სოციალურ ქსელებში დღემდე არ წყდება მსჯელობა, უნდა ემღერათ თუ არა ქართული ესტრადის მომღერლებს მოსკოვში, პარკ „ერმიტაჟში“ თბილისობის დღესასწაულზე?!
„ნაცბომონდის ტაშფანდური მოსკოვში“,- ასეთი შეფასებები კეთდება ინტერნეტსივრცეში. თავის მხრივ, ლელა წურწუმიას, აჩი ფურცელაძის, სოსო პავლიაშვილის, თამარ გვერდწითელის, ნინი ბადურაშვილისა და ნინო ჩხეიძის არგუმენტები მარტივია- ისინი მოსკოვში მყოფ ქართველებს უმღეროდნენ და ეს არ იყო დანაშაული.
მომხდარი, ალბათ, ისეთ მწვავე რეაქციას არ გამოიწვევდა, მათ ნაცვლად სხვა მომღერლები რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ მომღერალთა ამ კოჰორტიდან ბევრი ყოფილი ხელისუფლების კართან დაახლოებულად აღიქმება ჩვენი საზოგადოების თვალში. მათ დღემდე ვერ პატიობენ, რომ ამ მომღერლებს პროტესტის გრძნობა არ გამოუთქვამთ იმ სისასტიკის გამო, რაც ნაცმოძრაობის დროს ხდებოდა... ისინი არ აპროტესტებდნენ საკუთარი კოლეგების „ჩარეცხვას“ ნაციონალთა მხრიდან... გარდა ამისა, სასათბურე პირობებში მყოფი ეს მომღერლები თანაბრად მონაწილეობდნენ როგორც ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფინანსებულ კონცერტებში - „არტიმედში“ და სხვაგან, ასევე, ნაცმოძრაობის მაამებლურ ღონისძიებებში.
ამდენად, საზოგადოების ნაწილის აზრით, ადამიანებს, რომლებსაც თავის დროზე პრინციპულობა არ გამოუჩენიათ, არც აგვისტოს ომგამოვლილ საქართველოსა და არც უკრაინის მოვლენების ფონზე არ უნდა მოვთხოვოთ ზნეობრივი ნორმების დაცვა.
სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვური „თბილისობა“ რუსეთში „ქართველთა კავშირის“ თავმჯდომარის - მიხეილ ხუბუტიას ორგანიზებული იყო, რომელიც პუტინის მეგობრად აღიქმება. ხუბუტია არც მალავს, რომ პუტინი დღეს მსოფლიოში №1-ლი ლიდერია და მისი ლანძღვა-გინება არასწორია, რადგან „კარგი ენით და კარგი მოქცევით“ აჯობებს დაუმტკიცონ რუსეთს, რომ ქართველები მშვიდობისმოყვარე ხალხია.
ხუბუტია ირწმუნება, რომ მოსკოვში ჩატარებულ „თბილისობაზე“ მიწვეული ქართველი მომღერლებიდან ჰონორარი არცერთს არ აუღია. უბრალოდ, რამდენიმე მომღერალს დასჭირდა სასტუმროს ქირაობა, რაც ორგანიზატორებმა უზრუნველყვეს, რამდენიმე მათგანი კი ღამის გასათევად ნათესავთან წავიდა, მაგალითად, ლელა წურწუმია ნათესავთან დარჩა.
სხვათა შორის, უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ მოსკოვში გამართულ კონცერტზე სოლიდური ჰონორარები დარიგდა. For.ge-ს ინფორმაციით, თავის დროზე ანსამბლ „ალილოს“ წარმომადგენლებისთვის 25 ათასი დოლარი შეუთავაზებიათ ხუბუტიას სახელით, თუმცა მათ კონცერტში მონაწილეობაზე მას შემდეგ თქვეს უარი, რაც შეიტყვეს, ვისი სახელიც ფიგურირებდა ამ ღონისძიების უკან.
წინა ხელისუფლებისგან ცხრა წლის განმავლობაში გვესმოდა, რომ რუსეთი ოკუპანტი იყო. ამდენად, საინტერესოა, როგორ აფასებენ ზუსტად ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერი მომღერლების მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს მათივე კოლეგები?
