე მთლიანად 83 კილომეტრი იქნება, გზამ 3 მთა უნდა გაიაროს, რისთვისაც 25 ხიდის და 5 გვირაბის აშენება იგეგმება. დაღესტნის ავტოგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრეი ბონდარევი განმარტავს, რომ ეს იქნება უმოკლესი გზა საქართველოსთან დასაკავშირებლად.

ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე. ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეფასებით, ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს და კითხვებს ბადებს. თუმცა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ჯალაღანია ამბობს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გათვალისწინებით, უსაფრთხოების საკითხი გარკვეულ კითხვებს ბადებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჩვეულებრივ მდგომარეობაში ამ გზას მხოლოდ ეკონომიკურ-სატრანსპორტო კომუნიკაციის ფუნქცია ექნებოდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 ოკუპირებული აქვს, ეს გზა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.

„ეს არის რუსეთის შიდა საქმე. სავარაუდოდ, რუსეთის განვითარების შიდა გეგმაში არის გათვალისწინებული აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობა, თუმცა ნამდვილად ყურადსაღებია იმდენად, რამდენადაც ჩვენი საზღვრის უშუალო სიახლოვეს ხორციელდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, კითხვებს ბადებს“, - აცხადებს დავით ჯალაღანია.

ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით განსხვავებულია ეკონომიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის პოზიცია. მისი თქმით, რაც მეტი გზა იქნება, მით უკეთესი იქნება ვაჭრობისათვის.

„მოგეხსენებათ, ჩვენ განვაახლეთ რუსეთთან ვაჭრობა. ლარსზე სტიქიით გამოწვეული პრობლემის გათვალისწინებით, ურიგო არ იქნება რუსეთ-საქართველოს შორის საქონელმა ალტერნატიული გზით იმოძრაოს. თუ უსაფრთხოების კუთხით რამე პრობლემა არ არის, რაც მეტი გზა იქნება, მით უკეთესი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ რუსეთის საქმეა თავის ტერიტორიაზე გზას ააშენებს, დაანგრევს თუ შეაკეთებს, საქართველოსთან შემაერთებელი გზის მშენებლობაზე კი საუბარი არ ყოფილა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ თემაზე რუსეთის მხარესთან ჩვენ საუბარი საერთოდ არ გვქონია, არანაირ ფორმატში არ განხილულა ეს თემა არც რუსეთთან და არც საქართველოს მთავრობაში. რატომღაც ჩვენი ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ახლა ამ საკითხის მუსირება მოახდინოს. თუკი რუსეთი თავის ტერიტორიაზე გზას აშენებს ან ანგრევს ან შეაკეთებს, ეს მათი საქმეა და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით – ვერც შევაჩერებთ, ვერც ნებას მივცემთ, მაგრამ შემაერთებელი გზის მშენებლობაზე საუბარი არ ყოფილა. ანუ ამ ეტაპზე თემა არ არსებობს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

პრემიერის წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, როგორი იქნება ქართული მხარის პოზიცია მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ რუსეთის მიერ შესაბამისი მომართვის შემთხვევაში, მთავრობა იმსჯელებს და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას მიიღებს. მისი თქმით, თუ რაიმე წინადადება იქნება რუსეთის მხრიდან, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე იქნება შესაბამის გადაწყვეტილება მიღებული.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა თვლის, რომ ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის საკითხს, როგორ რუსეთის რბილი ძალის მატარებელს განიხილავს და არა როგორც სამხედრო ძალის მატარებელ ელემენტს.

„რუსეთი ერთი დიდი საფრთხეა საქართველოსთვის, ეს გასაგებია და ყველა ნაბიჯს, რომელიც ჩრდილოეთიდან მომდინარეობს, ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ ამ ეტაპზე და არსებულ ვითარებაში ასეთ გზას მე უფრო განვიხილავდი როგორც რუსული რბილი ძალის მატარებელ ელემენტს და არა როგორც სამხედრო ძალის მატარებელ ელემენტს, რადგან რუსული სამხედრო ბაზები არის აფხაზეთსა და ცხინვალში, ტანკებიც არის, რაკეტებიც არის, ერთი ბაზა სამხრეთით აქვთ და ეს სავსებით საკმარისია აგრესიული, მილიტარისტული განზრახვებისთვის. სიფრთხილეა საჭირო, ბოლოს და ბოლოს, გზა ვერ შედგება, თუ ჩვენი მხრიდან შესაბამისი მონაკვეთი არ აშენდება“, - განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ.

ავარეთ-კახეთის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დადებითი მოვლენაა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკისთვის, რომლის განცხადებით, მთავარია, ამ გზაზე ტანკებმა არ გაიარონ.

„ნებისმიერი გზა, ნებისმიერი მიმოსვლა, ურთიერთობა საფრთხის შემცვლელი არ არის თავისთავად, თუ ამ გზაზე ტანკი არ გაივლის. მოლაპარაკებები, ურთიერთობები სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ რაც შეიძლება ეფექტურად ავარიდოთ საქართველოს საფრთხეები, რომლებიც გარედან შეიძლება მოდიოდეს“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი განმარტავს, რომ იმ ქვეყანამ, რომელმაც საქართველოს ორი რეგიონი დაიპყრო და განათავსა სამხედრო შენაერთები, მისი ნებისმიერი მოძრაობა საქართველოს მიმართულებით, საფრთხის შემცველია.

„კახეთის მხრიდან დაღესტანის მიმართულება საკმაოდ რთული რეგიონია. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში თავს დაცულად ვგრძნობდით, რადგან არ იყოს ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია ამ რეგიონთან. დაღესტანი არის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი, სეპარატიზმი იქნება ეს თუ ვაჰაბიზმი, რუსეთის გეგმა დააკავშიროს დაღესტანი საქართველოს საზღვარს, რა თქმა უნდა, ემსახურება მათ სამხედრო პოლიტიკურ მიზნებს“, - აცხადებს მაჭავარიანი.

თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია ამ პროექტში ჩადებული იყოს ეკონომიკური სავაჭრო მიმართულება, მაგრამ აქვე განმარტავს, რომ გამომდინარე რუსეთის მთავრობის მილიტარისტული მიდგომების გამო საქართველოს მიმართ, ეს გზა ძალიან დიდი საფრთხის შემცველია.

„ამ გზას ექნება არა მარტო სავაჭრო ეკონომიკური, არამედ ზუსტად სამხედრო გეოპოლიტიკური თუ სხვა მიზნები, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ძალიან რთულ და ცხელ რეგიონთან, როგორიც არის დაღესტანი და ჩეჩნეთი, რომელიც ჯერ კიდევ მოუგვარებელია რუსეთისთვის. გზა, რომელიც უშუალოდ მოადგება ქართულ საზღვარს, საფრთხის შემცვლელია ჩვენი რეგიონისთვის“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.