ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ იეღოვას მოწმეებს მიყენებული სისასტიკისთვის ანაზღაურება უნდა გადაუხადოს.
ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Tirol Tageszeitung-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ძალადობა 2000 და 2001 წლებში ხორციელდებოდა, როდესაც საქართველოს პოლიციამ იეღოვას მოწმეების რელიგიური შეკრება ძალის მეშვეობით დაშალა და არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ სხვა პირების თავდასხმა ამ ადამიანებზე აეცილებინა.
ამის საპირისპიროდ, მართლმადიდებელი მრევლი მიიჩნევს, რომ სწორედ ზემოთაღნიშნულ წლებში განიცდიდნენ ისინი აგრესიულ პროპაგანდას იეღოველებისგან და სწორედ მართლმადიდებლების უფლებები იყო დაუცველი - მათ იეღოველები ბინებში უვარდებობდნენ, ან ქუჩაში წყვილ-წყვილად მოსეირნე იეღოველები აჩერებდნენ სიტყვებით „გნებავთ, გესაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე?!“ იხსენებენ შემთხვევებს, რომ იეღოველები ადამიანების სოციალური მდგომარეობით სარგებლობდნენ და, განსაკუთრებით, მოხუცების გადაბირებას სოციალური დახმარებებით ახერხებდნენ.
დღეს იეღოველები თითქმის ყველა მეტროსთან ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში დგანან თავიანთი სექტის ამსახველი ბროშურებით, მაგრამ მათ არავინ ერჩის.
მართმადიდებელი მრევლი იმასაც იხსენებს, სექტანტების შემოტევის პარალელურად, როგორ მოხდა გლდანის ეკლესიის დარბევა. მას შემდეგ, რაც 2000 და 2001 წლებში ამერიკელმა კონგრესმენებმა შევარდნაძეს რელიგიური ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდეს (მათ შორის, იყო ჰილარტი კლინტონიც), შევარდნაძის ნაცვლად „გულმოდგინება“ ხელისუფლებაში ახლად მოსულმა ნაციონალებმა გამოავლინეს და იეღოველთა დაცვის საბაბით უკვე 2004 წლის მარტში გლდანის ეკლესიაში გადამეტებული ძალა გამოიყენეს, მათ მამა ბასილ მკალავიშვილთან ერთად კიდევ ექვსი მორწმუნე ძალადობრივი მეთოდით დააკავეს. ალყა შემოარტყეს ეკლესიას ფარებითა და ჩაფხუტებით აღჭურვილი ჟანდარმერიის ჯარებით და შეიარაღებული შავნიღბიანი სპეცდანიშნულების ბატალიონებით. გამოიყენეს იარაღის ფართო არსენალი, ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ხელკეტები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, მძიმე ტექნიკა - სამხედრო მანქანები. ამდენად, მრევლისთვის საინტერესოა, ვინ დაიცავს ნაციონალებისგან დარბეული მორწმუნეების უფლებებს?!
სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი, მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში არავინ არავის არ დევნის. თუ ვინმეს შეურაცხყოფას აყენებენ, ეს კანონმდებლობით ისჯება. იეღოველი იქნება, ლგბტ წარმომადგენელი თუ სხვა, ყველა ადამიანი დაცულია კანონის წინაშე და ცრუ ინფორმაციაა, თითქოს საქართველოში ვინმეს დევნიან.
„არ ვიცი, სხვა სექტების წარმომადგენლები საზღვარგარეთაც ასევე იქცევიან თუ არა, მაგრამ მაინც დაუშვებელია ზედმეტი აქტიურობა გინდაც იეღოველების, გინდაც სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა მხრიდან. შესაბამისად, შეიძლება ცალკეულ ადამიანში ეს იწვევდეს საპასუხო ქმედების სურვილს. ქართველები ცოტა სხვანაირი ხალხი ვართ და თავს რომ გვახვევენ რაიმე პროპაგანდას, ეს არაადეკვატურად მოქმედებს ჩვენზე. რეზინას რომ დაჭიმავენ, ზუსტად ასეა, უფრო მეტი აგრესია მოდის მოსახლეობის მხრიდან. აგიტაცია-პროპაგანდა არავის მოსწონს. ქადაგებას თავისი ფორმა გააჩნია. სახლებში მისვლას, აგრესიას და პროპაგანდას ქართველი ხალხი ვერ ეგუება, თორემ თუ წყნარად არიან, არავინ არავის ერჩის. გინდაც, ლგბტ-ს წარმომადგენლებს ვინმე სახლში უვარდება? რომ მოდიან და შუა რუსთაველზე უნდათ ჩავლა, ამის საწინააღმდეგოდ აქვს ხალხს რეაქცია“, - აცხადებს მამა ანთიმოზი.
თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავის დროზე იეღოველებს ვიღაც მართლაც დევნიდა და სახელმწიფომ არ მიიღო საკმარისი ზომები, რათა დაეცვა საკუთარი მოქალაქეები. მისი თქმით, ჩვენთან სახელმწიფო 2004 წლამდე არ იცავდა იეღოვას მოწმეებს, ან უარეს შემთხვევაში, თვითონ აქეზებდა თავდამსხმელებს. ამიტომაც ახალ ხელისუფლებას უწევს კომპენსაციის გადახდა.
„მას შემდეგ ჩვენ ორი მთავრობა გამოვიცვალეთ, მაგრამ ახლანდელი ხელისუფლება აგებს პასუხს, რაც მოხდა. მე გერმანიაში ვცხოვრობდი და სახლშიც მოდიოდნენ იეღოველები და ქუჩაშიც იდგნენ. მოგვწონს თუ არა, მათ ვერ ავუკრძალავთ ქადაგებას, თუკი ისინი არ არღვევენ კანონს. თუ ისინი საკუთარი ორგანიზაციის შიგნით ადამიანებზე ძალადობენ, იჩენენ ფსიქოლოგიურ წნეხს, ეს უკვე სხვა საკითხია. 2000 წლის წინაც დაიწყეს ქრისტიანობის ქადაგება. არავინ უშლის ხელს მართლმადიდებელ ეკლესიას, იეღოველთა საწინააღმდეგოდ იქადაგოს, გამოსცეს წიგნები. თუ იეღოველები შედიან სოფლებში, მაშინ მართლმადიდებლებმა ორი მქადაგებელი გაგზავნონ და იქადაგონ მართლმადიდებლობა. არგუმენტი, რომ იეღოველები ფინანსებით ცდილობენ ვინმეს დაინტერესებას, არადამაჯერებელია. ვინ უშლის მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელს, დაეხმაროს უმწეოებს? ამიტომ გამოსავალი აქაც არის. მართლმადიდებელ ეკლესიას დიდი ბერკეტი აქვს, მრევლიც დიდი ჰყავს, ტრადიციულიცაა და მხარდაჭერაც აქვს სახელმწიფოსგან“, - აცხადებს ლევან აბაშიძე.
For.ge-სთან საუბარში საუბარში უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ, მისი აზრით, საქართველოში იეღოვას წარმომადგენებს არ დევნიან, მით უმეტეს, მასობრივად არ დევნიან, თუმცა კონკრეტულად, რა მოხდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და იქ რა საკითხები განიხილეს, მისთვის უცნობია.
„რაც შეეხება საკომპენსაციო თანხას - 30 450 ევროს, მისი შეფასებაც გამიჭირდება, რამდენად დიდი ან მცირეა ეს თანხა, ესეც ისევ და ისევ იმ კონკრეტული საქმიდან გამომდინარეობს, რაც ჩათვალეს დევნის საფუძვლად და მტკიცებულებებად“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.