12 წლის ლუკა ირემაშვილი მსოფლიო მეცნიერებს 10 კითხვას უგზავნის და მისი ნაშრომებით დაინტერესებას სთხოვს. თბილისის მე-24 საჯარო სკოლის მოსწავლე ამტკიცებს, რომ კვანტურ მექანიკაში, ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიასა და პალეონტოლოგიურ მეცნიერებაში მნიშვნელოვანი აღმოჩენები აქვს.
ლუკას შესახებ for.ge-მ პუბლიკაცია (12 წლის გენიოსი და დაბნეული მეცნიერები) დაახლოებით სამი თვის წინ მოამზადა (http://www.for.ge/view.php?for_id=34424&cat=3). გამოქყვეყნებულმა სტატიამ ინტერნეტგამოცემის მკითხველების დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო ცხარე კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. საკუთარ კომენტარებში 12 წლის ლუკას ბევრი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, იყვნენ სკეპტიკოსებიც, რომლებიც წერდნენ, რომ საკმაოდ რთული თემებით დაინტერესებამდე ლუკას შესაბამის დარგებში სათანადო განათლება უნდა მიეღო.
ლუკა ირემაშვილს საკუთარი ნამუშევრები საქპატენტში აქვს დარეგისტრირებული. ქართველ მეცნიერთა ნაწილს კი საჯაროდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ივლისში შეხვდა. სწორედ, მაშინ დაიგეგმა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში უნდა შედგეს.
მანამდე კი, როგორც აღვნიშნეთ, ლუკა ირემაშვილმა კითხვებით მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას მიმართა და აცნობა, რომ სამყაროში 14 მილიარდი წლის წინათ d - ელემენტების ატომების ჩამოყალიბების საიდუმლოება ამოხსნილია.
„დავიწყე მრავალელექტრონიან ატომებში 4S2, 5S2, 6S2 და 7S2 - ორბიტალებზე მბრუნავი ელექტრონების ქცევის შესწავლა. გამოკვლევებმა მიჩვენა, რომ საქმე მაქვს მოაზროვნე ელექტრონებთან. ჩემს გამოკვლევებში დავადგინე, რომ ქრომის ატომის ჩამოყალიბებისას 4S2 – ორბიტალზე მბრუნავი ელექტრონი იკავებს 3d5 - ორბიტალს და იცვლის ოთხივე კვანტურ რიცხვს, ხოლო მანგანუმის ატომის ჩამოყალიბებისას იგივე ელექტრონი გადადის 4S2 – ორბიტალზე და იბრუნებს ყველა კვანტურ რიცხვებს, სპილენძის ატომის ჩამოყალიბების პროცესში იგივე ელექტრონი იკავებს 3d10 ორბიტალს და იცვლის სამ კვანტურ რიცხვს და ბოლოს თუთიის ატომის ჩამოყალიბების დროს, იგივე ელექტრონი უბრუნდება 4S2 - ორბიტალს.
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, ერთი ელექტრონი როგორ ახერხებს დროის დიდ ინტერვალში გადამწყვეტი როლი ითამაშოს ხუთი სხვადასხვა ატომის ჩამოყალიბების პროცესში, ისე, რომ მრავალჯერ შეიცვალოს და აღიდგინოს“,- წერს ლუკა ირემაშვილი მეცნიერებისთვის გაგზავნილ წერილში და აღნიშნავს, რომ ელექტრონს თავისუფალი ნება გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ წყვეტს რომელ ორბიტალზე იმყოფებოდეს, რომელი ატომების ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა, რომელ დროში იმყოფებოდეს.
ლუკა ირემაშვილი For-ge -სთან განმარტავს, რომ საკუთარი შრომები ინგლისურ ენაზე თარგმნის შემდეგ უკვე განათავსა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ ვებგვერდ www.researchgate.net-ზე.
„მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს მივმართე იმიტომ, რომ ქართველ მეცნიერებს არ სცალიათ ჩემთვის, დრო ვერ გამონახეს რომ ჩემი შრომები წაიკითხონ და შემხვდნენ. ან კი რატომ უნდა წაიკითხონ, მე ხომ სულ რაღაც 12-წლის ბიჭი ვარ. მე კი პრეტენზია მაქვს, რომ 11 წლის ასაკში მივაღწიე კონკრეტულ შედეგებს“,- ამბობს ლუკა ირემაშვილი.
ამ დროისთვის მიღწეულ შედეგებს კი კონკრეტულად ასე განმარტავს:
- აღმოვაჩინე ახალი კვანტური რიცხვი,რომელსაც არა მარტო კვანტურ მექანიკაში შეუძლია მრავალელექტრონიან ატომებში იდეალურად ახსნას ელექტრონების ქცევა, არამედ იგი შეიძლება გახდეს სამყაროსეული საიდუმლოს ამხსნელი;
- აღმოვაჩინე კვანტურ მექანიკაში ოთხი მოაზროვნე ელექტრონი რომელთა საშუალებით პირველად 14-მილიარდი წლის წინათ სამყაროში წარმოქმნილი d-ელემენტების ატომების ჩამოყალიბების საიდუმლოება ამოვხსენი;
- პირველად კვანტურ მექანიკაში შემოვიტანე დროის ცნება და კონკრეტული ატომების ჩამოყალიბების მაგალითებზე ვაჩვენე, რომ ერთი და იგივე ელექტრონს სხვადასხვა დროში, ფორმაშეცვლილ მდგომარეობაში შეუძლია ხუთი სხვადასხვა ატომების ჩამოყალიბება. კვანტური მექანიკა ასეთ შემთვევებს არ იცნობს;
- აღმოვაჩინე სამყაროს უნივერსალური კანონი - კანონი განწყობის შესახებ, რომლის საშუალებითაც პირველად კვანტურ მექანიკაში d-ელემენტების ატომების ჩამოყალიბების საიდუმლოება ამოვხსენი და ა.შ.
12 წლის ლუკა ამბობს, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მისი ნაშრომების მიმართ უყურადღებობას ავლენს და ოთხი თვის წინ მიწერილ წერილზე ამ დრომდე არ პასუხობს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვანტური მექანიკის სპეციალისტებმაც არ მოისურვეს ჩემი შრომების წაკითხვა და ჩემთან შეხვედრა. გაოცებული ვარ რატომ არ დაინტერესდნენ განწყობის თეორიის ქართველი სპეციალისტები. მე ხომ პირველმა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია განვავითარე და კვანტურ მექანიკაში მრავალელექტრონიან ატომებში ელექტრონების ქცევა და 14-მილიარდი წლის წინათ წარმოქმნილი ატომების ჩამოყალიბების მექანიზმი ავხსენი ჩემ მიერ აღმოჩენილი სამყაროს უნივერსალური კანონით - კანონი განწყობის შესახებ - რომელიც ჩემი აზრით სამყაროში ყველა დასრულებული პროცესის წინაპირობაა“,- წუხს ლუკა ირემაშვილი.
პატარა გამომგონებელი ფიქრობს, რომ მისი შრომებით კონკრეტული დარგების სპეციალისტები ნაშრომების საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ მაინც დაინტერესდებიან და მათ შესახებ საკუტარ პოზიციას გამოხატავენ.
ლუკა იმედოვნებს, რომ მისი გამოგონებები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ახალი კვანტური კომპიუტერის ეპოქაში.