სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს „მადას“ მიერ წარმოებული პელმენი, ხინკალი, ქაბაბი და ხორცპროდუქტები საკვებად უვარგისია. სააგენტო მოსახლეობას მკაცრად აფრთხილებს, რომ აღნიშნული პროდუქტი ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს. კომპანიის ხელმძღვანელობა კი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბოლომდე დაზუსტებული არ არის და, შესაძლოა, შპს „მადას“ ბრალეულობა არათუ რამდენიმე პროდუქტზე, პელმენზეც არ დამტკიცდეს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ შპს „მადას“ წარმოების ხორცის პელმენში პათოგენური მიკროორგანიზმი „ლისტერია მონოციტოგენეზი“ აღმოჩნდა, რის გამოც დაიწყო აღნიშნული წარმოების პროდუქციის ქსელიდან ამოღება და განადგურება, პარალელურად კი ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა.
„ლისტერია მონოციტოგენეზი პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც ძალიან საშიშია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად აფრთხილებს მოსახლეობას, თუკი ვინმეს ნაყიდი აქვს შპს „მადას“ წარმოების ხორცის ნახევარფაბრიკატები (პელმენი, ხინკალი, ქაბაბი), არ გამოიყენოს საკვებად და შეატყობინოს სააგენტოს აღნიშნულის შესახებ“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
მათივე განმარტებით, პათოლოგიური მიკროორგანიზმი „მადას“ პელმენში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის - სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა. საწარმოში, რომელიც მუხიანში მდებარეობს, ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის შედეგადაც, გარდა პათოგენური მიკროორგანიზმით მზა სურსათის დაბინძურებისა, გამოვლინდა კიდევ 2 კრიტიკული შეუსაბამობა: ბიზნეოპერატორს არ აქვს დაცული ხორცპროდუქტების სათანადო ტემპერატურით დამუშავების პირობები, საწარმოში არ არის ცხელი წყალი; ასევე, არ ხდება სურსათთან უშუალოდ შეხებაში მყოფი საგნებისა და აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფიცირება ცხელი წყლით.
„კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დარღვევების გამო ბიზნეოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაევალა მავნე სურსათის ქსელიდან გამოთხოვა“,- აცახდებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
For.ge-ს ინფორმაციით მავნე პროდუქტად მიჩნეული პელმენი ქსელში ამ დროისთვის, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. საუბარია „მადას“ მიერ 21 სექტემბერს გამოშვებულ ნაწარმზე, რომელიც სავაჭრო ობიექტების მეშვეობით უკვე რეალიზებულია.
შპს „მადას“ დირექტორი შოთა ხუხუნეიშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ მცირე საწარმო აქვს და, შესაბამისად, ბაზარზეც მცირე სეგმენტი უკავია.
„კონკრეტულად ამ პროდუქტზე, პელმენზე, უკვე მოვიკითხეთ ინფორმაცია. ისეც მცირე რაოდენობით იყო და უკან გამოსათხოვიც არაფერია, 21 სექტემბერს იყო გამოშვებული და, ფაქტობრივად, აღარც არსებობს ქსელში. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაქტერია ქსელიდან ამოღებულ პროდუქციაში აღმოაჩინა. უკვე გავაკეთეთ განმეორებითი ანალიზი და ველოდებით პასუხს. როგორც ამიხსნეს, ეს ბაქტერია, რაზეც გვედავებიან, შესაძლოა, ჰაერშიც იყოს. ახლა გასარკვევია, სად იყო დაბინძურების წყარო, თუ საწარმოში არ იყო, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მუშაობას. საუბარია მხოლოდ პელმენზე. დანარჩენ პროდუქტში კი მათ მიერ გაკეთებულ ანალიზებშიც არაფერი აღმოჩენილა - აბსოლუტურად არაფერი“,- განუცხადა for.ge-ს შოთა ხუხუნეიშვილმა.
შპს „მადას“ დირექტორი ფიქრობს, რომ ლაბორატორიიდან მათთვის სასარგებლო პასუხს მიიღებს, რადგან საწარმოში რომ იყოს პრობლემა, მაშინ ბაქტერია მათ მიერ წარმოებულ სხვა პროდუქტებშიც აღმოჩნდებოდა.
