გაიზრდება თუ არა გაისად პენსია, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია „ადამიანზე ორინეტირებული ბიუჯეტისა“, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. ბიუჯეტის პროექტის საპენსიო უზრუნველყოფის ნაწილში 1,360 მილიარდი ლარი გაიწერა, რაც 30 მლნ ლარზე მეტია 2014 წელთან შედარებით.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით გაისად მთავრობამ პენსიების დასაფინანსებლად 34 მილიონი ლარით მეტი უნდა გადაიხადოს. ამ მოცულობით ხარჯის გაზრდის მიზანი თითქოს პენსიის მომატება უნდა იყოს, თუმცა ამ ინფორმაციას თავად ხელისუფლების წარმომადგენლები არ ადასტურებენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი პენსიონერებს ვერაფერ პირდებიან.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2015 წლის საბიუჯეტო ვარიანტში პენსიების ზრდა დაგეგმილი არ არის. მინისტრმა ამით უპასუხა შეკითხვას, დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში განიხილება თუ არა პენსიების ზრდა და როგორია ამასთან დაკავშირებით მისი ხედვა.
„ჯერ ერთი, დაბალი ეკონომიკური ზრდა არ არის. 5%-ზე მეტი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ამასაც დაბალს არ დავარქმევდი. მეორე - პენსიების ზრდა არსებულ საბიუჯეტო ვარიანტში არ არის, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 5%-ზე მეტი იქნება ეკონომიკის ზრდა. ამიტომ კონსერვატიულად დავგეგმეთ ბიუჯეტი და ნამატი, სავარაუდოდ, მიიმართება პენსიების გაზრდაზეც“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
თითქმის იგივეს იმეორებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილიც: „2015 წლის ბიუჯეტის პროექტში, რამდენადაც მე გავეცანი, არ არის გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გაზრდა“, - განაცხადა ონოფრიშვილმა, რომელი ადასტურებს, რომ საპენსიო რეფორმაზე ეკონომიკის სამინისტრო მთავრობასთან ერთად უკვე მუშაობს და ცვლილებების შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
„საპენსიო რეფორმაზე ძალიან სერიოზულად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა. უახლოეს კვირებში ალბათ მეტი ინფორმაცია გვექნება თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგამება საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მთელი 10 წლის განმავლობაში არც კი განხორციელებულა. ჩვენ გვიწევს დღეს იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც უნდა ყოფილიყო 2005 წლიდან მოყოლებული“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრს იზიარებს ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე, რომელიც საპენსიო დანამატებზე ამახვილებს ყურადღებს და დასძენს, რომ ასეთი რამ მომავალი წლისთვის შეუძლებელია:
„მომავალი წლისთვის პენსიების გაზრდის არანაირი შანსი არ არსებობს იმიტომ, რომ ამისთვის არანაირი რესურსი არ აქვს სახელმწიფოს“, - აცხადებს გიორხელიძე.
მისი თქმით, მთავარი ამოცანა, რომელიც ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას გულისხომობს, ჯერ კიდევ შესასრულებელია. „ამაზე დიდი ამოცანა დღეს ქვეყანაში არ არსებობს, რადგან თუ აქ შედეგები არ იქნება, ვერც ერთი დაპირება ვერ შესრულდება. ამიტომ ეს საკითხი რჩება სამთავრობო პოლიტიკის აქილევსის ქუსლად“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტში კი აღნიშნულია, რომ საპენსიო სისტემის არსებითი რეფორმა, რომელიც ამ სისტემის დაგროვებით პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, დაეფუძნება სავალდებულო საპენსიო დაზღვევას.
რეფორმის შედეგად, სისტემაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ კერძო საპენსიო ინსტიტუტები. პენსიის ოდენობა დამოკიდებული იქნება მხოლოდ სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის ოდენობაზე.
გარდა ამისა, არასრული სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის მქონე მოქალაქეებს დაენიშნებათ (ან შეევსებათ) სოციალური პენსია. რაც შეეხება იმ პენსიონერებს, რომლებიც რეფორმის საწყის ეტაპზე იმყოფებიან ან მიაღწევენ საპენსიო ასაკს, სახელმწიფოსგან მიიღებენ სოციალურ პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა.