პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის რობერტ კუპიეცკის ხელმძღვანელობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. დღეს, პოლონელი სტუმრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში პოლონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოსთან დაკავშირებით ნატოს უელსის სამტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცის მნიშვნელობა განიხილეს. რობერტ კუპიეცკიმ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში პოლონეთის რესპუბლიკის სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პოლონეთი საქართველოს ნატოს სამიტის შედეგად მიღებული პაკეტის იმპლემენტაციაში გაუწევს დახმარებას. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
დღესვე, თავდაცვის სფეროში საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და ურთიერთობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა მიხეილ დარჩიაშვილმა და რობერტ კუპიეცკიმ გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების და სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განმტკიცების პროცესში პოლონეთის მხარდაჭერაზე გამახვილდა.
მხარეები პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ტომაზ სიმონიაკის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დეტალებზეც შეთანხმდნენ. ტომაზ სიმონიაკის ვიზიტი საქართველოში მიმდინარე წელს შედგება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის რობერტ კუპეცკიმ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის სახელით მიხეილ დარჩიაშვილი პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოქროს მედლით დააჯილდოვა. თავის მხრივ, მიხეილ დარჩიაშვილმა უცხოელ კოლეგას საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ გადასცა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.