„გასაკვირი ის არის, რომ თუ საწარმოში ეს ბაქტერიაა, მაშინ მხოლოდ პელმენში კი არა, სხვა პროდუქტშიც უნდა იყოს. ეს პროდუქტი წონითი ასორტიმენტია - ანუ იხსნება პარკი და წონის მიხედვით იყიდება. ამიტომ, შესაძლოა, სავაჭრო ქსელში ჰაერიდანაც დაბინძურებულიყო. როგორც მითხრეს, თუ ეს ბაქტერია ჰაერში არსებობს, წონითი ასორტიმენტის მისგან დაცვა, პრქატიკულად, შეუძლებელია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავად მოგვაწოდა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ლაბორატორიების სია და სწორედ ამ ლაბორატორიებიდან ველოდებით გაგზავნილი სინჯების პასუხს. სავარაუდოდ, 7-10 დღე იქნება საჭირო პასუხის მისაღებად. ლაბორატორიიდან პასუხის მიღებამდე კი საწარმოო პროცესი შეჩერებულია“, - აცახდებს შოთა ხუხუნეიშვილი.
შპს „მადაში“ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენინ სხვა დარღვევებზე პრეტენზიებს არ გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ცხელი წყლის პრობლემა წყალგამათბობელის გადაწვის გამო შეექმნათ და ეს საკითხი ამ დროისთის უკვე მოგვარებულია, 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდაზე კი უარას არც ამბობენ.
კომპანია, რომელიც ერთგვარ სკანდალში გაეხვა, ძირითადად, ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს და მეტწილად შეკვეთებზე მუშაობს. „მადაში“ სულ 30-მდე ადამიანია დასაქმებული.
„არსებობს რეალური საფრთხე უმუშევრები დავრჩეთ, თუ უკვე დარჩენილები არ ვართ. ეს პრობლემა დარწმუნებული ვარ მოგვარდება, მაგრამ ჩვენს საწარმოს აღარაფერი ეშველება. აჯობებდა, საკითხი ბოლომდე გარკვეულიყო და მერე გაევრცელებინა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საჯაროდ ინფორმაცია. ლაბორატორიიდან რომ დადებითი პასუხები მომივიდეს, უფლება მაქვს, ჩვეულებრივ გავაგრძელო მუშაობა, მაგრამ, რეალიზაციას კარგა ხნის განმავლობაში ვეღარ აღვადგენ და ბაზარზე კვლავ გასვლა ძალიან პრობლემური იქნება. არ ვიცი, როგორღა შევძლებთ მუშაობას. შემოწმების წინააღმდეგი არ ვარ. რა თქმა უნდა, უნდა შეგვამოწმონ და არავის აქვს უფლება, აწარმოოს მავნე პროდუქცია. ყველა მითითებას ვასრულებ და შენიშვნებს ვითვალისწინებ, უბრალოდ, ვისურვებდი, პიარის ამოქმედებამდე და თემის გაშუქებამდე ჯერ საკითხი კარგად გარკვეულიყო“,- აცხადებს შპს „მადას“ დირექტორი.
ვიდრე „მადა“ ლაბორატორიებიდან შემოწმების პასუხს ელოდება, სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკვე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფისი აქვს. ახალი შენობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად, სწორედ, დღეს გახსნა.
„ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე, ხორციელდება სურსათის უვნებლობის კონტროლი. ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ მოსახლეობაზე. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასატარებელ ღონისძიებებს. წლების განმავლობაში ეს სამსახური სრულიად უფუნქციოდ იყო დატოვებული. ყოფილი ხელისუფლების მიდგომა იყო, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებდა, რაც გამორიცხულია“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს ყველა პირობა, რომ სურსათის უვნებლობა დაცული იყოს. პრემიერის შეფასებით, ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად სურსათის ეროვნული სააგენტოს 13 ახალი რეგიონული ოფისის გახსნა იგეგმება. სააგენტოში 500-მდე ადამიანია დასაქმებული.