51-ე ბატალიონი სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ემზადება (ვიდეო)

51-ე ბატალიონი სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ემზადება (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი უკვე ავღანეთშია. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, მომავალი 6 თვის განმავლობაში ბაღრამის საავიაციო ბაზაზე ISAF-ის მისიას შეასრულებენ.

ამ ეტაპზე 51-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით,  ბაღრამის საავიაციო ბაზაზე შემაჯამებელ სწავლებას გადის. ბაზაზე ქართული კონტინგენტის განთავსება გეგმის მიხედვით ხორციელდება.

ნატოს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა ქვედანაყოფმა ხუთთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. 51-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა  გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ერთი თვის მანძილზე გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების მრჩეველთა ჯგუფმა.