ბიზნესმენი გელა გურული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, საგამოძიებო უწყება ბიზნესმენით მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც მან ბიზნესმენების, გიორგი კაპანაძის (რიჟას) და ილია კოკაიას წინააღმდეგ, სასამართლოში დავა მოიგო. გელა გურულის თქმით, საგამოძიებო უწყებაში 8 საათიანი დაკითხვის შემდეგ, ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, ლევან მიქაბერიძემ მას პირდაპირ უთხრა, რომ თუ სარჩელს არ გამოიტანდა ილია კოკაიას და გიორგი კაპანაძის წინააღმდეგ, მას დააკავებდნენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კაპანაძე თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.
for.ge გელა გურულს ესაუბრა.
ბატონო გელა, რატომ დაინტერესდა თქვენი სამშენებლო კომპანიით საგამოძიებო უწყება, რა არის ამის რეალური მიზეზი?
- რეალური მიზეზი გახლავთ ის, რომ ბიზნესმენებს გიორგი კაპანაძეს და ილია კოკაიას მოვუგე სასამართლო პროცესი. 2005 წელს ყოფილი ხელისუფლების დახმარებით მათ უკანონოდ წამართვეს ზესტაფონში წიდის მომპოვებელ კომპანიაში კუთვნილი წილის 50 პროცენტი.
თუმცა, გამოძიება ამტკიცებს, რომ თქვენმა კომპანიამ 2012 წელს ააშენა ილია კოკაიას კუთვნილებაში არსებული საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის სტადიონის“ ბაზა და აქიდან, თქვენ მიითვისეთ 255 ათასი ლარი...
- ეს არის აბსურდული ბრალდება. ამ თანახაზე დავა დაიწყო 2012 წლიდან, როცა მოვითხოვე ის თაანხა, რაც მეკუთვნოდა სამუშაოს შესრულების საზღაურად. გაკეთებული გვაქვს ორი ექსპერტიზა, როგორც საინჟინრო, ასევე საბუღალტრო. ჯამში, აღებული თანხა გაცილებით მეტი გამოდის, ვიდრე რეალურად კოკაიას აქვს მოცემული. მაგრამ ის მედავება თანხას, რომელიც დაადგინა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ. რატომღაც, ზესტაფონის სასამართლომ გაითვალისწინა მათ მიერ კერძოდ მოყვანილი ექსპერტიზის დასკვნა და არ გაითვალისწინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული საბუღალტრო ექსპერტიზა. ამ ისტორიაში მთავარი ეს კონკრეტული ფაქტი არაა, რატომღაც ერთი კვირის წინ ჩემი სამშენებლო კომპანია „დომინუსით“ დაინტერესდა ფინანსური პოლიცია. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მოითხოვეს არა მთლიანი შემოწმების დოკუმენტები, არამედ გარკვეული მონაკვეთი.
კონკრეტულად საქმის რა ნაწილზეაა საუბარაი?
- საუბარია ზუსტად იმ მონაკვეთზე, რომელიც ეხება ილია კოკაიას კუთვნილებაში არსებული საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის სტადიონის“ ბაზის მშენებლობას. ანუ, აქ უკვე პირდაპირ ჩანდა, რომ ფინანსურს არ აინტერესებდა მთლიანი საბუღალტრო შემოწმება, არამედ აინტერესებდა კონკრეტულად რაღაცა პერიოდი. დაკითხვის დროს ვუთარი მათ, რომ ჩატარებულია საბუღალტრო შემოწმება, რაც მათთვის უცხო აღმოჩნდა, წარვუდგინე შემოწმების აქტიც.
