მითვისების ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია „დომინუსის“ დირექტორი გელა გურული დააკავა. საქმე ეხება საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ სტადიონის ბაზის მშენებლობას. საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს კუთვნილი კომპანიის ფინასური დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს. გამოძიება ამბობს, რომ ბიზნესმენა 240 ათასი ლარი მიითვისა. თავად გურული ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ კომპანია საგამოძიებო სამსახურმა თავის დროზე შეამოწმა და სისხლის სამართლის დანაშაული ვერ აღმოაჩინა.
ბიზნესმენი გელა გურული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ზეწოლაში ადანაშაულებდა. ის ამტკიცებდა, რომ საგამოძიებო უწყება ბიზნესმენით მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც მან ბიზნესმენების, გიორგი კაპანაძის (რიჟას) და ილია კოკაიას წინააღმდეგ, სასამართლოში დავა მოიგო. გელა გურულის თქმით, საგამოძიებო უწყებაში 8 საათიანი დაკითხვის შემდეგ, ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, ლევან მიქაბერიძემ მას პირდაპირ უთხრა, რომ თუ სარჩელს არ გამოიტანდა ილია კოკაიას და გიორგი კაპანაძის წინააღმდეგ, მას დააკავებდნენ. შეგახსენებთ, რომ გიორგი კაპანაძე თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.
„დაკითხვის დასრულების შემდეგ, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან მიქაბერიძე მე და ჩემს ადვოკატს გვეუბნება, რომ თქვენთან სალაპარაკო გვაქვსო. შეგვიყვანა ოთახში, ამ საუბარს ესწრებოდნენ ფინანსური პოლიციის გამომძიებელები ვინმე მამუკა და აკაკი. მიქაბერიძე მეუბნება, ახლავე შეგვიძლია დაგაკავოთ, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ციხეში ხომ არ წახვალ, მოდი, გთავაზობთ - ილია კოკაიას და გიორგი კაპანაძის წინააღმდეგ არსებული სარჩელი გამოიტანეო.
საქმე ეხება ზესტაფონში წიდის მომპოვებელ კომპანიაში ჩემი კუთვნილი წილის 50 პროცენტის წართმევას, რომელიც 2005 წელს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა გიორგი კაპანაძემ და ილია კოკაიამ უკანონოდ წამართვეს. 2012 წელს ეს საქმე სასამართლოში გავასაჩივრე და საქმე მოვიგე. სასამართლომ მათ 3 მილიონ ნახევარის გადახდა დააკისრა. მიქაბერიძე მეუბნება, ან დაგიჭერთ, ან საქმე დახურეო. მიქაბერიძეს პირდაპირ ვუთხარი, რომ თუ დასაჭერი ვარ დამიჭირე, მაგრამ მე არაფრის შეწყვეტას არ ვაპირებ-თქო. ამის შემდეგ მიქაბერიძე წამოხტდა და გამომძიებელს ეუბნება, დაკითხე სხვა საქმეზე, ანუ იმ საქმეზე, რომელიც მოუგო კოკაიას და კაპანაძესო“, - აცხადებდა for.ge-სთან საუბრისას გელა გურული.
გურულის დაკავებას დღესვე გამოეხმაურა კაპანაძე და კოკაია. საფეხბურთო კლუბ, „ზესტაფონის“ პრეზიდენტი, ილია კოკაია დაკავებულ ბიზნესმენს, გელა გურულს 240 000 ლარის მითვისებაში ადანაშაულებს. როგორც კოკაიამ და ბიზნესმენმა, გიორგი კაპანაძემ „პრაიმტაიმის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებს განუცხადეს, გელა გურული დაქირავებული თაღლითი აღმოჩნდა.
„გელა გურულმა თანხები თაღლითური გზით მიითვისა. ტელევიზიით ვხედავ ბიზნესმენ გელა გურულს, რაც უხეშად რომ ვთქვათ, შეურაცხყოფაა. გელა გურულმა ფინანსურ პოლიციაში პირველმა შეიტანა სარჩელი ჩვენს წინააღმდეგ, სადაც ის გვიჩიოდა. ის ჩიოდა, რომ კეზერაშვილის საშუალებით წამართვეს წილი და დაიჭირეთ ეს ხალხიო, რაც სრული აბსურდია. სწორედ ამის შემდეგ მივედით ჩვენ ფინანსურ პოლიციაში. კეზერაშვილთან ჩემს კავშირზე საუბარი სრული აბსურდი და შეურაცხყოფაა. ეს ადამიანი არის დაქირავებული თაღლითი“, - აცხადებს კოკაია.
ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გელა გურული მის წინააღმდეგ გამოიყენა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, მისი სარჩელის განხილვა, სასამართლოში მას შემდეგ დაჩქარდა, რაც კაპანაძემ გიგი უგულავა ფულის გათეთრებაში ამხილა.
„უგულავას დაკავებამდე სასამრთლოში სარჩელი შეტანილი მქონდა, ეს პროცესი კი მისი დაკავების შემდეგ დაჩქარდა. რადგანაც გელა გურულს უგულავას ადვოკატები იცავენ, მე ახლა საფუძვლაინი ეჭვი გამიჩნდა, რომ კუბლაშვილის სასამართლო დაქირავებული მოსამართლეების გადაწყვეტილებაზეა აგებული. მე დარწმუნებული ვარ, უგულავასთვის ბოლომდე, რომ „გამეცოცხლებინა“ ის მილიონები, ჩემს წინააღმდეგ, „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები გადაწყვეტილებას არ გამოიტანდნენ“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
დაკავბული, გელა გურულის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მას წარდგენილი აქვს მითვისება, თუმცა გასარკვევია კონკრეტულად ვინ რა მიითვისა.
„მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში მე მიწევს აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანის დაცვა და არა პირის, რომელიც ადვოკატის მომსახურეობას საჭიროებს, იმის გათვალისწიებით, რომ წილის დათმობასთან დაკავშირებული მიმდინარე დავა დასრულდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წარმატებით. სასმართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. მავანს ეს არ მოეწონა.
შესაბამისად, წინა კვირის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ბედნიერება, რომ ფინანსურ პოლიციაში რამდენმეჯერ ვყოფივიყავით დაბარებული, ბატონი ლევან მიქაბერიძეს მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ გელა გურულს გარკვეული სახის პრობლემები შეექმნებოდა, თუ სარჩელს არ გამოიტანდა. ამაზე ბატონი გელას პასუხი იყო, რომ მას მართლა ბევრი რამე აქვს სათქმელი და იქნებ მოესმინათ რისი თქმა სურდა და დააფიქსირა გარკვეული ინფორმაცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ თურმე გელა გურული თაღლითია. ეს ასე რომ არაა, ამას საზოგადოება თავად გაიგებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გაგი მოსიაშვილი.