ნარმანიას მოწყალება - მერიის მაღალჩინოსნები დანამატს მიიღებენ

ნარმანიას მოწყალება - მერიის მაღალჩინოსნები დანამატს მიიღებენ

თბილისის მერიის 26 თანამდებობის პირი დანამატს მიიღებს. დანამატის ჯამური რაოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 060 ლარს შეადგენს. თბილისის მერის ბრძანებით, მერიის თანამდებობის პირებეზე დანამატი 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს.

ბრძანების მიხედვით, ყოველთვიურ დანამატს იღებენ დედაქალაქის ვიცე-მერი - 3540, მერის მოადგილე - 3360, მერიის ადმინისტრაციის უფროსი 3180, მისი პირველი მოადგილე - 2000 და მოადგილე - 1800, საქალაქო სამსახურის უფროსი - 2600, რაიონის გამგებელი - 2600, რაიონის გამგებლის მოადგილე - 1800, მერიის აპარატის (სამსახურის) მრჩეველი - 1300 ყოველთვიური დანამატი.

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე განმარტავს, რომ საჯარო მოხელეს 24 საათიან რეჟიმში უწევს მუშაობა და მისი შრომა შესაბამისი ანაზღაურებით უნდა დაფასდეს.

„მერიას საკრებულოს თანხმობა არ სჭირდება. ეს თანხები 2014 წლის ბიუჯეტში იმთავითვე იყო გათვალისწინებული. ამ თანხების გაწევა არ ხდება იმ 30 მილიონი საკრედიტო ხაზიდან, რომელიც მერიას საკრებულომ დაუმტკიცა. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობა უკვე არაერთგზისაა ინფორმირებული, რომ აღნიშნული თანხებიდან სოციალური, ბინათმესაკუთრეთა და ოლიმპიური სოფლის ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, გუნდს აღებული გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და ორიენტირებულები ვართ შედეგზე. აქედან გამომდინარე გვიწევს 24 საათიანი მუშაობა და მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პირადი განწყობით, დაუსაბუთებლად არ მიიღებს. ეკ ბესელია ამბობს, რომ დავით ნარმანია კარგი მეურნე, კარგი მერი და კარგი მენეჯერია, შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.

„თუ არ ვცდები, ეს არის გარკვეული ვადით შემოსაზღვრული დანამატი წლის ბოლომდე იმ კონკრეტული საჯარო მოხელეებისთვის, ვისაც საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა და ტვირთი აქვს. როგორც ჩანს, ამისთვის დასაბუთება მერს აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას პირადი განწყობით, დაუსაბუთებლად“, -აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

უმრავალესობის წევრი აცხადებს, რომ მთავრობას და ხელისუფლებას ერთნაირი მიდგომა აქვს და პრემიების გაცემა არ მოხდება თვითნებურად. საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის, ეკა ქარდავას განცხადებით, სახელფასო დანამატების საკითხზე ჯერ მუშაობა არ დაწყებულა. საკითხი ღიაა და რეგულირდება მოქმედი კანონის საფუძველზე. რაც შეეხება პრემიების საკითხს, ამაზე მუშაობა უკვე დასრულებულია. თუმცა, პრემიების გაცემის ახალი ნორმა თვითმმართველობებზე არ ვრცელდება. ქარდავა ამბობს, რომ თვითმმართველობებს შეუძლიათ, პრემიები დადგენილების საფუძველზე განსაზღვრონ. 

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ საჯარო სამსახურში მოხელეთა ანაზღაურების საკითხი, ერთიანი მიდგომით უნდა დარეგულირდეს. მისივე განცხადებით, თუ პრემირების საკითხთან დაკავშირებით სწორი მიდგომა არ ჩამოყალიბდა, საკითხი ყოველთვის იქნება გარაკვეული უთანხმოების საკითხი საზოგადოებაში.

„ძალიან მარტივი პრინციპი უნდა ედოს საჯარო სამსახურში სახელფასო საკითხს. ჩვენ, გადასახადის გადამხდელები და ამომრჩევლები ყველა მოხელეს, პრეზიდენტიდან დაწყებული, რიგითი ჩინოვნიკით დამთავრებული, ვქირაობთ სამუშაოს კარგად შესრულებისთვის და ამ კარგად შესრულებაში ვაძლევთ ხელფასს. თუ საჯარო სამსახურში საჯარო მოხელე არ ასრულებს კარგად რაიმე ვალდებულებას, იმას არ უნდა მიეცეს ხელფასი, უფრო კარგად შესრულება - ასეთი ცნება არ არსებობს.

ჩვენ ძალიან მახინჯი პრაქტიკაა. არაერთ ბრძანებას შეხვდებით, რომელშიც წერია, რომ პირს გამოეწეროს პრემია დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის. ამ ბრძანების გამომცემს უნდა ვკითხოთ, უკაცრავად, თუ კარგად მუშაობაში პრემიას აძლევ, მაშინ გამოდის, რომ ცუდად მუშაობაში უხდი ხელფასს? საჯარო სამსხურის შესახებ კანონი ამბობს, რომ დანამატი გაიცემა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესით. თვითმმართველობა არის ავტონომიური საკუთარ გადაწყვეტილებებში, მაგარამ თუ ერთიანი პოლიტიკა საჯარო სამსახურების შესახებ არ ჩამოყალიბდა, ყოველთვის იქნება ასეთი გადაწყვეტილებები“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

იურისტების შეფასებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და ვიდრე არ მოხდება კანონში სათანადო ცვლილებების განხორციელება, მუდმივად იქნება პრობლემები. 

მერიის ბრძანება დანამატებთან დაკავშირებით განპირობებულია იმით, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი არის აბსოლუტურად მოწყვეტილი რეალობას, ის ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. მისივე შეფასებით, პირველ ეტაპზე აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს და კანონმა გამიჯნოს ერთმანეთისგან რა არის პრემია, რა არის დანამატი, რა არის თანამდებობრივი სარგო, როდის რომელი გაიცემა, ანუ ეს რეგულაცია შემოიტანოს კანონმა და ამის შემდგომ გაცილებით იოლი იქნება სხვა ტიპის გადაწყვეტილებების მიღება.

საიას იურისტი სულხან სალაძე ამაბობს, რომ როდესაც მთავრობამ მიიღო დადგენილება და განსაზღვრა პრემიის გაცემის წესი, ის უნდა გავრცელებულიყო ყველა სახელმწიფო თუ ადმინისტრაციულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე. 

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, არსად ბრძანებაში არ წერია, რომ ვისზეც გაიცემა ყოველთვიური დანამატის სახით კონკრეტული თანხა, არ მიიღებენ პრემიას. მეორე, თბილისის მერიის გადაწყვეტილება შესაძლებელია გახდეს თვითმმართველობებისთვის და სხვა ადმინისტრაციული ორგანობისთვის ერთგვარი წინაპირობა იმისა, რომ მათაც იგივე ტიპის გადაწყვეტილება მიიღონ. დანამატის გაცემა ამ ბრძანების მიხედვით არანაირ შეფასებას არ საჭიროებს, ეს არის ჩვეულებრივი თანხა, რომელიც თანამდებობრივ სარგოზე ემატება“, - აცხადებს სულხან სალაძე.