მორიგი „ოქტომბრის გაელვება“ - პოლიტიკაში მოსვლიდან 3 და ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის თავზე ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ კიდევ ერთხელ გამოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლმა 6 ოქტომბერს საზოგადოებას ორი პროგრამა წარუდგინა. თუმცა პროექტების პრეზენტაციაზე მას პასიური როლი ჰქონდა - მხოლოდ დარბაზიდან ადევნებდა თვალს „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტორის ნიკოლოზ ჩხეტიანისა და „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის გამოსვლებს.
პროექტების შესახებ ყოფილ პრემიერს, მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბარი მაინც მოუწია. პოლიტიკურ თემებზე დასმული კითხვები კი რამდენჯერმე შემდეგი სიტყვებით „მოიგერია“ – „პოლიტიკაზე არა“, „პოლიტიკური არა, მხოლოდ ამ თემაზე ვსაუბრობ“.
ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ორგანიზაცია „მოქალაქის“ აქტიურობა საზოგადოებამ მის მიერ წარმოდგენილი პროექტებით უნდა შეაფასოს. როგორც თავად განმარტავს, საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდნენ პროექტებზე, რომლის მიზანი სახელმწიფოს მართვაში ახალგაზრდების ჩართვა და მონაწილეობაა.
„ორი გრანდიოზული პროექტი დავიწყეთ საქართველოს მასშტაბით, ვემზადებოდით ძალიან სერიოზულად, კიდევ გვაქვს სხვა პროეტები და მალე ამასაც იხილავთ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„მოქალაქის“ დამფუძნებელი პროექტების ბიუჯეტზე კონკრეტული რიცხვებით არ საუბრობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ თითოეული პროექტი მილიონ ლარზე ნაკლები არ დაჯდება.
„ბიუჯეტი არ არის შეზღუდული, ეს იცის კონკურსის წამყვანმა, მაგრამ არც გადაჭარბება შეიძლება. არანაკლებ მილიონი დაჯდება თითო პროექტი, როგორც მე წარმომიდგენია. შედეგი უნდა იყოს ის, რაც გვაქვს მიზანი - ახალგაზრდები უნდა იყვნენ აქტიურნი სახელმწიფოს აღმშენებლობაში. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოწმეების როლში, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, პირველ რიგში, ახალგაზრდებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი სამშობლო და მათი ქვეყანა, პირველ რიგში, მოითხოვს სახელმწიფოს კარგ ფუნქციონირებას და მის წარმატებულ ფუნქციონირებაში აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა. თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თითოეულმა მოქალაქემ და კარგი იქნება, თუ ამას შევეჩვევით სკოლის მერხებიდან. განსაკუთრებით საინტერესო იქნება პროცესში სტუდენტების ჩართულობა“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
„მოქალაქის“ დაფუძნების პირველივე დღეებიდან დაანონსებული ე.წ. ჟურნალისტების გადამზადების პროგრამა კი, სავარაუდოდ, აღარ განხორციელდება. ივანიშვილი განმარტავს, რომ ინიციატივას სათანადო გამოხმაურება არ მოჰყვა და ჟურნალისტები სასწავლო პროგრამით ჯეროვნად არ დაინტერესდნენ.
„ჟურნალისტებზე, როგორც მოგეხსენებათ, გამოვაცხადეთ კონკურსი და განაცხადების მიღება. როგორც მე ვიცი, აქტიურობა არ ყოფილა, ძალიან მცირე ნაწილმა მოისურვა... როგორც მე ვიცი, ანალიტიკოსების მომზადება გრძელდება, ხოლო ჟურნალისტების მხრიდან აქტიურობა არ გამოვლენილა. როგორც ვიცი, ამას შედეგი არ მოჰყოლია, რამეთუ, მსურველი ბევრი არ იყო“, - აცხადებს ივანიშვილი და განმარტავს, რომ უახლოეს პერიოდში მასშტაბური პრესკონფერენციების მოწყობაზე არ ფიქრობს, მაგრამ ტელეპროექტზე მუშაობას განაგრძობს და საკითხის დეტალებს ახლო მომავალში გაახმაურებს.
„ვამზადებ ტელეპროექტს, ამაზე მეტს ვერ გეტყვით, რამეთუ, დაზუსტებული არ გვაქვს. ყველაზე გვიან, ახალ წლამდე, ყველაზე ადრე - ერთ თვეში, ალბათ, ამ პროექტით მე გამოვჩნდები კვირაში ერთხელ მაინც და ვიქნები აქტიური“,- აცხადებს „მოქალაქის“ დამფუძნებელი.
საკუთარ ტელეპროექტამდე მაყურებელი ივანიშვილს, სავარაუდოდ, სხვა ტელეეთერებში იხილავს. პრეზენტაციის დასასრულს ჟურნალისტებმა მას პირდაპირ ეთერებში სტუმრობა შესთავაზეს და უარიც არ მიუღიათ. თუ ეს „თანხმობა“ რეალური აღმოჩნდება, რამდენიმე კვირის შემდეგ იგი, შესაძლოა, ტელემაყურებელმა გიორგი გაბუნიას „არჩევანში“ და „მაესტროს ცხრიანის“ ღია ეთერებში იხილოს.
