რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის პირველი მოსმენით მიღება გადადო. განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის წინააღმდეგ უმრავლესობამაც გაილაშქრა. როგორც ჩანს, ხელისუფლების ორი შტო ერთ აზრამდე ასე ადვილად ვერ მივა. საინტერესოა, რას ითვალისწინებს განათლების კანონი და რატომ არის მის ირგვლივ ამხელა ააჟიოტაჟი?
კანონპროექტი მასწავლებელთა კატეგორიებად დაყოფას (მენტორი, უფროსი, წამყვანი და პრაქტიკოსი), ხოლო მასწავლებლის მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, მისთვის პედაგოგის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. უფლებამოსილების შეჩერება დირექტორის მიმართაც დაშვებულია.
დოკუმენტის მიხედვით, სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის შესაძლებელი იქნება სერტიფიკატის ჩამორთმევა, ხოლო პედაგოგს მის მიმართ განხორციელებული ამგვარი ქმედების სასამართლოში გასაჩივრების უფლება ეძლევა.
განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი მასწავლებელზეა ორიენტირებული. უწყებამ რვა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შეისწავლა. რაც შეეხება მასწავლებელთა ოთხ დონედ დაყოფას, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ 4 კატეგორია მინიმალურია, რადგან ევროპულ ქვეყნებში 6, 7 და მეტი დონეც არის.
ასეთი მიდგომა მიუღებელი აღმოჩნდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის ვანო კიღურაძისთვის. იგი აცხადებს, რომ მასწავლებლები საცდელი ბაჭიები არ არიან.
არსებულმა სქემამ ვერ გაამართლა, შედეგები არის სავალალო და სამწუხარო, როცა 62 ათასი მასწავლებლიდან სასერტიფიკაციო გამოცდები 42 ათასმა ვერ ჩააბარა. კიღურაძის თქმით, „მასწავლებელთა სერტიფიცირების არსებული წესი რომ შესაცვლელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობდეს, მაგრამ როცა ერთი სქემა მეორე სქემით იცვლება, საჭიროა დაფიქრება და საკითხის კარგად აწონ-დაწონვა. კანონპროექტში სტატუსები შეტანილია, თუმცა არც ერთი ეს სტატუსი დაკონკრეტებული და განმარტებული არ არის. მინდა მივმართო განათლების სამინისტროს - მასწავლებლები საცდელი ბაჭიები არ არიან. როცა ახალი სქემა შემოგაქვთ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს გათვალისწინებული, ყველა ტერმინი და ცნება ბოლომდე განმარტებული. ერთი გამოცდის ჩატარება ვერ შევძელით, ესე იგი რაღაც პრინციპები ვერ შევიმუშავეთ და როგორ შეძლებთ მასწავლებელების ოთხ კატეგორიად დაყოფას?! რა აზრობრივი დატვირთვა აქვს ამ ტერმინებს, ცხადად არ არის წარმოდგენილი, რა დევს თითოეული ტერმინის უკან და რა აზრობრივი დატვირთვა გააჩნია“, - განაცხადა კიღურაძემ.
დოკუმენტის მიღებას ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო უმცირესობის წევრები და უმრავლესობის ნაწილიც. დეპუტატებისათვის გაუგებარია მასწავლებელთა სერტიფიცირების ალტერნატიული მოდელის არსი და მასწავლებელთა პროფესიული გრადაციის პრინციპები.
როგორც ინიციატივის განხილვისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, ნორმების სიზუსტე და კონკრეტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ კანონთან დაკავშირებით, რომელთანაც შეხება მოსახლეობის ძალიან დიდ რაოდენობას აქვს. ხმალაძემ პროექტში კორუფციული ნორმების გაჩენის საფრთხეც დაინახა.
დღევანდელი კანონმდებლობით, ყველა მოქმედ მასწავლებელს 2014 წლის ბოლომდე უნდა ჩაებარებინა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ მასწავლებლებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისათვის, რათა დაემტკიცებინათ საკუთარი კვალიფიკაცია.
„სამწუხაროა, რომ ადამიანებმა ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეძლეს არც თუ რთული გამოცდის ჩაბარება. ამ გამოცდით საგნის თეორიული ცოდნა და სწავლების მეთოდიკა მოწმდებოდა. ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი, რაც ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს, რომ შემდეგ, სკოლაში ბავშვებს ასწავლოს, ჰქონდეს შესაძლებლობა შედგეს, როგორც წარმატებული მასწავლებელი.
ახლა გვაქვს ასეთი რეალობა - გვყავს 20 ათასამდე სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომლებმაც სახელმწიფოს დაუმტკიცეს თავიანთი კვალიფიკაცია, 42 ათასი არასერტიფიცირებული მასწავლებელი, ასევე 2000 სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომლებიც არიან სისტემის მიღმა. ეს არის მოცემულობა, რომელიც არ უნდა შევაფასოთ როგორც კატასტროფული, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ნათელი რეგულაციების პირობებში ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას შეიძლება მოუნდეს სკოლაში მუშაობის დაწყება. სახელმწიფოს სამომავლო მიზანი უნდა იყოს სერტიფიცირებული მასწავლებელი და ახალგაზრდა ნიჭიერი კადრის სკოლაში მოზიდვა“, - ამბობს თამარ მოსიაშვილი.
როგორ მიანიჭებენ კატეგორიებს, როგორ შეინარჩუნებენ მას, რა იქნება პროფესიული განვითარებისა თუ კარიერული ზრდის პრინციპები, ასევე რა მექანიზმები აღიწერება მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალ სქემაში, საქართველოს მთავრობას ჯერ არ დაუმტკიცებია. ცნობილია, რომ ერთი კატეგორიიდან მეორეზე გადასვლა მასწავლებელს დაუდასტურდება შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატით.
კანონპროექტის მიხედვით, მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობაზე დაკვირვებისა და შეფასების საფუძველზე მასწავლებელი კრედიტ-ქულებს აგროვებს, რის საფუძველზეც შესაბამის კატეგორიას მიანიჭებს საიდენტიფიკაციო კომისია. ჯერ ისიც არ არის გარკვეული თუ როგორ აისახება მასწავლებლის კვალიფიკაცია მისი ხელფასის ოდენობაზე.