ამ პროცესში ჩართული იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, რამდენიმე კაცი აქტიურობდა. მედავებიან, რომ თურმე, მე მაქვს თანხები მითვისებული, ანუ ფორმა 2-ში გაზრდილი მაქვს თანხა, რაზეც ვუპასუხე, რომ ბიუჯეტთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და ორ კერძო პირს შორის რამე თანხობრივი დავა, ეს არაა ფინანსური პოლიციის საქმე და ასე რატომ ინტერესედებით-თქო. ამაზე მათი მხრიდან არ იყო პასუხი. მთელი საქმე გავუშიფრე, მაგრამ ეს არ აინტერესებდათ. მათ უნდოდათ რაღაცა ხელმოსაკიდი ეპოვათ და შემდეგ მოხდებოდა რაღაცა ალტერნატივების წამოყენება მათი მხრიდან. არ მოეწონათ ჩემი პასუხი, არ მოეწონათ არც ის, რომ წარვუდგინე შემოწმების აქტი.
რაღაცა ქაოსური სიტუაცია შეიქნმა, ეტყობოდათ, რომ მეტი კითხვები არ ჰქონდათ. საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ კომპანიაში ვართ ორი თანაბარუფლებიანი დირექტორი და ორივეს ერთნაირად შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ დოკუმენტებს. ყველა ფორმა 2-ზე ხელი მოწერილი აქვს მეორე დირექტორს, მაგრამ ამაზე მე მედავებიან. ვეკითხები, მე რა შუაში ვარ, ჩემგან რა გინდათ, ხელი არც ერთ საბუთზე არ მაქვს მოწერილი-თქო, მაგრამ ამაზე პასუხი არ აქვთ. ამ ყველაფრის მერე, როდესაც მიზეზი ვერ მოძებნეს, ჩემი ჩვენებით დადიოდნენ ოთახიდან ოთახში, როგორც ჩანს, მოითათბირებდნენ რაღაცას და მერე ისევ იწყებდნენ კითხვების დასმას.
ვისთან გადიოდნენ კონსულტაციას?
- ვერ გეტყვით ვისთან მიდიოდა ეს კონსულტაცია, მაგრამ ჩემი ჩვენებით გამომძიებელი გადიოდა ოთახიდან. დაკითხვის დასრულების შემდეგ, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან მიქაბერიძე მე და ჩემს ადვოკატს გვეუბნება, რომ თქვენთან სალაპარაკო გვაქვსო. შეგვიყვანა ოთახში, ამ საუბარს ესწრებოდნენ ფინანსური პოლიციის გამომძიებელები ვინმე მამუკა და აკაკი.
მიქაბერიძე მეუბნება, რომ მითვისება გაქვსო, რაზეც ვუპასუხე - ისევ იწყებ-თქო. არაო, ჩვენ სხვა ჩვენებები გვაქვს შენს წინააღმდეგო. ჩვენ ახლავე შეგვიძლია დაგაკავოთ, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ციხეში ხომ არ წახვალ, მოდი, გთავაზობთ - ილია კოკაიას და გიორგი კაპანაძის წინააღმდეგ არსებული სარჩელი გამოიტანეო.
რა სარჩელზე საუბრობდა მიქაბერიძე?
- საქმე ეხება ზესტაფონში წიდის მომპოვებელ კომპანიაში ჩემი კუთვნილი წილის 50 პროცენტის წართმევას, რომელიც 2005 წელს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა გიორგი კაპანაძემ და ილია კოკაიამ უკანონოდ წამართვეს. 2012 წელს ეს საქმე სასამართლოში გავასაჩივრე და საქმე მოვიგე. სასამართლომ მათ 3 მილიონ ნახევარის გადახდა დააკისრა. მიქაბერიძე მეუბნება, ან დაგიჭერთ, ან საქმე დახურეო. მიქაბერიძეს პირდაპირ ვუთხარი, რომ თუ დასაჭერი ვარ დამიჭირე, მაგრამ მე არაფრის შეწყვეტას არ ვაპირებ-თქო. ამის შემდეგ მიქაბერიძე წამოხტდა და გამომძიებელს ეუბნება, დაკითხე სხვა საქმეზე, ანუ იმ საქმეზე, რომელიც მოუგო კოკაიას და კაპანაძესო.
