სავიზო პოლიტიკა გადაიხედება

სავიზო პოლიტიკა გადაიხედება

„ახალი სავიზო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ, თუ რაიმე ხარვეზი გამოიკვეთა, ჩვენ აუცილებლად გავასწორებთ“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილს თქმით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. საქართველოში 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა.

ასევე 24 ქვეყანას, მათ შორის, ერაყს, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციას, ჩილეს, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკას და სხვა, გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, ხოლო ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 90-დღეზე მეტი ხნით, საემიგრაციო ვიზა უნდა აიღოს. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მათ შორის იმ ქვეყნებზე, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

საქართველოს ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს. ვიზები გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. უცხოელმა, რომლის წარმოშობის ქვეყანაში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ახლომდებარე საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას უნდა მიმართოს.

კანონის მიხედვით, ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი კანონი პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტში მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბერალური სავიზო პოლიტიკის შეცვლის და ე.წ. დაბალანსებულ სავიზო პოლიტიკაზე გადასვლის მიზეზად მიგრაციული პროცესების მართვის აუცილებლობას ასახელებს.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კანონში ცვლილებები შესაძლოა, იმ ნაწილში განხორციელდეს, რომელიც მძღოლებს ეხებათ, რათა მათ საზღვარზე დიდი ხნით ლოდინი არ მოუწიოთ. წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ კანონი, რომელიც ძალაში 1 სექტემბერს შევიდა, ქვაკუთხედია, რომელმაც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში სწრაფი ნაბიჯით წასვლის შესაძლებლობა მისცა.

„ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით გაგრძელდეს. თუმცა პრემიერთან ყოველი ინდივიდუალური შემთხვევა განვიხილეთ, რომელიც შეიძლება, რომელიმე უცხოელი პირისთვის დისკომფორტს ან საბუთების მიღების შეუძლებლობას ქმნის. ყველა ამ შემთხვევას ჩვენ ერთი კვირის ვადაში გამოსავალს გამოვუძებნით და არ არის გამორიცხული, რომ კანონში ერთადერთი შესწორება შევიდეს. მძღოლებს, რომლებსაც სამწუხაროდ საზღვარზე უფრო მეტი ლოდინი უწევთ, ვიდრე უნდა უწევდეთ და შეიძლება მათ გარკვეული შეღავათი გავუწიოთ. სხვა მხრივ კი, კანონის მთავარი პრინციპების შეცვლა არ იგეგემება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ხარვეზები სახეზეა, სხვა შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. მისივე თქმით, რეაგირება დროულია, რადგან, სრულიად გაუგებრობაში აღმოჩნდნენ საზღვარგარეთელი სტუდენტები და სპეციალისტები, რომლებიც საქმიანობენ და სწავალობენ საქართველოში.

„მათ ახალი კანონით დაბრუნება უწევთ საკუთარ სამშობლოში და იქ ადგილზე, საქართველოს საკონსულოში ახალი ვიზის მოთხოვნა. ეს ძალიან დაუფიქრებელი ფორმატია და თუ ეს ხარვეზი გამოსწორდება, საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს შეეძლებათ, რომ აქვე გაიგრძელონ ვიზა, რასაკვირველია ისინი აცდებიან უზრმაზარ ხარჯებს და ბევრი მათგანი არ ჩაიქნევს ხელს და არ დარჩება საკუთარ სამშობლოში.

დღესაც თვალწინ მიდგას ამერიკელი ახალგაზრდა ქალბატონის სახე, რომელიც ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის და სასოწარკვეთილი საუბრობდა იმაზე, რომ ახლა მოუწევს შეწყვიტოს სასწავლო პროცესი, დაბრუნდეს აშშ-ში და იქედან სცადოს ქართული საკონსულოს საშუალებით უკან დაბრუნება. თავადაც ეტყობოდა, რომ საქართველოში დაბრუნების სურვილი არ გაუჩნდებოდა“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი იმედოვნებს, რომ კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ შეიცვლება წესები. მისი თქმით, ევროკავშირის და აშშ-ის მოქალაქეებს შეუმცირეს საქართველოში ყოფნის ვადა და დაიყვანეს იმ პირობებზე, რომელსაც, როგორც წესი, შენგენის არეალი უწესებს პარტნიორ სახელმწიფოებს.

„ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ძალიან მნიშვენოვანია უცხოელი კადრები, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოვიდეს მეტი ბიზნესმენი. რასაკვირველია, ამის გამკაცრება განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლიდანაც არანაირი საფრთხე არ გვემუქრება არალეგალური მიგრაციის ან სოციალური და კრიმინალური კუთხით, ალბათ, არ იყო საჭირო სავიზო რეჟიმის გამკაცრება.

რაც შეეხება მესამე ქვეყნებს, ანუ არაევროკავშირის წევრებს, თუ რეჟიმის გამკაცრება ხდება, ამას უნდა ჰქონდეს გარდამავალი პერიოდი, რომ არ გართულდეს ადამიანებისათვის მდგომარეობა. ასევე მგონია, სწორი არაა მიდგომაც, რომ აუცილელად ამერიკაში უნდა წავიდეს იმისათვის, რომ ადამიანმა საკონსულოში აიღოს ვიზა. ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, მათთვის უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ საქართველოშივე მოხდეს ვიზის გაგრძელება“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.