„უკვე დადგა ჟამი სამართლინობის აღდგენის და მათ შორის 2013 წელს დაშავებული საქმეების გამოძიების. კითხვა მაინც გააჟღერონ იმის თაობაზე რა იქნა ლაშა ნაცვლიშვილი. რა პირობებში მიატოვა მან პროკურატურა და რაიმე რჩევა ხომ არ დაუტოვა თავის მემკვიდრეს. 2013 წლის პროკურატურას მართავდა ბატონი ნაცვლიშვილი და არა კბილაშვილი“, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, ის ფაქტი, რომ იუსტიციის მინისტრი არ აკონტროლებს მთავარ პროკურატურას, არანაირად არ ათავისუფლებს ამ უწყებას ვალდებულებისგან.
for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
ხელისუფლების შეცვლიდან ორი წელი გავიდა, თუმცა ადამიანები ამ დრომდე ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას და დამნაშავეთა დასჯას. პროკურატურაში შესული განცხადებების სიმრავლის მიუხედავად, არც ერთ საქმეზე რეაგირება არ ყოფილა. რატომ დუმს პროკურატურა ამ საქმეებთან დაკავშირებით?
- საქართველოს პროკურატურას აღარ აქვს იმდენი ენერგია, რომ თავად გამოიღვიძოს, რეანიმაციულ განყოფილებაშია და ადამიანებს, რომლებსაც ხელეწიფებათ სამართლიანი პროცესების მართვა, გადასაწყვეტი აქვთ საბოლოოდ მოსპონ პროკურატურის ფუნქცია და რაიმე სხვა საქმიანობით დააკავონ პროკურორები. როდესაც ბატონი კბილაშვილი იყო პროკურორი, ასეთი ნება ხელისუფლებას არ გააჩნდა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, მესამე პროკურორია ამ უწყების სათავეში, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა რატომღაც დაიწყო უმაღლესი თანამდებობის პირთა მიმართ სასამართლო პროცესით.
10 ათასამდე განცხადებაზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს აიძულებდა დასახმარებლად მიემართა პროკურატურისთვის, ამ მხრივ, შესაძლოა, თითზე ჩამოსათვლელი შედეგი დავინახოთ. ისიც, თუ გვარს და გავლენებს ჩავწვდებით, ათასობით საქმეებიდან დასრულებული საქმეები შემთხვევით არ იქნებოდა ამორჩეული.
გავლენიან საქმეშე რას გულისხმობთ?
- ეს გახლავთ „ქართუს“ მიმართ შეგნებულად გატარებული აქციები, ასევე გარკვეული საწარმოების დაყადაღება. ასევე, ერთადერთი საკითხი, რომელიც თავიდან ბოლომდე გაირკვა და მივიდა ისეთ ფინალამდე, რომელ ფინალამდეც უნდა მივიდეს ყველა სხვა დანარჩენი საქმე, გახლავთ გენერალ თამაზაშვილის ქეისი. უკვე დადგა ჟამი სამართლინობის აღდგენის და მათ შორის 2013 წელს დაშავებული საქმეების გამოძიება და კითხვა მაინც გააჟღერონ იმის თაობაზე რა იქნა ლაშა ნაცვლიშვილი, რა პირობებში მიატოვა მან პროკურატურა და რაიმე რჩევა ხომ არ დაუტოვა თავის მემკვიდრეს? რადგან, 2013 წლის პროკურატურას მართავდა ბატონი ნაცვლიშვილი და არა კბილაშვილი.
იქნებ ისიც გვითხრან, საქართველოში აკრედიტირებული ელჩები რატომ მიდიოდნენ სამართლიანობის თემის გასარჩევად ნაცვლიშვილთან და კბილაშვილთან, მათ შესანიშნავად ესმოდათ ვინ იყო მთავარი მოქმედი პირი პროკურატურაში. ადეიშვილი გაიქცა იმიტომ, რომ გასაქცევად ჰქონდა საქმე. თუ ნაცვლიშვილიც გაიქცა, მაშინ მასაც ჰქონია გასაქცევად საქმე. იქნებ ჯერ ეს მოგვიყვეს პროკურატურამ და მერე შექმნას ჯგუფი, რომელზეც ადრე საუბრობდა ქალბატონი იუსტიციის მინისტრი. რატომღაც ესეც აღმოჩნდა ფუჭი საუბრები, რადგან შედეგი არ დამდგარა. ანუ, ფაქტი იმისა, რომ პოლიტიკური ნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ჯგუფში (არ ვსაუბრობ მთელს კოალიციაზე), არ არსებობდა და ეს გამოჩნდა.