მომღერალი თამარ ჭოხონელიძე არ მალავს, რომ რუსულ ხელოვნებას და რუს ინტელიგენციას დიდ პატივს სცემს და, როცა ხელოვნებაზეა საუბარი, ეს უკვე აღარ არის პუტინის რუსეთი. თუმცა მომღერალი აზუსტებს, რომ დიდი რუსული პოეზიისა და ხელოვნების მიღმა სულაც არ გულისხმიობს ე.წ. დუხობორებს, რომლებიც თვალდახუჭულად და უკანმოუხედავად დაგვხოცავენ და დაგვღუპავენ. „ასეც გაგვიკეთეს, მაგრამ ამაში „ღირსეული“ ქართველებიც ხომ იყვნენ ჩარეულნი?“ - კითხულობს მომღერალი.
რაც შეეხება მოსკოვურ „თბილისობას“, თამარ ჭოხონელიძის თქმით, ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, როცა იგი ნაკლებად გაღიზიანდა, რადგან ამჯერად ეს კონცერტი უშუალოდ მოსკოვში მცხოვრები ქართველების გასახარად ჩატარდა.
„დაე, ნახონ რუსებმა, რომ არ გავტყდით, რომ ასე იოლად ჩვენი გატეხვა არ შეიძლება. ამ მხრივაც შეიძლება მივუდგეთ ამ საკითხს და, რადგან ჩემმა კოლეგებმა მოსკოვში მცხოვრები ქართველები გაახარეს, მათ ვერანაირად ვერ დაგვგმობ. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კონცერტი ჩაატარო რუსებისთვის!!! თუმცა ამის არაერთი პრეცედენტი ვიცი, წლების მანძილზე მიდიან მოსკოვში, კიკუს მდგომარეობაში იყენებენ თავს. არაერთი მსახიობი და მომღერალი ვიცი, რომლებიც ფულის გამო ყიდიან სინდის-ნამუსს“, - აღნიშნა თამარ ჭოხონელიძემ For.ge-სთან საუბრისას.
ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, რომელმაც კრემლის დარბაზში გამართული კონცერტის შემდეგ საკუთარ თავზე იწვნია საზოგადოების ნაწილის (განსაკუთრებით, ნაციონალების) რისხვა, დღეს საკუთარ კოლეგებს „დანაშაულს“ პატიობს.
„თავის დროზე მათი მომხრეები გვიპირებდნენ ჩაქოლვას. ეს მომღერლები თვითონაც იყვნენ თუ არა იმ ჯგუფში, არ მახსოვს. თუკი ესენიც იმ ჯგუფში იყვნენ და თანაუგრძნობდნენ მათ, ვინც ჩვენი მისამართით ყვიროდა, „ერისიონს“ რა უნდა რუსეთშიო, მაშინ უფალს ვთხოვ, აპატიოს ეს სისულელე. მე თუ არ ვაპატიებ, უფალმა მაინც აპატიოს. ორმაგი სტანდარტები დამღუპველია ყველასთვის. ორმაგი კი არა, ათმაგი სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ და, ჩემგან დაწყებული, დაბნეული ქართველების შეკრება იყო გადაცემა „რეაქციაში“. ერთი რამ ვიცი, რასაც ვაკეთებ, ამას ჩემი სამშობლოსთვის ვაკეთებ და ამაში არ ვურევ პოლიტიკას. არც მაინტერესებს იმ ადამიანების აზრი, რომლებსაც უკვე გაყიდული აქვთ თავიანთი ქვეყანა. არ მკითხოთ, ვინ არიან ესენი. ასეთების მეტი ვინ გვყავს. საუბედუროდ, მე მინახავს ამ მუშტების ქნევით დავაჟკაცებული და მერე მიწაში ცხვირჩარგული ქართველი. მომღერლებმა უნდა იმღერონ, მოცეკვავეებმა უნდა იცეკვონ და, თუ საჭიროა, იქაც მივიდნენ, სადაც ოკუპანტი სახლობს, იქნებ, გააგებინონ რაღაც“, - აცხადებს ჯემალ ჭკუასელი For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, უბრალო ხალხს არასდროს არ უნდა ომი, დავიდარაბა, არავის არ სურს, იყოს დაპყრობილი ან დამპყრობი და ამას უნდა გაეწიოს ანგარიში. ჯემალ ჭკუასელის აზრით, კარგად მოიქცნენ ქართველი მომღერლები, რომ ჩავიდნენ რუსეთში, რადგან მომღერლების საქმეა, წავიდნენ იქ, სადაც გული გაუწევთ, ისინი უნდა შეხვდნენ მაყურებელს და არა - პუტინს, ბუშს ან ობამას.
