ქეცბაია და ბიძინა

ქეცბაია და ბიძინა

გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდ წარმატებებს მიაღწია ინგლისის საფეხბურთო კლუბმა „ნოტინგემ ფორესტმა“. გუნდმა მაღალი შედეგები აჩვენა როგორც პრემიერლიგაში, ისე ევროპულ ასპარეზზე. ორჯერ ზედიზედ (1979, 1980 წლები) ევროპის ჩემპიონთა ლიგის მოგება თავისთავად მრავლისმეტყველი ფაქტია. გუნდის უფროსი მწვრთნელი გახლდათ ბრაიან კლაფი. პირველივე ჩავარდნილი სეზონის შემდეგ ამ დამსახურებულმა პიროვნებამ განაცხადა: ძირეული ცვლილებების დროა(!), გუნდის ამ შემადგენლობით ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე, ფეხბურთის ჩემეული ცოდნა და გემოვნება არ არის საკმარისი ამ გუნდის ახალ სათამაშო მოდელებზე გადასაწყობად და ამიტომ, ჩემი წასვლის დრო დადგაო.

კლაფი არ გაუშვეს, რადგან ნოტინგემის ცოცხალი ლეგენდა იყო. გარდა ამისა, კლუბს, სურვილისა და შესაძლებლობების შემთხვევაში, შეუძლია გუნდის შემადგენლობა გადაახალისოს... მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, ეს დიდი სპეციალისტი როგორ აფასებს ჩავარდნილ სეზონს, რა ხარისხში აქვს გასიგრძეგანებული საკუთარი პასუხისმგებლობა.

ზემოთ ვსაუბრობდი, კონკრეტული ინგლისური კლუბი როგორი ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა, მწვრთნელის პრინციპული (პასუხისმგებლობით დატვირთული) პოზიციის გამო. კლუბს შეუძლია არჩევანი გააკეთოს, მითუმეტეს, ინგლისურ კლუბს. არსებითად განსხვავებული სიტუაციაა, როცა საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება. ქვეყნის მთავარი გუნდის მწვრთნელის არჩევანი შემოსაზღვრულია მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებით. ამას თავისი პლიუსიც აქვს - აღნიშნულ არეალში გუნდის ხელმძღვანელობის არჩევანი შეუზღუდავია. აქედან გამომდინარე, შედეგი, ძირითადად, მწვრთნელის ცოდნაზე და უნარებზეა დამოკიდებული.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას კვალიფიკაცია და გამოცდილება რამდენად საკმარისია დიდი მიზნების მისაღწევად, ჯერაც დავის საგანს წარმოადგენს. ამ თემაზე ჩემი მოსაზრებების გასაჯაროება უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რადგან ფეხბურთის სპეციალისტი არ გახლავართ. მეორე მხრივ, ვინაიდან ფეხბურთი საერთო სახალხო სიყვარულია და ჩემი გულიც, დიდი ხანია, „მას ეკუთვნის“, მთლად გულხელდაკრეფილიც ვერ ვიქნები. ამიტომ, მინდა იმ საკითხებს შევეხო, მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებს, რომელზეც სიტყვა მეთქმის. უფრო კონკრეტულად - მინდა, მკითხველის ყურადღება მივაპყრო იმ სირთულეებზე, რაც ნაკრებში დამკვიდრებული მართვის ფორმიდან და მართვის სტილიდან მომდინარეობს.

