როდესაც რომელიმე დიდი ადგილი გათავისუფლდება ვინმეს გარდაცველების ან დაქვეითების გამო (ეს უკანასკნელი ხშირია), თანამდებობის ხუთი ან ექვსი მაძიებელი იმპერატორს მიართმევს თხოვნას, რათა მისმა ბრწყინვალებამ და სასახლემ მათ თოკზე ცეკვის ნება დართონ. ამგვარად, ის, ვინც ყველაზე მაღლა ახტება და თოკიდან არ ჩამოვარდება, სასურველ თანამდებობას მიიღებს. ხშირად დიდ-დიდ მინისტრებსაც უბრძანებენ, გამოავლინონ თავიანთი ოსტატობა და ამით დაარწმუნონ მისი უდიდებულესობა, რომ ეს უნარი დაკარგული არა აქვთ.
(ჯონათან სვიფტი, „გულივერის მოგზაურობა“)
თითქმის ექვსი თვეა აღარ დამიწერია „ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში“, არადა ექვს თვეში ოცდაოთხ კვირაზე მეტია და თუ კვირებს საათებში გადავიყვანთ, საათს წუთებში, ხოლო წუთებს წამებში მივიღებთ უამრავ წამს, რომელთა შორისაც ძნელად თუ გაგახსენდება ისეთი, რომლის შეჩერებასაც მოინდომებ. ისე, რომც მოინდომო, რა ხეირი? დრო იმისია, რომ მიდის და ჩვენც მივდივართ, წრეზე ვტრიალებთ და ისე მივდივართ, ესე იგი, ჩვენ არსადაც არ მივდივართ. მიდის წრე და ჩვენც მივყვებით. წრეში ბურთი - ასე ქვია ამ თამაშს. ბურთს არავინ გაწვდის - ჯერ პატარა ხარ. მერე, ბურთს ისევ არ გაწვდიან - რაღა დროს შენი ბურთიაო, და ბოლოს ხვდები, რომ თავად ხარ ბურთი და გაბურთავებენ.
ჯერჯერობით ასეა. ოქრო-ოთარას კეპკიანი პადძელნიკისა არ იყოს - ძირითადად ეგრეა. კადრები წყვეტენ ყველაფერს - ყოველთვის ასე იყო, მაგრამ აქ და ახლა ის კადრები წყვეტენ ყველაფერს, „ფარულ ჩანაწერებად“ რომ მოინათლა. ფარული ჩანაწერები რომ არა... ეჰ, რამდენი რამ არ იქნებოდა ასე აშკარად და თავხედურად, მაგალითად - ზონა, რომელიც საკუთარ თავს „თავისუფალს“ უწოდებს.
ამასობაში კი, ორი წელი გასულა და ნაც-ქოცების დაძაბულ-აკადემიური დისკუსიების შემხედვარეს ერთი ანეკდოტი მახსენდება. მეგრელი ეუბნება რაჭველს: „მოდი, კუკუდამალობანა ვითამაშოთ...“ „როგორ?“ - აინტერესებს რაჭველს. „როგორ და, მე მოვკუკავ, შენ დამალე“.
ვინ ვის მოკუკულს მალავს და რატომ მალავს - ვხედავთ და ვხვდებით. იმათ მოკუკეს, ამათ დამალეს, რადგან ამათაც ქონდათ მოკუკული, ხოლო იმათ ფარულად გადაიღეს და რა გინდა რომ ქნა? ორი ბოროტებიდან უმცირესს ირჩევენ ხოლმე, ანუ მხარში დავუდგეთ მას, ვისაც ბევრი არ მოუკუკავს.
რავარი დასათვლელია? დავსხდეთ ახლა ეს სამი თუ ოთხი მილიონი კაცი და ვიღაცის მოსქამებული ვთვალოთ, ვზომოთ და ვწონოთ, მაგრამ სად გინახავთ, რომ მეწისქვილე ფქვილში არ იყოს ამოგანგლული?
უნდა გაცოფდე. თუ არ გაცოფდები, გული გაგისკდება.
მცირე სტატისტიკა: მსოფლიოში ცოფით ყოველწლიურად დაახლოებით 60 000 ადამიანი იღუპება. გარდაცვლილთა 40% 15 წლამდე ასაკის მოზარდია. დაავადების შემთხვევები მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ ცოფის პროფილაქტიკაზე საქართველო ევროპის რეგიონში ყველაზე მეტ რესურსს ხარჯავს, საქართველოში ცოფით 2013 წელს - ოთხი, 2014 წელს კი ორი ადამიანი გარდაიცვალა.
