პანიკის საფუძველი არ არსებობს

პანიკის საფუძველი არ არსებობს

ებოლას ვირუსზე უცხოეთიდან, კერძოდ ნიგერიიდან ჩამოსულ 13 პირს აკვირდებიან. 21 დღიანი საინკუბაციო პერიოდის გასვლის შემდეგ, მათზე მეთვალყურეობა მოიხსნება, ისევე როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში, როდესაც რამდენიმე პირზე დაკვირვება მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, ებოლას ჰემორაგიული ცხელება აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში - გვინეა, სიერა ლეონე და ლიბერიაში მძვინვარებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ამ ქვეყნებიდან საქართველოში შემოსულია 86 ადამიანი, ისინი ჯანმრთელები არიან, თუმცა, ეპიდემიოლოგების მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსი, ამირან გამყრელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, თეორიული რისკი საქართველოშიც არსებობს, რომ ეს დაავადება გავრცელდეს, მაგრამ ეს რისკი შეუდარებელია იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებსაც პირდაპირი ავიამიმოსვლა გააჩნიათ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებთან.

„პრაქტიკული შანსი იმისა, რომ ეს ვირუსი საქართველოში დაფიქსირდეს, მცირეა. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ მოსაზღვრე ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს მიმოსვლმა. ებოლას ვირუსი არ გადადის აერწვეთოვანი გზით, ის გადადის ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით, ბიოლოგიური სითხეებით, სისხლით, სხვადასხვა გამონადენებით. შანსი ძალიან მცირეა, თუმცა, თეორიული შანსი არსებობს, რომ შეიძლება ვინმე მსგავსი სიმპტომებით შემოვიდეს, ამიტომ, სიფრთხილეს თავის არ სტკივა და ჩვენ ზომებს ვიღებთ. საზღვრის გადმოკვეთისას ადამიანებს საინფორმაციო ბუკლეტი ეძლევათ, სადაც მითითებულია, თუ ვის მიმართონ დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

თუ ადამიანი იმყოფებოდა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში და წამოსვლიდან 21 დღის განმავლობაში აქვს მაღალი ტემპერატურა, სისხლჩაქცევები, სისხლდენები, ძლიერი ტკივილები თავის და ყელის არეში, ეს არის ის სიმპტომები, რითაც იწყება ებოლას ვირუსი. ებოლას ვირუსთან დაკავშირებით არსებობს მთავრობის განკარგულება და ინფექციის შემოტანის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებები მზადყოფნაში არიან.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ჯანდაცვის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას, გაწერილი აქვს რეკომენდაციები, როგორ უნდა მოიქცეს ესა თუ ის ქვეყანა ასეთ შემთხვევაში. რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, არის ორი მთავარი მიმართულება, ერთი – ამ ეტაპზე ცალსახად არანაირი საჭიროება არ არის საზღვრები დაიკეტოს, ან სხვა ღონისძიებები განხორციელდეს საზღვრის გადმოკვეთისას.

„რაც შეეხება მეორე ნაწილს - სახელმწიფომ უნდა იზრუნოს როგორც შესაბამისი რაოდენობისა და მოწყობილი საავადმყოფოების არსებობის, ასევე მედიკამენტების მხრივ, რომ თეორიული შესაძლებობის შემთხვევაში, ეფექტურად მოხდეს მართვა. განსხვავებული ვითარება იყო ფრინველისა და ღორის გრიპის ინფექციების პერიოდში. ამ ორი ვირუსის გადადება აირწვეთოვანი გზით ხდებოდა და საჭირო იყო საზღვარზე შემომავალ ტრანსპორტს გაევლო სადეზინფექციო ბარიერი.

ებოლას ვირუსთან დაკავშირებით სპეფიციკა განსხვავებულია, ის აირწვეთოვანი გზით არ გადადის და მხოლოდ დასნეულებულ ადამიანთა, მის ბიოლოგიურ სითხეებთან უშუალო ფიზიკური კონტაქით გადადის, შესაბამისად არც ავტოტრანსპორტის დეზინფექცია და არც ამ ადამიანების მონიტორინგი არ არის საჭირო“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ბოლო მონაცემებით, ჰემორაგიული ცხელების ვირუსით დაავადება დაუმტკიცდა გერმანიის მოქალაქეს. გერმანელ ექიმთა განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კრიტიკული. ებოლას ვირუსის სავარაუდო შემთხვევას იკვლევენ პრაღაშიც, სერბეთში კი დაკვირვება ერთბაშად 700 ადამიანზე მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას ვირუსს ამ დრომდე 3 860 ადამიანი ემსხვერპლა, უმრავლესობა მათგანი ძირითადად დასავლეთ აფრიკაში გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 200-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკია.