დაუმთავრებელი მშენებლობები თბილისის მოურჩენელ სენად იქცა. თბილისელების გამტანჯველი და ქალაქის იერსახის დამამახინჯებელ აჩონჩხილ კორპუსებს ვერც გაკოტრებულმა მშენებლებმა მოუხერხეს რამე, ვერც თავად მობინადრეებმა და ვერც დედაქალაქის ხელმძღვანელობამ. უკვე მე-7 წელია პრობლემის მოგვარების მხრივ წინ ნაბიჯიც კი არ გადადგმულა.
როგორც ჩანს, ამჯერად დავით ნარმანიას უწყება ყინულის დაძვრას აპირებს, ოღონდ ეს ყველაფერი 2015 წლიდან მოხდება, ანუ როდესაც ახალი ბიუჯეტი შევა ძალაში. მერიაში ამბობენ, რომ ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარის გამოყოფასაც აპირებენ. დეტალები კი მას შემდეგ დაზუსტდება, როდესაც საკრებულო თბილისის ბიუჯეტს მიიღებს.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსების დასრულებისთვის ბიუჯეტში სახსრების გათვალისწინებას წლის დასაწყისიდანაც ითხოვდა. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ბიუჯეტში უნდა გათვალისწინებულიყო გარკვეული თანხა დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსების დასასრულებლად, ასევე სახელმწიფოს შიდა ვალად აღიარებული იმ კოოპერატიული მშენებლობისთვის, რომელიც 2005 წელს მერიას ბიუჯეტში ჰქონდა გათვალისწინებული და არ შეუსრულებია.
ზუმბაძის გამოთვლით, ამ ეტაპზე, დაახლოებით, 10 მილიონი ლარის გამოყოფა საკმარისი იქნებოდა.
„საბინაო პრობლემასთან დაკავშირებით ერთიანი პოლიტიკა ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ პრობლემა სერიოზულია და მისი დაძლევის მიმართულებით პროცესი უნდა დავიწყოთ როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე“, - აღნიშნავდა გულიკო ზუმბაძემ.
მისივე თქმით, საჭიროა, ქვეყანაში დაიწყოს თანმიმდევრული პოლიტიკა უბინაო მოქალაქეებისათვის სოციალურ საცხოვრებელზე ნორმალური პირობებით უზრუნველყოფისთვის. ამისთვის კი უნდა დაიწყოს შესაბამის კონცეფციაზე მუშაობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
დღეს უკვე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძე ადასტურებს, რომ გარკვეული წინსვლა დამთავრებელი მშენებლობების მიმართულებით უკვე შეიმჩნევა. ამ ეტაპზე დაუსრულებელი შენობების შესწავლა მიმდინარეობს და მალე დადგინდება, შესაძლებელია თუ არა ზოგიერთ მათგანზე მშენებლობის გაგრძელება.
„დედაქალაქის მერია გაისად ბიუჯეტში გარკვეული რაოდენობის თანხის ჩადებას გეგმავს, რათა რამდენიმე დაწყებული კორპუსის მშენებლობა დასრულდეს. ჯერჯერობით თანხის დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ იმიტომ, რომ ბიუჯეტის პროექტზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა. შესაბამისად, ცოტა ადრეა ამაზე საუბარი, რადგან ბიუჯეტი ჯერ არ არის დამტკიცებული. დღესდღეობით მხოლოდ შესწავლა მიმდინარეობს შესაძლებელია თუ არა ზოგიერთი კორპუსის დასრულება. ამიტომ ამჟამად ვერაფერს დავაკონკრეტებ, თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 2015 წელს სერიოზული წინსვლა გვექნება“, - ამბობს ავთანდილ სუდაძე.
დედაალაქის ახალი ბიუჯეტი, სავარაუდოდ, დეკემბერში დამტკიცდება. საკრებულოს შემადგენლობდან გამომდინარე, შარშანდელი სცენარი გამორიცხულია (შარშან თბილისის მერიამ და საკრებულომ ვერ შეძლეს შეთანხმება და რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისი ბიუჯეტის გარეშე „ცხოვრობდა“). ასე რომ, დაუმთავრებელი მშენებლობების კუთხით სიახლეს უკვე იანვარ-თებერვლიდან უნდა ველოდოთ.