საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ხელისუფლება ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს აძლიერებს. მთავრობა სააგენტოს უფლებამოსილების არეალს უზრდის და ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს გამოუყოფს.
შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში დღეს მოხდა.
მთავრობის ინიციატივით, სააგენტო საინვესტიციო პროექტების მონიტორინგს განახორციელებს და მთავრობას დაექვემდებარება. პროექტით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტო ვალდებულია, მთავრობასა და სხვა ორგანოებს რეკომენდაციებით მიმართოს. ასევე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე წარმოებული კვლევების შესახებ ინფორმაცია შეაგროვოს, ბიზნესისა და საინვესტიციო საკითხზე კვლევა აწარმოოს და შესაბამისი საინფორმაციო ბანკი შექმნას.
ცვლილებებით, სააგენტომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული პირების სათანადო ინფორმაციით უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს და მათ საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურება გაუწიოს.
ამასთანავე, ინიციატივით, სააგენტომ საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის სიანვესტიციო გარემოს ცნობადობის ამაღლებას ხელი უნდა შეუწყოს.
კანონპროექტით, სააგენტო უფლებამოსილია იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობაში. ასევე, სააგენტო მოახდენს ინვესტორის დახმარებას ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში. აღსანიშნავია, რომ სააგენტოსთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება ინვესტორს არ ზღუდავს ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა უშუალოდ ან სხვა წარმომადგენელის მეშვეობით აწარმოოს.
ცვლილებებით, ერთი მხრივ, სააგენტო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე, მეორე მხრივ კი, ყოველ ექვს თვეში აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე ანგარიშით წარსდგება. სააგენტოს დირექტორს პოსტზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
რაც შეეხება სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგად დაგეგმილ ხარჯებს, მთავრობის განმარტებით, ამ ეტაპზე, სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობა 29 ერთეულს შეადგენს და ეს რაოდენობა 38 საშტატო ერთეულამდე გაიზრდება.
მათი ცნობით, 2015 წლისთვის სააგენტოს წლიური თანანმდებობრივი სარგო 571 800 ლარს შეადგენს, რომელიც დაგეგმილი ცვლილებებით, 727 800 ლარამდე გაიზრდება.
მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, კვლევებისთვის დაგეგმილი ხარჯი 730 000 ლარს შეადგენს, რაც 2015 წლისთვის 1000 000 ლარამდე გაიზრდება.
პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.