რაც შეეხება პრეზენტაციაზე წარმოდგენილ „მოქალაქის“ პროექტებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთი პროექტი მოსწავლეებისთვისაა, მეორე - სტუდენტებისთვის.
„სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში“ მონაწილობა ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა სკოლის IX-XII კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ.
პირველი ტურში მოსწავლეები კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ჩაერთვებიან და იქნება მხოლოდ არჩევითი პასუხიანი დავალებები, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმას ეყრდნობა. მოსწავლეს არეგისტრირებს სკოლა. დირექტორი გამოყოფს პასუხისმგებელ პირს, ხშირ შემთხვევაში კი, ეს პირი თავად სკოლის დირექტორი იქნება. რეგისტრაცია 7 ოქტომბერს დაიწყება და 31 ოქტომბრამდე გასტანს.
პროგრამა არაქართულენოვანი სკოლებისთვისაც იმუშავებს - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ოლიმპიადაში მონაწილობა საკუთარ ენებზე შეეძლებათ - ტესტური დავალებები თარგმნილი იქნება აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
პირველი ტურიდან 2 ათასი მოსწავლე შეირჩევა, მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს კი ღია დავალებების შესრულება არგუმენტებული მსჯელობით მოუწევთ. რაც შეეხება მესამე ტურს, ის ორი ნაწილისგან შედგება - 200 შერჩეული მოსწავლე ესეს დაწერს და ამ ნამუშევრების მიხედვით, შემდეგ ეტაპზე 20 მოსწავლე გადავა. 20 წარმატებულ მოსწავლეს კონკრეტულ თემაზე პრეზენტაციის გამართვა სპეციალურად შერჩეული კომისიის წინაშე მოუწევს. ჯილდოები და პრიზები - მეორე ტურში გასულებისთვისაც იქნება. ოლიმპიადის წარმატებულ მოსწავლეებს კი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გამგზავრების და ენის კურსების გავლის შესაძლებლობაც ექნებათ.
„სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის“ შესახებ ინფორმაციები ამავე სახელწოდების „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდება, აქვე იქნება ოლიმპიადასთან დაკავშირებული ვიდეოლექციებიც. ვიდეოლექციებს „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ თანამშრომლები გაუძღვებიან.
რაც შეეხება სტუდენტებისთვის განკუთვნილ პროექტს -„სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ - მისი მთავარი მიზანი ქვეყნის მართვის პროცესში სტუდენტების აქტიურად ჩართვაა.
„უნიკალური პროექტია. ასეთი პროექტი ჩემს ქვეყანაში ნამდვილად არ განხორციელებულა“,- ასე აფასებს სტუდენტურ პროექტს „შეფასებისა და გამოცდების“ ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. „მოქალაქის“ პროექტი სწორედ აღნიშნული ცენტრის დახმარებით ხორციელდება.
პროექტში მონაწილეობისთვის სტუდენტების რეგისტრაცია 7 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. სტუდენტები კონკურსში გუნდების სახით ერთვებიან და გამარჯვებისთვის ერთად იბრძვიან.
პირველ საკონკურსო ეტაპზე გუნდმა უნდა წარმოადგინოს ლიდერი, ჯუფის წევრები, უნივერსიტეტი, სადაც სწავლობენ და გუნდის წევრების სავარაუდო წვლილი შემდგომ საქმიანობაში. პირველ ეტაპზე, ჯგუფებს ე.წ. სიმულაციური სავარჯიშოს შესრულება მოუწევთ. მანამდე კი დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ პირობითი, ბუნებაში არარასებული მუნიციპალიტეტის შესახებ. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით მათ უნდა აღწერონ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები, შეძლონ მათი იდენტიფიკაცია და პრიორიტეტების დასახვა. ასევე, აღრიცხული პრობლემების გადაწყვეტის სავარაუდო გზების გამოძებნა და ზოგადი ანალიზის მომზადება.
ყველა სტუდენტურ გუნდს ექნება ერთი და იგივე დავალება. დიდი ყურადღება დაეთმობა გუნდის შექმნას და გუნდის წევრების შერჩევას - სასურველია სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტების შერჩევა.
შემდეგ ეტაპზე გადასული გუნდები კი უკვე რეალური მუნიციპალიტეტების პრობლემებზე იმუშავებენ, კონკრეტული მუნიციპალიტეტების განვითარების ხედვას მოამზადებენ და ამ მიზნით, ანალიტიკურ დოკუმენტებს შეიმუშავებენ.
კონკურსის გამარჯვებულებს პრიზებს ორგანიზაცია „მოქალაქე“ გადასცემს. სხვა პრიზებთან ერთად, გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური განვითარებული თვითმმართველობის მქონე ევროპის ქვეყნებში.