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი For.ge-სთან საუბარში საუბარში განმარტავს, რომ მოსკოვში ჩასული ქართველი ვარსკვლავები ეცოდება იმიტომ, რომ მათ სრულიად საქართველო ლანძღავს.
„მომღერალი თავისუფალია და, სადაც უნდა, იქ იმღეროს, ოღონდ გააჩნია, ვინ გიწვევს გასტროლებზე. როდესაც ცხრა წლის განმავლობაში ნანი ბრეგვაძეს, პაატა ბურჭულაძეს, „ერისიონს“, ნინო ქათამაძეს ეს ადამიანები ეძახდნენ მოღალატეებს და ხმას არ იღებდნენ, არ იცავდნენ და არ ეუბნებოდნენ ნაცმოძრაობას, ნუ ლანძღავთ ჩვენს მეგობრებსო, დღეს ჩადიან მოსკოვში და ანალოგიურს აკეთებენ, ეს არის უბედურება. თორემ დიალოგის წინააღმდეგი არავინ არის. მეც ჩამომყავს რუსი მომღერლები და მსახიობები, მაგრამ მე საქართველოში ჩამომყავს ის ადამიანები, რომლებსაც უყვართ ჩემი სამშობლო. არასოდეს ჩამოვიყვან კობზონს, გაზმანოვს, რომლებიც ჩემს ერს შეურაცხყოფას აყენებენ. მე ყოველთვის ბიოგრაფიას ვსწავლობ, არავინ ჩამომიყვანია, ვინც პუტინის მაისურით დადის. კულტურა პოლიტიკაშია ათქვეფილი. სიდედრი რუსი მყავს, რა ვქნა, მოვკლა? ყველაზე ძალიან მიყვარს ამქვეყნად. მომხრე ვარ დიალოგის, სამი წელია, ეს კონცერტები ტარდება და ასეთი აჟიოტაჟი არ ყოფილა. იცით, ეს რამ გამოიწვია? ხალხი გაგიჟდა, ის ადამიანები, რომლებიც პარტიას უმღეროდნენ, არ იცავდნენ თავიანთ კოლეგებს. სენსაციურ რამეს გეტყვით, როდესაც იურმალაში უნდა დაეჯილდოვებინათ დუეტი „ჯორჯია“, მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უთხრეს, როგორც კი თქვენ იქ წახვალთ, ჩათვალეთ, ვერასოდეს ვერ დაბრუნდებითო. არ გაუშვეს დუეტი „ჯორჯია“. ახლა გვარწმუნებენ, თითქოს ამ მომღერლებს ჰონორარი არ აუღიათ, აბა, რა მიზნით ჩაფრინდნენ მოსკოვში? ცხრა წლის მერე გაახსენდათ, რომ იქ 700 ათასი ქართველი ცხოვრობს? სინამდვილეში, ამ კონცერტს აფინანსებდა მოსკოვის მერიის ადმინისტრაცია. აქ ეშმაკობა იყო ჩადებული, მათ უნდათ გვითხრან, თქვენ კი გვლანძღავთ, მაგრამ თქვენი მომღერლები აქ ჩამოდიან და გვიმღერიან“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.
მოსკოვში თბილისობის სადღესასწაულო კონცერტს პოლიტიკურ ღონისძიებად აფასებს პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი და მიიჩნევს, რომ იქ ქართველები არ უნდა ჩასულიყვნენ. მისი თქმით, ხუბუტია არც მალავს, ვისი ძმაკაციცაა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ, ამავდროულად, ხუბუტია სააკაშვილის ძმაკაციცაა.
„ასე ვფიქრობ, თვითონ პუტინი და სააკაშვილიც ძმაკაცები ხომ არ არიან? ხომ გახსოვთ, „ერისიონთან“ დაკავშირებით რა ამბავი ატყდა? აქ თუ პოლიტიკაა ჩარეული, რა თქმა უნდა, ჩვენ მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ“.