„მამაჩემო, არ ინერვიულო, ჩამოვალთ და რუსებს სეირს ვაჩვენებთ“, - ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი“ ერაყში მებრძოლი პანკისელი ქისტის, თარხან ბათირაშვილის, იმავე ომარ ალ-შიშანის („ომარ ჩეჩენის“) ნათქვამს აქვეყნებს.
როგორც თარხან ბათირაშვილის მამა ამბობს, მის შვილს უთქვამს, „ჩემთან ერთად ათასობით მებრძოლი მოდის, უფრო მეტიც იქნება, რუსეთსაც მივწვდებით და შური უნდა ვიძიოთო“.
1986 წელს ქართველი ქრისტიანი მამისა და ჩეჩენი მუსლიმანი დედის ოჯახში დაბადებული თარხან ბათირაშვილი სულ უფრო მეტად იპყრობს მსოფლიოს ყურადღებას.
ვაშინგტონში არსებული დემოკრატიის დაცვის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი დევიდ გარტენშტაინ-როსი ამბობს, რომ ბოლო ხანებში ომარ ალ-შიშანმა „ბრწყინვალე მანევრები“ განახორციელა და ბაღდადის დასავლეთით ანბარის პროვინცია დაიპყრო, ფელუჯასთან ბრძოლის დროს ერაყის არმიის 500-მდე სამხედრო მოსამსახურე გაანადგურა და 180-მდე ტყვედ აიყვანა.
მოსკოვში არსებული სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი და ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ელენა სუპონინა კი ფიქრობს, რომ ალ-შიშანი ისლამურ სახელმწიფოს - ხალიფატს აყალიბებს და, როგორც კი მიზანს მიაღწევს, თავისი ხალხით სახლში დაბრუნდება და ბრძოლას დაიწყებს. ეს კი საშიში იქნება საქართველოსთვისაც, რადგან ექსტრემისტები შარიათის დამყარებას ყველგან შეეცდებიან, სადაც ცენტრალური ხელისუფლება სუსტია.
მას შემდეგ, რაც ისლამისტი თარხან ბათირაშვილი მამას საქართველოში ათასობით მებრძოლთან ერთად ჩამოსვლას დაჰპირდა, გაჩნდა კითხვა, ნუთუ ეს ადამიანები საკუთარი სამშობლოს - საქართველოს ტერიტორიას რუსეთის წინააღმდეგ საყრდენად აქცევენ? ნუთუ ისინი სირიის ტერიტორიას მიატოვებენ და პოსტსაბჭოთა სივრცეში პუტინის ან თუნდაც კადიროვის წინააღმდეგ შურისძიებისთვის გადმოინაცვლებენ?
ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში მექა ხანგოშვილი For.ge-სთან საუბარში კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რომ ამ ადამიანებმა საქართველო ფეთქებად ტერიტორიად გადააქციონ. ხანგოშვილის თქმით, პირადად მას იმის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ცუდიც არ იქნება, თუ თარხან ბათირაშვილი რუსეთისა და კადიროვისთვის მოიცლის, მაგრამ მექა ხანგოშვილისთვის მთავარია, თარხან ბათირაშვილმა საქართველო არ გარიოს ამ არეულობაში.
„საქართველოს ნუ გარევს ამ არეულობაში. მაშინ პანკისში რა უნდა, პირდაპირ რუსეთში წავიდეს, ასე აჯობებს. არა მგონია, ასე უჭკუოდ მოიქცნენ და თავიანთ სამშობლოს რამე დაუშავონ. თუკი ასე ფიქრობენ, ეს ჭკუასთან ახლოს არ იქნება. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ თარხან ბათირაშვილმა რამზან კადიროვის მკვლელობისთვის 5 მლნ დოლარი დააწესა და, ასევე, ამ ჩამონათვალში კადიროვის ახლო გარემოცვის 12 ადამიანი მოხვდა, რომელსაც იგი ლიკვიდაციით ემუქრებოდა. არც რუს ხალხს და მსოფლიოში არცერთ ერს არ ვუსურვებ ომს და უბედურებას, მაგრამ კრემლის პოლიტიკას თუ მიხედავენ, საწინააღმდეგო არაფერი მექნება. ამიტომ ვიმეორებ, თუ დასაწყებია, ჯობს, კადიროვით დაიწყოს. თუმცა თარხან ბათირაშვილის შემონათვალი მამის მიმართ მაინც რაღაც არარეალური მგონია. საქართველოში ასე ჩამოსვლა არ არის ადვილი. აქ სახელმწიფოა და სახელმწიფოს თავისი ძალა და კანონები აქვს. მე ვფიქრობ, ეს მაინც პროვოკაციაა,
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო მუდმივად ამაზე საუბრობდა, რომ მათ არ სურთ აქ ჩამოვიდნენ ისლამისტი მებრძოლები. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკულმა და ევროპულმა ძალებმა შექმნეს ისლამური სახელმწიფო, თვითონ ზესახელმწიფოები ქმნიან ამ საშიშროებას, ესაა სამწუხარო რეალობა, რაშიც ჩვენ, ჩვენდა უნებურად, აღმოვჩნდით“, - აცხადებს მექა ხანგოშვილი, რომლის აზრითაც, ისლამის პრინციპებთან ამ გაერთიანებას საერთო არ აქვს, რადგან ისლამი მუდმივად ქადაგებს ჰუმანიზმს. ხოლო იქ, სადაც ძალადობა და ბოროტებაა, ისლამი არ არის.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ თარხან ბათირაშვილსა და მუსლიმ მარგოშვილს გააჩნიათ პირადი ანგარიში რამზან კადიროვთან, რომელიც სისასტიკეებს ჩადის ჩეჩნეთში, მაგრამ ეს უფრო ვიწრო საუბრის თემაა. რაც შეეხება ისლამური ხალიფატის გეოსტრატეგიულ ამოცანას, საქართველო ისლამისტების დაინტერესების მთავარი ობიექტია, ისლამურ ხალიფატს პირდაპირ მიუწვდება კავკასიაზე ხელი, ბოლოს და ბოლოს, მათი წარმომადგებლების მეოთხედი თუ 40% კავკასიიდან არის.
