რა შემთხვევაში დატოვებენ საპატიმროს უვადო პატიმრობამისჯილები?

რა შემთხვევაში დატოვებენ საპატიმროს უვადო პატიმრობამისჯილები?

სახალხო დამცველი ინიციატივით მიმართავს პარლამენტს, რომ უვადო პატიმრობამისჯილთა საქმეების გადახედვა 20-ს ნაცვლად 15-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ მოხდეს. სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ მოხდეს მათი გათავისუფლება. სახლახო დამცველის მოადაგილე, პაატა ბელთაძე ამბობს, რომ ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი. შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე მისი საქართველოში დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანია.

პარლამენტის იურიდიულო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ გადასინჯვის ვადა უნდა შემციდრეს 5 წლით. „მთავარი არის ჰუმანიზმის გამოვლენა თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩაიდინა მძიმე დანაშაული, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ გააცნობიერეს დანაშაული და თუ ისინი აღარ წარმოადგენენ საფრთხეს საზოგადოებისათვის“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

როგორც ცნობილია, უვადო თავისუფლების აღკვეთა საქართველოში 1998 წლიდან მოქმედებს. დღეისათვის კი, საქართველოში 83 უვადო პატიმრობამისჯილი პირი იხდის სასჯელს. აქედან 3 ქალბატონია. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სასჯელს გლდანის მე-8 დაწესებულებაში იხდის, დაახლოებით 12 სამუდამომისჯილი სასჯელს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში იხდის, ხოლო მე-7 საპყრობილეში იმყოფება ვოვა არუთინიანი.

სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, უვადო პატიმრობამისჯილები გაცილებით მეტი შეღავათით სარგებლობენ. მათ აქვთ ყოველდღიურად დარეკვის საშუალება, სარგებლობენ გრძელვადიანი პაემნებით. მათთვის ე.წ. ზონა არ არსებობს. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, უვადო აღკვეთილი პატიმრების მიმართ არ გამოყენებულა არც ერთი ჰუმანური აქცია, თუ არ ჩავთვლით გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას საქმეს, რომელიც სასამართლომ ახალად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე განიხლა და მათ უვადო თავისუფლების აღკვეთა 15 წლიანი თავისუფლების აღკვეთით შეუცალა.

ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ 2011 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა სასჯელის მოხდისგან გაანთავისუფლა თურქეთის 8 მოქალაქე, რომლებიც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში იყვნენ ბრალდებულნი, მათ სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მისუჯა. თუმცა, საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ისინი შეიწყალა და გლდანის მე-8 საპყრობილიდან პირდაპირ საზღვარზე გადაიყვანეს.

ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველის მიერ ინიცირებული ცვლილება, სამუდამო მისჯილებს გარკვეულ შეღავათს მოუტანს იმ თვალსაზრისით, რომ დაახლოებით 5-6 უვადო თავისუფლება აღკვეთილია, რომლებსაც უკვე 16-17 წელი აქვთ მოხდილი.

„ჩემი დაცვის ქვეშ იმყოფება გია გელაძე, რომელსაც აზერბაიჯანში შეუფარდეს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ძალიან ბევრი კანონდარღვევით, მაგრამ ფაქტია, რომ სამუდამაო აქვს მისჯილი. ორი წელია რაც საქართველოში გადმოიყვანეს. საერთო ჯამში, 17 წელი აქვს მოხდილი. ამ ცვლილებით მას აქვს შანსი, რომ მოხდეს მისი საქმის განხილვა“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

მისივე განცხადებით, კანონმდებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მხოლოდ ორ შემთხვევაში, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემომებებში და განსაკუთრებით დიდი რაოდებობით ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება. მისი თქმით, დღეს ყველა მსჯავრდებული ამ მუხლით იხდის სასჯელს.

„სხვა საკითხია რამდენად ადეკვატურია ეს სასჯელი და რამდენად იმსახურებენ სამუდამო პატიმრობას. შემიძლია ვთქვა, რომ თეიმურაზ შარაშენიძე, გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია აბსოლუტურად უდანაშაულოები არიან იმ საქმეში, რაზეც იხდიან სასჯელს. ვიცი საქმეები, რომელზეც ხელოვნურად აქვთ ადამაინებს მუხლი დამძიმებული. უვადო თავისუფლება აღკევთილები განსაკუთრებით დაიჩაგრნენ მაშინ, როდესაც ამოქმედდა საყოველთაო ამნისტია. ყველა პატიმარს უკლებლივ შეეხო ამნისტია, გარდა ამ 83 ადამიანისა, რაც არ იყო სწორი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილი.

ირმა ჭკადუა ამბობს, რომ უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.

„როდესაც გამოიცა 2012 წლის დეკემბრის ამნისტია, გამოცხადდა, რომ ამნისტია შეეხებოდა ყველა პატიმარს,  მაგრამ ყველაში ვერ მოხვდნენ უვადო თავისუფლებააღკვეთილები. უფრო მეტიც, სასამართლომ განიხილა მათი საქმეები და ასეთი რამ ჩაიწერა - „გადაიხედა უვადო თავისუფლებააღკვეთილების საქმე, მოაკლდათ ერთი მეოთხედი, მაგრამ დარჩათ უვადო პატიმრობის მუხლი“ - ეს იყო დაცინვა.

აღნიშნული რომ გასაჩივრებულიყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ეს ადამიანები აუცილებლად მოიგებდნენ სასამართლოს. დროული და აუცილებელია სახალხო დამცველის ინიციატივა, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით რა ხდებოდა საქართველოს ციხეებში 9 წლის განმავლობაში. ამ ადამიანებს ფსიქიკა და ჯანმრთელობა შერყეული აქვთ, მიუხედადავდ იმისა, რომ ვითარება გამოსწორდა, მათი რეაბილიტაცია ვერანაირად ვერ მოხერხდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.