ვფიქრობ, თემურ ქეცბაიას მთავარი პრობლემა ისაა, რომ მისთვის უცხოა თვითკრიტიკის გრძნობა და აქედან გამომდინარე, იძულებულს გვხდის, ვიფიქროთ, რომ არ შესწევს საკუთარი შეცდომების დანახვის უნარი. მითუმეტეს, მას არ შესწევს ამ შეცდომების კრიტიკულად განსჯის უნარი. უფრო მეტიც, მას და საერთოდ, ამ ტიპის ადამიანებს თვითკრიტიკაც და კრიტიკის მიღებაც სისუსტედ მიაჩნიათ. ამიტომაცაა, რომ ბატონი თემური ყოველთვის ხმალამოღებული ხვდება კრიტიკული შინაარსის კითხვებსაც კი.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ხასიათის ამ თვისებითაა განპირობებული სარეკორდო რაოდენობის შიდა გაუგებრობებიცა და კონფლიქტებიც (კობიაშვილი, იაშვილი, ხიზანიშვილი, ყენია, გოგუა, ამისულაშვილი, სირაძე, რევიშვილი...). არაობიექტურობა რომ არ დამბრალდეს, შემიძლია დავუშვა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მწვრთნელი მართალი იყო, მაგრამ სწორედ მაშინ ხარ მაგარი, როცა შეგიძლია გუნდის წევრს თავისი ნაკლი, შეცდომა თუ დანაშაული დაანახო და დაარწმუნო, რომ მასთან ერთად ზრუნავ მის აღმოფხვრაზე. და არა ისე, როგორც ჩვენ შემთხვევაში ხდება ხოლმე - მოჭერი და გადააგდე. ამგვარი დამოკიდებულება განვრცობადია. ასეთ გარემოში (ან მე - ან შენ) დაძაბულობა მთელ კოლექტივზე, მის თითოეულ წევრზე გადადის. ბუნებრივია, როცა „ნერვები დაჭიმულია“, წარმოუდგენელია გუნდის შესაძლებლობების სრულად გამოვლენაზე ფიქრიც კი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მესაჭისთვის დამნაშავეები ყოველთვის სხვები არიან. აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ თვითკრიტიკის უნარს მოკლებული ადამიანები, როგორც წესი, თავის შესაძლებლობებს გადაჭარბებულად ხედავენ ხოლმე. როდესაც შენს მუშაობას „ფანტასტიურის“ შეფასებას აძლევ და შედეგი კი ის არის, რაც არის, კიდევ ერთი შესარჩევი ციკლით გუნდში დარჩენის სურვილიც კი არ უნდა გიჩნდებოდეს... მითუმეტეს, როცა დარწმუნებული ხარ(?!), რომ ფეხბურთელთა ამ შემადგენლობით „მეტის მიღწევა შეუძლებელია“.

საქმე ისაა და უბედურებაც სწორედ ისაა, რომ სათქმელი, მართლაც, ბევრი არც არაფერია, რადგან თავისთავად რეალობაა მრავლისმეტყველი (რა თქმა უნდა, მარტო ცხრილებში ადგილს, დაგროვილ ქულებს, რეიტინგს და თამაშის ხარისხს არ ვგულისხმობ). ჭირი თავს არ მალავს.

სამწუხაროდ, ყველა ფაქტი და ყველა არგუმენტი თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ არის მიმართული. მან თავისი შესაძლებლობები, ამ ეტაპზე, სრულად ამოწურა, რასაც ვერ ვიტყვით მთლიანად ნაკრებზე. მე მჯერა იმ სპეციალისტების, ვინც ამბობს, რომ რეზერვი არსებობს. თუნდაც შექმნილი ატმოსფეროს გაჯანსაღებაა რეზერვი, თუნდაც ცალკეული ფეხბურთელების მიერ შესაძლებლობების სრულად გამოვლენაა რეზერვი, თუნდაც დაძაბულობის მოხსნა და პასუხისმგებლობის თავზე აღების შიშისგან გათავისუფლებაა რეზერვი, თუნდაც იმ ერთისგან (რომლითაც ქეცბაია თამაშობდა) განსხვავებული ტაქტიკური სქემების გამოყენებაა რეზერვი, თუნდაც „ახალი სისხლია“ რეზერვი...

შიონი წავიდა, მენოტი წავიდა, ევროპის თასების თასის და სუპერთასის მომგები „ვალენსიიდან“, სეზონის დასრულებისთანავე, დიდი დი სტეფანო წავიდა, რადგან გულშემატკივარი და კლუბის ხელმძღვანელობა თამაშის ხარისხით იყო უკმაყოფილო(!), ლიპი წავიდა, „ფერგი“ წავიდა... ბოლოს და ბოლოს, ბიძინა წავიდა...

