კამუფლაჟით შეფუთული პრემიები

კამუფლაჟით შეფუთული პრემიები

„ვიცე-მერებისთვის დანამატების დანიშვნა დავით ნარმანიას გადაწყვეტილება არ იყო და ვიღაცამ უთხრა, ეს გაეკეთებინა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი. მართალია, გია ხუხაშვილი არ აკონკრეტებს, ვისი რჩევა გაითვალისწინა დავით ნარმანიამ, მაგრამ ამბობს, რომ კონკრეტული ადამიანის შესახებ მანაც არაფერი იცის. უბრალოდ, ეჭვები გაუჩნდა დავით ნარმანიას წესიერებიდან გამომდინარე. ქალაქის მერი საღად მოაზროვნე ადამიანია და, გია ხუხაშვილის აზრით, იგი ზუსტად დაინახავდა, რომ ახლა ამის გაკეთება არანაირად არ შეიძლებოდა.

გარდა ამისა, მეორე ნიშანი, რომ ეს გადაწყვეტილება დავით ნარმანიასგან არ მოდიოდა, გია ხუხაშვილმა შემდეგნაირად განსაზღვრა - ნარმანიამ თავად არ აიღო ეს დანამატი, რაც ჩუმი პროტესტის გრძნობას ჰგავდა. რაც მთავარია, ამ უცნაური კომბინაციის შედეგად, უცნაური ცნება - „დანამატი“ შემოვიდა, რამაც ხელფასისა და პრემიების თემა გადაფარა.

„დანამატი საერთოდ აბსურდული რამაა, უნდა არსებობდეს ხელფასი და უნდა არსებობდეს პრემია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მატერიალურ სტიმულზე, პირველ რიგში, ეს არის ხელფასი, სარგო, რაც ადამიანს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს და, საჯარო სამსახურის კანონით, მკაცრად უნდა იყოს გაწერილი. არის კიდევ პრემია, მაგრამ პრემია არ არის რეგულარული სტიმულის თემა. დამახინჯებული იყო პრემიების გაგება საქართველოში. ფაქტობრივად, პრემიები ხელფასის ნაწილი გახადეს. რეალურად, პრემია გაიცემა განსაკუთრებული დამსახურებისთვის, როცა მოვალეობის გარდა, უფრო მეტს გააკეთებს ადამიანი. ეს ატარებს ერთჯერად და არა რეგულარულ ხასიათს. ეს ორი ტიპის სტიმული სავსებით საკმარისია არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო სექტორშიც. ამდენად, დანამატის თემა მოგონილია. იმის გამო, რომ პრემიების თემა არაპოპულარული გახდა, ნაცვლად იმისა, საერთოდ გამოერიცხათ ეს გარკვეული პერიოდით მაინც, სანამ ოდნავ მაინც არ გაუმჯობესდებოდა ეკონომიკური მდგომარეობა, რაც საშუალებას მისცემდა ხელფასების და პენსიების ზრდას, ვიღაცამ კანონში მოძებნა კიდევ რაღაც სხვა დასახელება და ამ დასახელების ქვეშ შენიღბა ის, რაც მანამდე ხდებოდა. სახელი შეეცვალა, პრინციპი არ შეცვლილა. მთელი „ქართული ოცნება“ იძახდა, რომ პრემიების აღება ცუდია. ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც მოუწია იმის თქმა, რომ მისთვის ერთ-ერთი დარტყმა იყო პრემიების თემა. ახლა ეს ვითომ შეინიღბა და სხვა განსაზღვრება გამოიყენეს. მიამიტი არგუმენტია, რომ თურმე, ეს ადამიანები დღე და ღამე მუშაობენ, ეს შეურაცხყოფას აყენებს მთელ დანარჩენ საჯარო სექტორს. რა გამოდის? გამგებლები მუშაობენ და მინისტრები არ მუშაობენ? მარტო ეს 26 კაცი მუშაობს 26 კომისარივით? ღმერთმა დაიფაროს, სხვა ანალოგი არ მიგულისხმია, მათი ბედი ნამდვილად არ მინდა, გაიზიარონ, მართლა ძნელია ხელფასზე ცხოვრება. არავის არ ჰყოფნის, ნუ წარმოიდგენენ, რომ მარტო მათ არ ჰყოფნით ხელფასი. პენსიონრებს არ ჰყოფნით 150 ლარი პენსია, ძალიან ბევრი ადამიანია მზად, 24 საათი იმუშაოს, მაგრამ არ არის სამუშაო“,- აცხადებს გია ხუხაშვილი.

ამასთან, განმარტანს, რომ დანამატის არაჯანსაღი თემა ართულებს სისტემას და მანიპულაციის საშუალებას ტოვებს. მისი თქმით, მთლიანობაში, სამი ტიპის ხარჯი უნდა არსებობდეს ნებისმიერ სტრუქტურაში, პირველია ხელფასი, შემდეგ- პრემია და სამივლინებო თუ მიმოქცევის ხარჯები (ბენზინი, სასტუმროს ხარჯები).

ექსერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე For.ge-სთან საუბარში იზიარებს მოსაზრებას, რომ დანამატის ცნება მას შემდეგ შემოიტანეს, რაც მაღალი პრემიების გაცემამ საზოგადოების ნეგატიური განწყობა გამოიწვია. სწორედ ამის შემდეგ შეეცადნენ, კამუფლაჟი გაეკეთებინათ. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს დანამატიც პრემიალური ფორმისაა და მნიშვნელობა არ აქვს, რა სახელწოდებას მოუგონებენ.

„ეს არის შეფუთვა პრემიის. ერთი დიდი ფუტურისტი წერდა მე-19 საუკუნეში, ჩვენ შეგვიძლია კბილის ჯაგრისი ძუძუმწოვართა კლასს მივაკუთვნოთ, მაგრამ ამით მას სარძევე ჯირკვლები არ გამოუვაო. დაახლოებით ესეც იგივეა. რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, შინაარსობრივად ეს არის პრემიალური დანამატი. 24-საათიანი მუშაობის არგუმენტი იმ პირობებში, როცა უმუშევართა უზარმაზარი არმია და ლეგიონი დგას შრომის ბირჟის კარზე და მზად არიან, მუშაობა დაიწყონ, ნიშნავს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა შრომის ბაზრის მიმართ შორს არის ოპტიმალურისგან. ასეთ პირობებში მმართველობის აპარატს (მარტო მერია არ მყავს მხედველობაში) საყვედურიც ეკუთვნის, რატომ ხდება, რომ მისი ერთი მცირე ნაწილი, 24-საათიან რეჟიმშია დასაქმებული და დანარჩენებს აქვთ სურვილი, შესაძლებლობა, პოტენციაც და თავიანთი უნარის რეალიზაციის საშუალებას ვერ ნახულობენ“,- აცხადებს იოსებ არჩვაძე.

ამასთან, ექსპერტი განმარტავს, რომ უცხოეთში სახელმწიფო სამსახურში მუშაობა სოციალურად პრესტიჟულად ითვლება, თუმცა სახელმწიფო სამსახური შედარებით ნაკლებ პრესტიჟულია ეკონომიკურად. იქ ვისაც მეტი შემოსავლის მიღება და პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფა სურს, მიდის კერძო სექტორში. საქართველოში კი პირიქითაა, საჯარო სექტორი გახდა ორმხრივად პრივილეგირებული - მაღალი ანაზღაურებით და მაღალი სოციალური დაცულობით, რაც არ არის მთლად ნორმალური პროცესი.