ეს ყველაფერი ადვოკატის თანდასწრებით ხდებოდა. კოკაიამ და კაპანაძემ ძალადობით და მაშინდელი ხელისუფლების დახმარებით ხელში ჩაიგდეს ჩემი კუთვნილი წილი კომპანიში, ამ წილის გადაყიდვით მან მიიღო საკმაოდ დიდი შემოსავალი. ილია კოკაია და მისი პარტნიორი გიორგი კაპანაძე იგივე „რიჟა“ საკმაოდ დაახლოებული იყვნენ მაშინდელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რატომღაც დღეს ანგელოზები და ძალიან დაჩაგრულების როლში გამოდიან, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი რა ურთიერთობა ჰქონდათ ყოფილ ხელისუფლებასთან.
იმ პერიორდში ამ ადამიანებმა ძალიან დიდი კაპიტალი დააგროვეს და ეს გააკეთეს სხვის ხარჯზე, ძალიან ბევრი ხალხი ჰყავთ გამწარებული და გადაგდებული. დღეს თავის წარმოდგენა უნდათ, როგორც ჩაგრულებს. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ საქმეში უცბად ცვლიან ადვოკატს და უკვე სააპელაციოზე ადვოკატად ფიქსირდება გიორგი ყავლაშვილი, რომლიც ცნობილია იმ პერიოდის შავბნელი საქმეების მომგვარებლად. მაქვს ეჭვი, რომ ყავლაშვილის აყვანის მიზეზია საქმეების მოგვარება ფინანსურ პოლიციაში და პროკურატურაში.
აპირებთ სარჩელის გამოტანას?
- არ ვაპირებ სარჩელის გამოტანას. იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი შანსი, მათგან გამწარებული ხალხი კომპენსირებული გახდეს. არ მინდა, შეიქმნას იმის პრეცენდენტი, რომ ვიღაცის ზეგავლენით ვიღაცა იჩაგრება. ხალხს სამართლიანობის იმედი გაუჩნდა და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ბოლომდე უნდა წარიმართოს.
როგორ ფიქრობთ, რატომ არის ფინანსური პოლიცია დაინტერესებული, რომ სარჩელი გამოიტანოთ კოკაიას და კაპანაძის წინააღმდეგ?
- მათი პოზიცია ყველამ კარგად იცის დღეს და თურმე, ამიტომ ასეა საჭირო. მაგრამ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ამას შეეწიროს სხვებიც?! კაპანაძეს და კოკაიას იმის სურვილიც არ აქვთ, რომ ის ხალხი, ვინც მათ მიერ გაწამდა, ცხოვრება დაუნგრიეს, რაღაცა ელემენტარული, თუნდაც კომპენსირების მიზნით, გარკვეული წინადადებები შესთავაზონ. კოკაიას სიტყვებია - სადაც ფულია, იქ სიმართლეა. მიჩნიათ, რომ რადგან მათ საკმაოდ დიდი კაპიტალი აქვთ დაგროვილი, შეუძლიათ ყველაგან და ყველაფერი იყიდონ, ყველა დაჩაგრონ. უკან არ დავიხევ, ვიბრძოლებ ბოლომდე. არ ვაპირებ სარჩელის გამოტანას. ამბობთ, რომ სარჩელის გამოტანას არ აპირებთ, მაგრამ გამორიცხვათ თქვენს დაკავებას?
- შეიძლება რაღაცა მიზეზი გამოძებნონ, რომ ჩემს წინააღმდეგ დაიწყოს სისხლის სამართლებლივი დევნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ობიექტური სასამართლოს და გამოძიების შემთხვევაში, ეს არ გამოუვათ. იმედი მაქვს, რომ სასამართლო ბევრად უფრო ობიექტური იქნება დღეს. ვაგრძელებ ბრძოლას, ვფიქრობ, რომ გამოძიება სიღრმისეულად ჩაწვდება პრობლემებს, არ გამოიტანს ვიღაცის და ამ შემთხვევაში კოკაიას და კაპანაძის საკეთილდღეო გადაწყვეყილებას. თუკი, ისევ უკანონო გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?