გასული კვირა სწორედ ჩვენზე იყო ზედგამოჭრილი.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს გულის მსოფლიო დღეს აღნიშნავს, გუშინ კი - ცოფის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დღეს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები დაესწრებიან“ - იუწყებოდა სააგენტო, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებს.
საერთოდ, არ არის ცუდი მსოფლიო მარაქაში რომ ვერევით და ჩახუტების დღე რომ ჩახუტების დღეა, ისიც კი არ ჩაივლის ხოლმე უჩვენოდ და ცოფის მსოფლიო დღემ რაღა დააშავა?! მაგრამ, ეროვნულიც საჭიროა, საჭიროა ადგილობრივი, ენდემური, მშობლიური, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი შტრიხებით და თავისებურებებით, ანუ საჭიროა დაწესდეს „ეროვნული ცოფის დღე“, ხოლო იმდენად, რამდენადაც ეს სახელწოდება მთლად კარგად ვერ ჟღერს, გარკვეული ქვეტექსტების თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ, რომ ამ დღეს დაერქვას „ეროვნული გაცოფების დღე“.
ახლა, საჭიროა, დავაწესოთ თარიღიც.
"თავისუფალი ზონის" ოფისის წინ მიმდინარე აქციაზე, "თავისუფალი თაობის" წევრებმა წყლით სავსე პრეზერვატივები ისროლეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ , "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა სწორედ ასე უნდა შეფასდეს. "სწორედ ამის ღირსები ხართ თქვენ", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. "თავისუფალი თაობის" აქციის ორგანიზატორებმა აქტივისტებს დაშლისკენ მოუწოდეს, თუმცა ადგილზე ისევ რჩებიან სამართალდამცავები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პეკინზე გადაკეტილი გზის გახსნას ცდილობენ. "თავისუფალი თაობა" "თავისუფალი ზონის" წევრების მიერ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებს, რომელიც ორი დღის წინ მოხდა“ - იტყობინებოდა 2 ოქტომბერს „ინტერპრესნიუსი“.
2 ოქტომბერი... რატომაც არა? გაივლის ერთი წელი და 2015 წლის 1 ოქტომბერს ჩემი მეგობარი სააგენტო ასეთ ნიუსს შემოგვთავაზებს: „დღეს საქართველოში ნაცხროვისგან გათავისუფლებას ზეიმობენ, ხვალ კი ეროვნული გაცოფების დღე აღინიშნება“.
ეს იქნება ერთი წლის შემდეგ, ახლა კი, საინტერესოა ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში.
ჩემი აზრით, ყველაზე კარგი (ადეკვატური, სენსიტიური და რელევანტური), რაც გასულ კვირაში მოხდა, იყო ის, რაც ზემოთ უკვე გითხარით, მაგრამ მეც, თქვენი არ იყოს, ძალიან მიყვარს საყვარელი წიგნების გადაკითხვა და ამასაც კიდევ ერთხელ გადავიკითხავ და თქვენც გადაგაკითხებთ: „თავისუფალი ზონის" ოფისის წინ მიმდინარე აქციაზე, "თავისუფალი თაობის" წევრებმა წყლით სავსე პრეზერვატივები ისროლეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ , "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა სწორედ ასე უნდა შეფასდეს. "სწორედ ამის ღირსები ხართ თქვენ", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ“.
წრეში ბურთი და ბურთს არ გვაწვდიან-მეთქი და ეს ის შემთხვევაა, როცა სათადარიგო შემადგენლობა ძირითადში თამაშს იმსახურებს. სათადარიგო შემადგენლობაში „თავისუფალ თაობას“ ვგულისხმობ, თორემ „თავისუფალი ზონა“ დიახაც რომ ძირითადი მოთამაშეებით იყო წარმოდგენილი - წაკლა-ნუგზარა იქნებოდა ეს თუ სქელი-ხათუნა. ესენი, და სხვებიც, რომც არ დაგვენახა, ტაქტიკური სქემით მაინც მივხვდებოდით, ვინ არის ვინ, ანუ - ვინ არის ხუ. რას ვგულისხმობ? ხომ გახსოვთ, როგორ იზეიმეს ომში დამარცხება? „მაპზე უკეთესიც“ ხომ გახსოვთ? ჰოდა, ერთხელ არჩეულ ტაქტიკას ბოლომდე მიყვებიან. კერძოდ, „თავისუფალი ზონის“ ფანჯრებში შევარდნილი პრეზერვატივები ნუგზარ წიკლაურმა სათითაოდ წამოკრიფა, რამდენჯერმე გადათვალა და სიამოვნებით აკანკალებულმა განაცხადა, „თავისუფალ ზონას“ 55 ახალი წევრი შეემატაო.
