მთავრობა პენსიას ზრდის, მაგრამ რა მოცულობით არ აკონკრეტებს

მთავრობა პენსიას ზრდის, მაგრამ რა მოცულობით არ აკონკრეტებს

მთავრობა 2015 წელს ასაკობრივი პენსიის ზრდას გეგმავს, თუმცა, თუ რა მოცულობით, ამის თაობაზე ინფორმაციას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი პენსიის 5-10 ლარიან ზრდას ვარაუდობს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ხელისუფლებას საარჩევნო დაპირების შესრულებას და პენსიის 35 ლარით გაზრდას სთხოვს.

საბოლოო ჯამში, თუ რამდენი ლარით გაიზრდება პენსია, ეს ცნობილი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მომზადებისას გახდება, თუმცა, როგორც პარლამენტში სტუმრობისას ხადურმა განაცხადა, პენსიის ზრდა მოხდება როგორც 2015 წელს, ასევე 2016 წელს.

მინისტრის ცნობით, მთავრობაში პენსიის ზრდაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„თუ რა მოცულობით მოხდება პენსიის ზრდა, ეს ცნობილი უახლოეს ორი თვის განმავლობაში გახდება. ანუ, მაშინ, როცა პარლამენტი მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტს დაამტკიცებს. პენსიების მოცულობის კონკრეტული მაჩვენებელი მასში იქნება ასახული“, - აღნიშნა ხადურმა.

მინისტრისგან განსხვავებით, პენსიის ზრდის სავარაუდო მოცულობაზე ისაუბრა დავით ონოფრიშვილმა და აღნიშნა, რომ პენსიის 5-10 ლარით გაზრდა უნდა მოხდეს, რათა დეპუტატებმა მომავალი ბიუჯეტის პროექტს მხარი მოტივირებულად დაუჭირონ.

კანონმდებელის თქმით, დეპუტატებს აინტერესებთ, მთავრობის ხედვა პენსიების ზრდასთან დაკავშირებით.

„მთავრობა გვეუბნება, რომ პენსიის ზრდა 2015-2016 წლებში მოხდება. გვაინტერესებს, რა იგულისხმება ამაში. დეპუტატებისთვის ბევრად მარტივი იქნება იმ ბიუჯეტისთვის ხმის მიცემა, სადაც გარკვეული სახით, პენსიების ზრდა არის ჩადებული“, - აცხადებს დეპუტატი.

ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ პენსიის ზრდა ყველა კატეგორიისთვის ერთნაირად უნდა მოხდეს.

„მიმაჩნია, რომ პენსიის ზრდა კატეგორიებით არ უნდა მოხდეს და მცირე ზრდა ერთიანი უნდა იყოს, მაგრამ თუ პენსიის ზრდა დიდი მოცულობის იქნება, მაშინ დიფერენციაცია შეიძლება“, - ამბობს კანონმდებელი, რომელიც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს დაბალანსებულ და რეალურ დოკუმენტად მიიჩნევს.

უმრავლესობისგან განსხვავებით, უმცირესობა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტსაც აკრიტიკებს და პენსიის შესაძლო ზრდას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პერიოდში გაცემული დაპირებებით ხსნის.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, მიმდინარე წელს, პენსიის ზრდა მინიმუმ 35 ლარით უნდა მოხდეს, რომ ხელისუფლებამ მომავალ წელს პენსია ისევ 35 ლარით გაზარდოს და პენსიის 220 ლარამდე გაზრდის თაობაზე გაცემული დაპირება შეასრულოს.

მაჭავარიანის ვარაუდით, შესაძლოა, ხელისუფლებამ პენსია სექტემბრისთვის 10 ლარით გაზარდოს, მაგრამ 2015 წლის ბიუჯეტში ახალი არაფერია.

თანაგუნდელის მსგავსად, ბიუჯეტის პროექტს მკაცრად აკრიტიკებს ზურაბ ჯაფარიძე და for.ge-სთან საუბარში დეპუტატი აღნიშნავს, რომ პენსიების ზრდის ტენდენცია ბიუჯეტის იმ პროექტში არ ჩანს, რომელიც ამჟამად პარლამენტშია წარდგენილი.

დეპუტატის თქმით, იმის გამო, რომ კოალიციამ პენსიის 220 ლარამდე გაზრდის დაპირება გასცა, ამჟამად, ხელისუფლებაზე გარკვეული სახის ზეწოლა ხორციელდება.

„მთავრობა ეცდება, რაღაც გააკეთოს და რაღაც მოიფიქროს, თუმცა იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტში სახსრების ნაკლებობაა, პენსიების ზრდაზე საუბარი როგორ წარმოგიდგენიათ? მთავრობა ამბობს, რომ მომავალ წელს, არსებულ ვალს დაამატებს მილიარდ 300 მლნ ლარს და ჩანს, რომ მათ საქმეში ძალიან უჭირთ. იმის შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რომ პენსია მნიშვნელოვანი მოცულობით გაზარდონ“, - აცხადებს ჯაფარიძე.

პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარე კვირას დაიწყო და მომავალ კვირასაც გაგრძელდება. კანონმდებლების მიერ გამოთქმული შენიშვნებითურთ ბიუჯეტის პროექტი გადასამუშავებლად მთავრობას უკან დაუბრუნდება, რის შემდეგაც პარლამენტს პენსიების ზრდის მოცულობის თაობაზე ინფორმაციასთან ერთად, სხვა დაზუსტებული მონაცემები უნდა წარედგინოს, რადგან უწყებას 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება დეკემბრის ბოლო პარასკევამდე მოუწევს.