იარაღზე ნებართვა გამოცდის ჩაბარების შემდეგ გაიცემა

იარაღზე ნებართვა გამოცდის ჩაბარების შემდეგ გაიცემა

სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციები მკაცრდება. ერთი მხრივ, იარაღის ნებართვაზე ასაკობრივი ცენზი წესდება და სამართალდარღვევებისთვის ჯარიმები იზრდება, მეორე მხრივ კი, ლიცენზიის მოპოვების მიზნით, პირს გამოცდის ჩაბარება და ტესტირების გავლა მოუწევს.

შესაბამისი ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტის სახით იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა მოამზადეს, რომელიც პარლამენტში უკვე წარადგინეს.

მთავრობის განმარტებით, პროექტის მიზანია, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია მოხდეს.

პროექტით, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ნებართვა იმ პირებზე არ გაიცემა, რომელთაც 23 წელი არ შესრულებიათ. ხოლო, სპორტული, გაზისა და სანადირო იარაღის შეძენა, შენახვა ან/და ტარების ნებართვაზე 21 წლიანი ასაკობრივი ზღვარი წესდება.

ცვლილებებით, ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელობაზე ნებართვას ვერ მიიღებენ ასევე ის პირები, რომლებიც ითვლებიან ადმინისტრაციულ სახდელდადებულად ისეთი სამართალდარღვევის ჩადენისთვის როგორიცაა: ნარკოტიკური საშუალებების გასაღება-შეძენა-შენახვა-მოხმარება (მუხლი 45-ე), მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონი დათესვა-მოყვანა-კულტივირება (მუხლი 100), წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166), საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის სმა, ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (მუხლი 171-ე), სამართალდამცავი ორგანოებისადმი დაუმორჩიელბლობა (მუხლი 173).

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით დგინდება, რომ ნებართვა არ გაიცემა, თუ ლიცენზიის მაძიებელს ნასამართლეობა არ აქვს მოხსნილი, ან გაქარწყლებული და ან/და იგი იყო მსჯავრდებული - მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. კერძოდ, ეს ნორმა შეეხება 235-ე მუხლს, 238-ე მუხლის პირველ პრიმა პუნქტს, 397-ე მუხლს, 236-ე მუხლს, 378-ე მუხლის პირველ პრიმა პუნქტს, ასევე 161-ე მუხლის მესამე პუნქტს, 161-ე მუხლის მეორე პუნქტს და 162-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისიწნებულ დანაშაულს.

გარდა ამისა, ინიციატივით კონკრეტდება, რომ ლიცენზია არ გაიცემა იმ პირზე, რომელიც დეპორტირებული არიან სხვა სახელმწიფოდან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ან/და იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის გამო.

რაც შეეხება იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნებართვაზე გამოცდის ჩაბარებას, კანონპროექტით, იარაღის ნებართვის მაძიებელი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას აბარებს. პროექტით, გამოცდის სახეებია - თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის ბრუნვის წესების ცოდნა, ასევე სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნა.

ზემოთ აღნიშნული გამოცდის ჩაბარების გარდა, ცვლილებებით, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია გაიაროს აგრეთვე სანდოობისა და პიროვნული შესაბამისობის შემოწმებაც, რაც დგინდება ტესტირების გზით. პროექტით, იარაღის ნებართვის მფლობელი პირი, რომელიც ახალი იარაღის შეძენისას აღნიშნულ ტესტირებას წარმატებით ვერ გაივლის, ვალდებულია მომსახურების სააგენტოში დადგენილი წესით წარადგინოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.

პროექტით, ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციას, საგამოცდო ბილეთებს და პირის სანდოობისა და პიროვნული შესაბამისობის შემოწმების (ტესტირების) გავლისს წესს შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს.

კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, ტესტირება მოიცავს პირის პიროვნული მაჩვენებლებიდან გამომდინარე მისგან საფრთხის რისკების, აგრესიისადმი მიდრეკილების დონის, ფსიქოლოგიური მდგრადობის, ემოციური სტაბილურობის, თავის კონტროლის უნარის, საიმედოობის ხარისხისა და რისკების მიმართ მზაობის შეფასებას.

მთავრობის ცნობით, ტესტირების მიზანია, მინიმუმამდე დაიყვანოს იმ პირთა მიმართ იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნან ადამიანის სიცოცხლეს და მართლწესრიგს.

საკანონმდებლო პაკეტიდან გამომდინარე, ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსშიც“ შედის და სამართალდარღვევებისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადები იზრდება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში გახშირებული მკვლელებებიდან გამომდინარე მიიღო. პროექტის ინიცირება პარლამენტში გუშინ მოხდა და მასზე მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება.