სახალხო დამცველი პარლამენტს მოადგილეების დანიშვნის უფლებას სთხოვს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით უჩა ნანუაშვილმა უწყებას უკვე მიმართა და საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იმსჯელებს, რომლის ნებაზეა დამოკიდებული ომბუდსმენის წინადადება გადაიქცევა თუ არა საკანონმდებლო ინიციატივად.
„სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება და დეპუტატები სახალხო დამცველისგან მოტივაციის დასაბუთებას ელიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ომბუდსმენს მოადგილეები დაენიშნება, ეს სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში, დამატებით 124, 900 ლარი დაუჯდება.
ცვლილებების მიხედვით, სახალხო დამცველს უფლება ეძლევა პირველი მოადგილის თანამდებობა შექმნას და საჭიროებისამებრ, მოადგილეებიც დანიშნოს. ნანუაშვილის მიერ მომზადებული პროექტით, პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციები იმიჯნება. კერძოდ, პირველი მოადგილე სახალხო დამცველის აპარატს უხელმძღვანელებს და ამავდროულად, ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, ან ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ომბუდსმენის მოვალეობას შეასრულებს.
მოადგილეების რაოდენობის და უფლებამოსილების განსაზღვრა აპარატის დებულების საფუძველზე მოხდება, ხოლო მოადგილეებს შორის საკურატორო სფერო სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით გადანაწილდება. მოადგილეებს კი, პოსტებზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავად ომბუდსმენი.
სახალხო დამცველის განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზეზია, რეგიონალური დაფარვის არეალისა და აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობის გაზრდის, ასევე მოქალაქეთა მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდიდან გამომდინარე ფაქტორები.
ამას გარდა, ნანუაშვილი ცვლილებების მიღების ერთ-ერთ მიზეზად ასევე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ასახელებს და იუწყება, რომ კანონით გათვალისწინებული რეგულაციები სახალხო დამცველის ოფისში ადამიანური და მატერიალური რესურსის ზრდას მოითხოვს.
ზემოთ აღნიშნული არგუმენტების მოსმენას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე თავად სახალხო დამცველისგან ელოდება და for.ge-სთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად არ ამბობს, მიეცემა თუ არა ომბუდსმენს მოადგილეების დანიშვნის უფლება.
დეპუტატის თქმით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ამის თქმა შეუძლებელია მანამ, სანამ არგუმენტაცია არ იქნება წარდგენილი.
„დემოკრატიის განვითარების კუთხით, სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება მნიშვნელოვანია და თუ მას მხარდაჭერა სჭირდება, უნდა დავუჭიროთ, მაგრამ არგუმენტაციაც უნდა მოვისმინოთ. მარტო ის, რომ შტატის დამატება იყოს გამოსავალი, სწორი არ არის. ლოგიკას მოკლებული ინიციატივა არ არის, მაგრამ გადაწყვეტილებას კონსულტაციების გამართვის შემდეგ მივიღებთ“, - აცხადებს დეპუტატი.
სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებაზე აპელირებს თამარ კორძაია, რომელიც for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების დაკისრება იმას ნიშნავს, რომ ობდუსმენი ინსტიტუციურად უნდა გაძლიერდეს.
დეპუტატის შეფასებით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახალხსო დაცველს ინსტიტუციური გაძლიერება სჭირდება და მისი არგუმენტაციაც გასაზიარებელია ხელისუფლების მხრიდან.
თამარ კორძაიას მსგავსად, ომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერებაზე საუბრობს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ცვლილებებზე მსჯელობა უნდა გაიმართოს, რადგან სახალხო დამცველის ინსტიტუტი უნდა იყოს ძლიერი და მხარდაჭერილი.
„რა თქმა უნდა, წინადადებას მივესალმები. იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რაც სახალხო დამცველს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ დაემატა, უწყება უნდა გაძლიერდეს“, - აღნიშნავს კობახიძე.
ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს საპარლამენტო უმცირესობა. როგორც for.ge-სთან საუბარში პავლე კუბლაშვილი აცხადებს, არსებითი არ არის, სტრუქტურულად თუ როგორ იქნება მოწყობილი სახალხო დამცველის ოფისი, მთავარია, სახალხო დამცველს ჰქონდეს იმის ნება, რომ რეალურად იფიქროს იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში არსებობს.
„კერძოდ, ეს უკავშირდება ადამიანის უფებათა დარღვევებს. არ მგონია, რომ სახალხო დამცველს ამ პრობლემებზე ხმის ამოღებისთვის მოადგილეები სჭირდებოდეს. სამწუხაროდ, დღეს, ბევრი მიმართულების პრობლემებზე ომბუდსმენის ხმა არ გვესმის, რაც დასანანია. მიუხედავად იმისა, კანონპროექტს დავუჭერთ მხარს თუ არა, მთავარი პრობლემა მისი პასიურობაა“, - აცხადებს კუბლაშილი.
თუ აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტი ინიციატივად აქცევს და შემდეგ კანონის სახით მიიღებს, სახალხო დამცველს მოადგილეების დანიშვნა 2015 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ მოუწევს, რადგან კანონპროექტის ამოქმედების ვადად ეს თარიღია განსაზღვრული.