წინა აბზაცის ბოლო ფრაზა ირლანდიასთან მატჩის (რომელსაც ოჯახის სრულ შემადგენლობასთან ერთად ვესწრებოდი) დასრულების შემდეგ ჩვენ შორიახლოს მჯდომ ერთ ახალგაზრდას აღმოხდა და იქვე, მისმა მეგობრებმაც წაუმღერეს: „შენც წადი, შენც წადი, შენც წადი, შენც წადი, ბოლო-ბოლო ბიძინა წავიდა და შენც წადიიი...“

იქნებ, თემურ... ვიდრე მთელი სტადიონი ერთხმად ამღერდებოდეს...

ბუნებრივად იბადება კითხვა: ქეცბაიამ კი მოინდომა დარჩენა, მაგრამ ფედერაცია რას ფიქრობდაო? შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პრობლემის თავიც და ბოლოც თემურ ქეცბაიაა. ბატონი თემური და მისი უღიმღამო შედეგები თავისთავად თვალსაჩინო სურათია იმ ავადმყოფობისა, რაც ქართულ ფეხბურთს სჭირს. ფედერაციაში რა „სურნელიც“ ტრიალებს, მსაჯების საქმემაც გამოავლინა, მაგრამ ესეც მხოლოდ და მხოლოდ შედეგია. გამოსავალი მიზეზში უნდა ვეძებოთ.

იმ ავადსახსენებელ დროში, როცა ერთი მანიაკალური მისწრაფებების მქონე კაცის სურვილის გარეშე ცაზე ჩიტი ვერ გადაიფრენდა და დედამიწაზე ჭიანჭველა ვერ გაფაჩუნდებოდა, სახელმწიფო სისტემის ყველა ცალკეული სუბიექტი მმართველი სუბიექტის პოლიტიკის გარკვეული რგოლი იყო - სამთავრობოც და არასამთავრობოც, საგანმანათლებოც და სახელოვნებოც, მედიაც და... ოპოზიციაც...

წარსულის ამგვარ შეფასებაში თითქმის მთელი საქართველო ერთსულოვანია. ერთსულოვნები ვართ იმაშიც, რომ ძირეულმა ცვლილებებმა ყველა დარგი და ყველა სფერო უნდა მოიცვას. ფეხბურთის ფედერაცია გამონაკლისი ვერ იქნება. კარგია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მნიშვნელოვან დროს უთმობს ფეხბურთზე საუბრებს. ამ გადაცემების აქტიური მაყურებელი დამეთანხმება, რომ ფედერაციის მესვეურებიცა და მათი გადაწყვეტილებების საფუძველზე პასუხისმგებლობით აღჭურვილი სხვა პირებიც საკადრო რეორგანიზაციის შესაძლებლობას თეორიულადაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, არ განიხილავენ. დასტურად, სფფ-ის ერთ-ერთი „ბურჯის“ მიერ პირდაპირ ეთერში ნიშნისმოგებით ნათქვამი ფრაზაც გამოდგება: მოვა ფედერაციის ახალი არჩევნები და ვნახავთ ვინც გაიმარჯვებსო.

პრობლემას საიდანაც არ უნდა მოვუაროთ, ისევ პოლიტიკამდე მივდივართ. ფაქტებს და მოვლენებს ახალმა ხელისუფლებამ (თუმცა, რაღა ახალია) დღემდე რომ ვერ დაარქვა თავ-თავისი სახელები, სწორედ ეს უშლის ხელს (ყველა პრობლემური მიმართულებით) ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში გადაყვანას, რადგან ფორმულა - „არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა“ - მარადიული ძალის მატარებელია. მაგრამ ეს გზა რომ გაიაროს, მმართველმა კოალიციამ სამართლიანობის დამკვიდრება „ზემოდან“ უნდა დაიწყოს. დამნაშავეს დამნაშავე უნდა უწოდოს, ხოლო თავისი თავისადმი, როგორც სახეცვლილი სუბიექტისადმი („ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გარეშე) ნდობა უნდა „გადაამოწმოს“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით.