„ნაც-ანალი“ - ეს არის „ნაციონალის“ სინონიმი. ხალხი „თავისუფალი ზონის“ წევრ პრეზერვატივებსაც სინონიმით მოიხსენიებს. განა დონაძე (გურგენი) ამას არ იმსახურებს?
"შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი ბესო ზანგური "ფეისბუქზე" ფიზიკური ანგარიშსწორებით მემუქრება და მძიმედ შეურაცხმყოფს! მის აღვირახსნილ ქმედებებს მხარს უბამს ვინმე გიორგი თხელიძე. მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს, განახორციელონ კანონით გათვალისწინებული ზომები ამ უკანასკნელთა მიმართ!", - ვინმე ადვოკატმა ზაქარეიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარი გვერდი ამ ჩანაწერით გაამდიდრა.
მინდა გითხრათ, რომ შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს და „ვინმე“ გიორგი თხელიძეს მხარს უბამს ვინმე დიტო გელოვანი, მისი მეგობრები, მისი მეგობრების მეგობრები... მოკლედ, ევო, ევო, ევო ატეც და სხვაც კიდევ ბევრი.
მაშ როგორ, ჩვენ ხომ გაცოფებული ჯარისკაცები ვართ!
გასულ კვირაში ჩვენი დამშვიდება კახა კალაძემ სცადა: "მე დღეს ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და დაცული. ღმერთმა ნურასდროს, ნურავის დააჭირვოს ექიმი და საავადმყოფო, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ეს მომსახურება მათთვის უფასოა“.
ცდა ბედის მონახევრეაო, მაგრამ ბედი ხომ გინდა? ისე მოხდა, რომ კალაძის მშვიდ და ამაყ გამოსვლას ჩემი მეგობრის, ჟურნალისტ თეონა მანაგაძის გაცოფება მოყვა: ექიმების სახე კი გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილე... ექიმის ნაცვლად, ორი საათის მანძილზე, წამალს მეგობარი მასმევდა და აკანკალებული გულზე მას ვყავდი მიკრული... ამ დროს, ექიმ - სოფოს ჩემთვის არ ეცალა... ექიმის ნახვაში 190 ლარი მომთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოფომ მითხრა, ექიმი არ მოვიდოდა... ექიმი სოფო ტელეფონზე "ხმას" ესაუბრებოდა და ჩემთვის არ ეცალა...სხვათაშორის, ჩემთვის იმ პოლიტოკოსმაც ვერ მოიცალა, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან იმის თაობაზე "გვმოძღვრავდა" თუ როგორი მაგარი ჯანდაცვის სისტემაა საქართველოში... გუშინ კიდევ ერთხელ "შევიგრძენი" ქართული ჯანდაცვის სისტემის სიტკბოება! ბატონებო, ტრიბუნებთან იკეკლუცეთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ტრიბუნები მალე ცვდება და მხოლოდ ადამიანობა რჩება“.
მძიმე სურათია... ვის უნდა დაუჯერო, სამშობლოს მთავრობის ვიცე-პრემიერს თუ თეონა მანაგაძეს, რომელსაც ერთხელაც არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა? მე თეონასი მჯერა. კალაძეს რაღაც ეშლება. შეცდომებისგან, ისევე როგორც ავტოგოლებისგან, არავინ არის დაზღვეული. კალაძე ერთხელ ნოღაიდელში შეცდა, ახლა შარანგია-მაქაცარიებში ცდება და როდის გაასამებს, ღმერთმა იცის.
ეს თავგადასავალი თონა მანაგაძეს ქუთაისში გადახდა, პარლამენტიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით. პარლამენტი ის დაწესებულებაა, სადაც მიდიან-მოდიან, ლაპარაკობენ და არაფერს აკეთებენ, ხანდახან ი ისეთი ამბებიც ხდება, რომ პატიოსან დეპუტატს საკანონმდებლო ორგანოში მისვლის ხალისი ეკარგება. „იპოთეკარებმა დავით საგანელიძეს და ზურაბ მელიქიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“ -
ეს სათაურც ამაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, სათაური ნიუსს ახლავს:
„ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი იპოთეკით დაზარალებულები დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უწყობენ და შეძახილებით აცილებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იტყობინება, იპოთეკით დაზარალებულები ამბობენ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი პრობლემა გადაიჭრას. აქციის მონაწილეებმა ასევე შეძახილებით შეაცილეს პარლამენტის შენობაში უმცირესობის დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი. მას იპოთეკით დაზარალებულებმა ღორი უწოდეს. აქციის მონაწილეების თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სწორედ მათ ხარჯზე გამდიდრდნენ“.