„აქამდე რომ არ გაჩნდა ეს კერა კავკასიაში, ესაა გასაკვირი, თორემ ამიერიდან რომ გაჩნდება, ეს გასაკვირი არ არის. მათი სტრატეგიის ნაწილია, გლობალური ჯიჰადი გავრცელდეს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, სადაც ისლამური დაჯგუფებების კერაა. აქ საუბარია მაღრიბზე, ცენტრალურ აფრიკაზე, შუა აზიაზე, ცენტრალურ აზიაშიც საკმაოდ გააქტიურდნენ და უზბეკეთის ისლამურმა მოძრაობამაც მხარდაჭერა გამოუცხადა ისლამურ ხალიფატს. ბუნებრივია, დადგა ჯერი კავკასიაზე. ჩრდილო კავკასიაში მოქმედმა ისლამურმა იმარატმაც, ფაქტობრივად, მხარდაჭერა აღუთქვა ისლამურ ხალიფატს საერთო ბრძოლის საქმეში. ეს ელემენტები უკვე გამოჩნდა, გროზნოში განხორციელებული ტერაქტი ახლოს დგას იმ სამხედრო ოპერაციებთან, რაც ხორციელდება სირიაში. ბაშარ ასადის სტრატეგიული მოკავშირეა რუსეთი, ამიტომ, თუ ისლამისტებს უნდათ, დაამარცხონ ბაშარ ასადი, მაშინ მათ თავს უნდა მოახვიონ მის მთავარ მოკავშირეს- რუსეთის ფედერაციას საბრძოლო ოპერაცია და იქ ახალი ფრონტი გახსნან, რათა უფრო იოლი იყოს ბაშარ ასადის შემდგომი დამხობა. ეს გეოსტრატეგიის დონეზე დასმული ამოცანაა, რომლის შესრულებაც ჯიჰადისტებს სურთ და, მე მგონი, შეასრულებენ კიდეც. თარხან ბათირაშვილზე რომ არაფერი ვთქვათ, უკვე გამოჩნდა მეორე საველე მეთაური - მუსლიმ მარგოშვილი, მას უფრო მეტი გამოცდილება აქვს. შესაძლოა, იგი უშუალოდ ჩამოვიდეს კავკასიაში. ბათირაშვილი იმ დონის საველე მეთაური არ არის, რომ კავკასიაში ჩამოვიდეს. როგორც ჩანს, ის უფრო საჭიროა სირიასა და ერაყში. აქ ჩამოვა მეორე საველე მეთაური, არანაკლებ მნიშვნელოვანი და ძლიერი ფიგურა - მუსლიმ მარგოშვილის სახით, რომელიც წარმოშობით პანკისიდანაა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, თუკი ისლამისტები საყრდენად გამოიყენებენ საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში შეიძლება განხორციელდეს ლიბანიზაციის პროცესი და საქართველო გადაიქცეს საომარი მოქმედებების პოლიგონად. ბუნებრივია, ეს ჩვენი ომიც იქნება, რადგან ისლამისტები მსოფლიო დონის მტრები არიან. ამას დაემატება ისიც, რომ საქართველოში შეიძლება ამერიკისა და რუსეთის ერთობლივი ან ცალმხრივი მოქმედებები განხორციელდეს ისლამისტების წინააღმდეგ. თუ აქამდე მივუშვით და ისლამისტებს კერები გავუჩინეთ, შემდეგ უკვე რთული იქნება მათი გაკონტროლება.
აქვთ თუ არა ამ ადამიანებს განცდა, საკუთარი სამშობლო არ აქციონ ფეთქებად ტერიტორიად?! ამ შეკითხვის საპასუხოდ ვახტანგ მაისია აცხადებს, რომ, როცა გლობალურ ჯიჰადზეა საუბარი, რადიკალ ისლამისტებს არ გააჩნიათ ეროვნება, მათ გააჩნიათ მხოლოდ რელიგიური აღმსარებლობა. ხოლო ეროვნულ წარმომავლობას იმ კუთხით ენიჭება მნიშვნელობა, რამდენად შეძლებს ისლამისტი მებრძოლი, მხარდაჭერა მოიპოვოს საკუთარ რეგიონში.