რაღა დაგიმალოთ და იმედგაცრუებული ვარ, რადგან მმართველ გუნდში ვერ ვხედავ სისტემური ცვლილებებისთვის მზაობას. მართვის ფორმისა და სტილის კრიტიკულ ანალიზს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ესენიც ისეთები არიან. კაცის კაცებზე და დეტალებზე რომ არ დავწვრილმანდეთ, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე ვისაუბროთ:

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გვქონდა საშუალება, საგაზეთო ინტერვიუს მეშვეობით გავცნობოდით ბატონი ბიძინას უაღრესად კრიტიკულ შეფასებებს რამდენიმე პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით. მინდა გამოვყო ის ფრაგმენტები, რომელიც პრეზიდენტისა და მედიის საქმიანობისადმი დამოკიდებულებას შეეხება. პირდაპირ უნდა განვაცხადო, რომ ინტერვიუში გამოთქმულ შენიშვნებს ძირითადად ვეთანხმები, მაგრამ ძალიან დიდია უკმარისობის განცდა... და აი აქ უნდა ვთქვა მწარე სიმართლე: ბატონი ბიძინა ვერ ხედავს (ან არ უნდა დაინახოს და აღიაროს) თავის პასუხისმგებლობას, თავის ბრალეულობას ამ საქმეში (ისევ და ისევ თვითკრიტიკის დეფიციტი).

ჯერ მედიაზე... იმდენად მწვავე იყო ტელევიზიების საქმიანობისადმი ყოფილი პრემიერის დამოკიდებულება, რომ იტყვიან, ცეცხლი დაანთოო. პასუხად, რამდენიმე ამონარიდს მოვიტან ადრე გამოქვეყნებული (For.ge 16.05.2014 „ინგა გრიგოლია ამხელს“) ჩემი ერთი წერილიდან: „ზოგადად არის ასეთი ტენდენცია - როდესაც ჩვენ ვთავაზობთ დებატებს, სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ვთავაზობთ ამ ტიპის დებატებს, ყოველთვის არის უარი ორივე მხარისგან, ანუ არც ხელისუფლება და არც ყოფილი ხელისუფლება არასდროს ამბობს უარს ერთმანეთთან დებატებზე, მაგრამ ყოველთვის არის პრობლემა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან დებატების. მე ეს უნდა მეთქვა პირდაპირ ეთერში...“ (ინგა გრიგოლია, „რეაქცია“, 25.04.14).“ ტელეიმედის ჟურნალისტის ამ მამხილებელი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა დასკვნა - „გაცხადდა, რომ კონკურენტი პარტიებისგან პოლიტიკური სივრცის მოსუფთავებისა და ახალი ერთმმართველობისთვის ნიადაგის მომზადების გეგმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან მოქმედებდა.“

... და კიდევ - „ვისაც არ სჯეროდა, უფრო სწორად, ვინც ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა საკუთარ ეჭვებს, რადგან არ სურდა იმედები გაცრუებოდა (გასული წლის სექტემბრამდე მეც ერთი იმათგანი ვიყავი), ინგა გრიგოლიამ ცივი წყალი გადაასხა თავისი „მკვახე შეძახილით“. დადასტურდა, რომ „დასავლეთი ვერ გაგვიგებს“ მხოლოდ საშუალებაა პოლიტიკური გეგმის სისრულეში მოსაყვანად. დადასტურდა, რომ ხალხის მიერ ისტორიულ სანაგვეზე მოსროლილი „ნაციონალური მოძრაობა“ კომფორტული ოპოზიციაა და მისი „გადარჩენა“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ხელისუფლებისთვის. დადასტურდა, რომ მიზნის მისაღწევად „ქართული ოცნებისთვისაც“ ყველაფერი მოსულა. დადასტურდა, რომ ხელი ხელს ბანს. დადასტურდა, რომ კერძო (პარტიული, პირადი) ინტერესი სახელმწიფოს ინტერესის წინმსწრებია...“

როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ბატონი ბიძინასთვის არაფერი იყო ცნობილი იმ „ტექნოლოგიებთან“ დაკავშირებით, რასაც „ოცნება“ დღემდე მიმართავს? აღნიშნულის შესახებ თვითონ თუ არ წაუკითხავს და არ მოუსმენია, რას აკეთებს მისი პრესსამსახური? და თუ მაინც არ იცოდა, ამის მიხვედრას რა დიდი პოლიტიკოსობა უნდოდა? ჰოდა, ჩემო აღშფოთებულო ბატონო, ვიდრე ტელევიზიებს პრეტენზიებს წაუყენებდით, იქნებ გენებათ და თქვენი გუნდის სამზარეულოში შეგეხედათ? ქართულ ტელევიზიებს გასაკრიტიკებელი კი არა, გასაკიცხიც ბევრი აქვთ, მაგრამ ქვა იმან ესროლოს, ვისაც გული სუფთა აქვს. პოლიტიკური გადაცემების ფორმატს და თამაშის წესებს, თურმე, თქვენ თვითონ ადგენთ და „ხალხის რჩეულებს“ გაფარჩაკებული „ნაცების“ კარში გოლები რომ ვერ გააქვთ, რა ტელევიზიების ბრალია?

რაც შეეხება პრეზიდენტს, უფრო სწორად, დიდ გაუგებრობაში მოხვედრილი ამ პერსონის ბრუნვებში ტრიალს... ისევ ადრე თქმულის (For.ge 19.04.2014) ციტირებით დავიწყებ: ”ბატონო ბიძინა, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ მარგველაშვილი ასეთი „აღმოჩნდა“, არამედ ის, რომ თქვენ თქვენი შეცდომის დანახვა არ გსურთ. შეცდომა კი ის გახლავთ, რომ დემოკრატიის შენების სავალდებულო პირობა - ხალხის თავისუფალი არჩევანი - უგულვებელყავით. რა ხერხი და საშუალება არ იხმარეთ, რომ თქვენი ერთპროცენტიანი კანდიდატი დაგესვათ პრეზიდენტის ტახტზე. შანტაჟზეც კი წახვედით (დავარქვათ მოვლენებს თავისი სახელი).“

ამაზე მეტი რა უნდა თქვას კაცმა, მართალი გითხრათ, არ ვიცი. იმ ძველ წერილს მთლიანად ხომ არ გადმოვაწიკწიკებ?..

სწორედ აქ იკვრება ლოგიკურ კონტექსტში სათაურში გამოტანილი ორი სიტყვა და ჩემი თვალთახედვით, იდილიურ ჰარმონიას ქმნის. საქართველოში რაღაც უცნაური სენი რომ დაძრწის და სულს გვიხუთავს, ფაქტია. სენს გრძელი და ასევე უცნაური სახელი ჰქვია - ჩვენში ყველა ყველაფერში ყოველთვის მართალია, ხოლო განსხვავებული აზრი ყოველთვის მცდარი აზრია. შემდეგ, ამ „სიმართლით“ სიარული ცხვირის წატეხვით რომ მთავრდება ხოლმე, რასაკვირველია, ყოველთვის „სხვა“ არის დამნაშავე და... დავდივართ ასე, მკვიდრად შეკრულ წრეზე, მარადიული „ბედნიერი ერი“.

დასასრულ, განწყობისთვის, კარგი იქნება, წერილი ანდაზებითაც მოვრთოთ და მოვავარაყოთ: „რაც ერი, ის ბერიო“; „თევზი თავიდან ყარსო“...

არ ყოფილა ჩვენი საქმე დემოკრატია - „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“;

ესეც ჩვენზეა ზედგამოჭრილი - „ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს, მერცხალი იქნებოდაო“;

ერთი რეზო გაბრიაძისეულიც მინდა გაგახსენოთ, ძველ, კომუნისტურ დროში რომ თქვა, ბნელი რომ იყო ადამიანი - „საქართველო არის ორმაგი პროვინცია - ევროპის და აზიის“. თვითკრიტიკის ეს გენიალური ნიმუში მცირეოდენი პერიფრაზით დღევანდელ პოლიტიკურ რეალობასთანაც შეგვეძლო მიგვეახლოვებინა - ”დასავლეთის და ჩრდილოეთის“...

აქ უნდა დავასრულო, ჩამომაღამდა.

მომავალ შეხვედრამდე, ბატონებო.