მაპატიეთ, იპოთეკით დაზარალებულო პატივცემულო მოქალაქეებო, მაგრამ ღორი ნაფცქვენებით იკვებება და ტალახში ნებივრობს. როგორ ფიქრობთ, ზურაბ მელიქიშვილმა კიტრის ნათალზე აიყარა ტანი თუ ხათუნა გოგორიშვილს ეტყობა რამე უსახლკარობისა და უაგარაკობისა? რამდენადაც ვიცი, ცხოველსაც აქვს უფლებები და რომ ადგეს რომელიმე საშუალოსტატისტიკური ღორი და რომ გიჩივლოთ (მელიქიშვილის წაქეზებით, ადვოკატი - ოთო კახიძე), მერე სად მიდიხართ?
რაც შეეხება საგანელიძეს და საპარლამენტო უმცირესობას, მათთვის ჯერ ღორები არავის უწოდებია. მათთან მხოლოდ ერთი პრეტენზიაა - ორი წელი გავიდა და ქურდები ისევ ქურდობენ, მათხოვრები მათხოვრობენ, ღორები ღორობენ, ძაღლები ყეფენ, ქარავანი კი ტაატით აგრძელებს გზას.
ასეთი აქციები მართლაც რომ ხალისს დაგიკარგავს, აღარც პარლამენტი გინდა და აღარც კანონშემოქმედებითი საქმიანობა.
„გასული ერთი წლის განმავლობაში გივი თარგამაძე არ დასწრებია ქუთაისში გამართულ 107 საკომიტეტო სხდომას. ლევან ბეჟაშვილს გაცდენილი აქვს 92 სხდომა, გიორგი ღვიანიაშვილს – 92 სხდომა, პაატა ლეჟავას – 91 სხდომა, ნიკოლოზ ყიფშიძეს – 88 სხდომა, გიორგი ვაშაძეს – 87 სხდომა, მარიამ საჯაიას – 87 სხდომა, დავით საყვარელიძეს – 86 სხდომა, აკაკი მინაშვილს – 83 სხდომა, ზურაბ ჯაფარიძეს – 82 სხდომა, პავლე კუბლაშვილს – 80 სხდომა და ასე შემდეგ - ასეთია დავით უსუფაშვილის მიერ გამომზეურებული სტატისტიკა.
უსუფაშვილის თქმით, ამ მიმართულებით პირველი 40 ადგილი ოპოზიციას უჭირავს და... ნეტა, ვინ არის ის ორმოცდამეერთე ახალგაზრდა, ქვაზე რომ ძინავს? ნანა ყეენიშვილი? გუგული მაღრაძე? გია გაჩეჩილაძე? გოგი ქავთარაძე?
რას გაიგებ...
არადა, გაგებაა მთავარი... მთავარია გაგება!
გასულ კვირაში გავიგე, რომ „ჭიათურაში უცნობმა პირმა, რომელიც დ.ს-ის ოჯახში ოქროულობის გამოძალვის მიზნით შეიჭრა თეთრეული დააუთოვა. შემთხვევა ღამით 00:30 საათზე მოხდა. “სახლში იარაღით შემოვარდა, ოქროულობას ეძებდა. არ გვაქვს-თქო - ვუთხარით, მაგრამ ძებნა არ შეუწყვიტავს. თეთრეული გადმოანგრია და როცა ვერაფერს მიაგნო უთო ჩართო. ძალიან შეგვეშინდა, შემდეგ კი როცა თეთრეულის დაუთავება დაიწყო ყველა გაკვირვებული ვუყურებდით” - განაცხადა ოჯახის უფროსმა დ.ს-მ.“.
აი, ეს მესმის!
„მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა, სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობისა, აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა და აღმიგზნებს იმედს გულში, ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ - ილია ამ ოცნებით მოკვდა.
ღმერთო, გამაგონე, მთავარი ხომ გაგებაა!
თუ არა და - წრეში ბურთი, უბურთოდ, უკეთეს შემთხვევაში კი - გრძელი ვირი მგლების და ღორების შესრულებით.
რ.ა.გ. (რას არ გაიგებ) ლილიპუტები მიცვალებულებს თავისებურად მარხავენ. ცხედარს საფლავში თავით ძირს ჩაუშვებენ ხოლმე, რადგან, მათი აზრით, თერთმეტი ათასი მთვარის შემდეგ ისინი მკვდრეთით უნდა აღდგნენ. ამასობაში დედამიწა (რომელიც, მათი აზრით, წარმოადგენს სიბრტყეს) პირქვე გადაბრუნდება და მიცვალებულებიც, აღდგომის მომენტისთვის მომზადებულები იქნებიან.
(ჯონათან სვიფტი, „გულივერის მოგზაურობა“)