როგორ ფიქრობთ, რატომ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება? ბიზნესმენები, რომლებიც დღემდე ითხოვენ საკუთარი ქონების დაბრუნებას, ღიად ამბობენ, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს სწორედ იმიტომ, რომ ამ ბიზნესის გადანაწილებით ახალი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არიან დაკავებული...
- ამაზე უპრიანია ისაუბრონ პოლიტიკოსებმა, ჩვენ უბრალოდ ფაქტს ვაფიქსირებთ. არც კბილაშვილის გადადგომა იყო შემთხვევითი. სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, მან ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობისგან უკმაყოფილების ცეცხლი მიიღო საკუთარ თავზე. როგორც ჩანს, ბატონი კბილაშვილი მეტ ინფორმაციას ფლობდა რა ტიპის პოლტიკური ნება არსებობდა ხელისუფლებაში და შესაძლოა ამიტომ განერიდა პროცესებს.
ჩვენთან მოიკოჭლებს საზოგადოებრივი კონტროლი და არასამთავრობო სექტორის სისტემური მონიტორინგი პროკურატურის საქმიანობაზე. კადრების ნახევრაზე მეტი ჯერ კიდევ ადეიშვილის დანიშნულია და დიდი ალბათობით, დღესაც ადეიშვილის დავალებას ასრულებენ. ჩვენ ამის მოწმენი ვართ, ისეთი ნაბიჯებია გადადგმული სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომელიც უპირველეს ყოვლისა ვნებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
დღემდე არაა გაჟღერებული ვის მოუვიდა თავში ნატოს გენერალური მდივნის სტუმრობისას დაეკავებინათ მასიურად გამგებლები და თბილისის მერიის თანამშრომლები. განა მავნებლობა არაა, როდესც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე, სულ რამდენიმე დღით ადრე დაყადაღებული იქნა ყოფილი პრეზიდენტის ქონება, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრების?
და თქვენ თვლით, რომ ეს არის საბოტაჟი სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დღემდე დაკავშირებული არიან ადეიშვილთან?
- რა არის ბატონი ადეიშვილის ინტერესში, წარმატება დღევანდელი საგამოძიებო ორგანოების თუ საბოტაჟი? - რა თქმა უნდა, - საბოტაჟი, ისევე როგორც იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების განმავლობაში ამკვიდრებდნენ ქვეყანაში უსამართლობას. უფრო მეტიც, არსებობს ფაქტები, როდესაც ხდება დაშანტაჟება და არა მხოლოდ ამ სტრუქტურაში, არამედ სასამართლო სისტემაში იმ ფარული ჩანწერებით და ფარული ვიდეო კადრებით, რომელიც როგორც ჩანს, საკმარისზე მეტი აქვს შემონახული ნაციონალებს პროკურორებისა და მოსამართლეების შესაბოჭად.
ვიდრე ზერელე განცხადება ვრცელდება იმის თაობაზე, რომ ყოფილი ხელისუფლება შეიარაღებულია უკანონო ჩანაწერებით, რასაკვირველია, ეს არ გვაძლევს რაიმე სანდოობის განცდას ხელისუფლების მიმართ. თუ ორი წელია ეს ამბავი იციან და ვერ გამოიძიეს, ვერც ერთი ადამიანი ვერ გამოააშკარავეს, მაშინ იმაზე მაინც დაფიქრდნენ, თვითონ ვინც ეძებს ჩანაწერებს, იმავე გუნდის წარმომადაგენელი ხომ არაა?
ამ ვითარებაში, რა გზა რჩებათ იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე სამართლიანობას ითხოვენ?
- ზეწოლა უნდა მოხდეს იუსტიციის სამინისტროზე, რომელიც შესაძლოა მშვენივრად ჩამოყალიბებულ წინადადებს ამზადებს ხოლმე, ამა თუ იმ კანონის შესაცვლელად, მაგრამ ამ საქმის მიმართ ის ინიციატივა, რომელიც გააჟღერა, ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ის ფაქტი, რომ იუსტიციის მინისტრი არ აკონტროლებს მთავარ პროკურატურას, არანაირად არ ათავისუფლებს ამ უწყებას და ქალბატონ მინისტრს ვალდებულებისგან.