„კავკასუს ონლაინის“ დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკება კალაძემ ჩაშალა“

„კავკასუს ონლაინის“ დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკება კალაძემ ჩაშალა“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, კომისიის რეგლამენტით, ინტერნეტ სივრცეში აკრძალულია პორნოგრაფიის და სხვა დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. განცხადების თანახმად, ინტერნეტ-დომენის გამცემი, ამ შემთხვევაში შპს „კავკასუს ონლაინი“ ვალდებულია, პერიოდულად ამოწმოს მის მიერ რეგისტრირებული ინტერნეტ-გვერდის შინაარსი, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტ სივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსება.

ამავე რეგლამენტით, ინტერნეტ მომსახურების გამწევი პირი, ინერნეტ პროვაიდერი ვალდებულია შეიმუშავოს ისეთი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს, ან განაკავშიროს მომსახურება, თუ გამოვლინდა, ან ცნობილი გახდა, რომ ვებ-სივრცეში განთავსებულია დაუშვებელი პროდუქცია. ამავე დროს, ინტერნეტ-დომენის გამცემი (შპს „კავკასუს ონლაინი“) ვალდებულია პერიოდულად ამოწმოს მის მიერ რეგისტრირებული ინტერნეტ-გვერდის შინაარსი, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტ სივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსება.

„კავკასუს ონლაინში“ მომხდარ ფაქტს ადასტურებს, „კავაკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელი, ბიზნესმენი მამია სანადირაძე და ამბობს, რომ კომპანიის მფლობელები ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას ვერ გაექცევიან.

for.ge მამია სანადირაძეს ესაუბრა.  

ბატონო მამია, რა ხდება თქვენს კუთვნილ კომპანიაში?

- ამ ახალ მთავრობაში ჩემი კომპანიის მიმთვისებლებს ლევან ყარამანიშვილს და ხვიჩა მაქაცარიას გამოუჩნდნენ მფარველები კახი კალაძის სახით. კახა კალაძე იმდენად დიდი ძალაუფლებით არის აღჭურვილი, რომ მისი გავლენით ფინანსური პოლიცია არ ერევა „კავკასუს ონლაინის“ საქმიანობაში. ამ დაუსჯელობის სინდრომმა იქამდე მიიყვანა ისინი, რომ გენადი როსტომაულმა, რომელიც არის კომპანიის კომერციული დირექტორი, მისი მეუღლის სახელზე გააფორმა ავადსახსენებელი სერვერები. ისინი დაკავებულნი იყვნენ „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი რესურსების განადგურებით,ც რომელიც სამსახურეობრივად თავად როსტომაულის პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნებოდა. მათი მიზანი იყო, რომ ტრაფიკი მომხმარებლებს მათი სერვერებიდან გადაექაჩათ და არა „კავკასუსის“  სერვერებიდან და „კავკასუს ონლაინი“ ამაში ათობით ათას დოლარს უხდიდა ფულის გათეთრებისათვის ამ სახელდახელოდ შექმნილ ფირმას. მაგრამ, როგორც ამბობენ ჰარიფი სიხარბემ დაღუპა და უფრო მეტი ფულის საშოვნელად ბავშვთა პორნოგრაფიები განათავსა სერვერებზე. 

როგორც ირკვევა, საქართველოს შსს- ინტერპოლმა მიაწოდა ინფორმაცია. თქვენ როგორ ფიქრობთ კომპანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელების გარეშე ეს ფაქტი მოხდებოდა?

- არც ერთ შემთხვევაში, ხვიჩა მაქაცარიას გარეშე ეს არ მოხდებოდა. საქართველოში მათ ანთებული აქვთ მწვანე შუქი. იმდენად დიდი მფარველობაა კახი კალაძის მხრიდან ამ კომპანიაზე, რომ ამ ფინანსურ მაქინაციებს არავინ არ აქცევს ყურადღებას, არც ფინანსური პოლიცია, არც პროკურატურა. რომ არა ინტერპოლი და საერთაშორისო კიბერნეტიკული პოლიცია, ეს ფაქტი დაიმალებოდა.

ჩვენ ადრე ვთანამშრომლობდით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ვაწვდიდით პედოფილების მონაცემებს. უკანონო სქემის აწყობის გამო აღმოჩნდნენ ზემოთაღნიშნული პიროვნებები საერთაშორისო ინტერპოლის და აშშ-ის კიბერნეტიკული უსაფრთხოების და დანაშაულის ქსელში. საქართველოში კახი კალაძის მეშვეობით შეგიძლია ნებისმიერი კრიმინალი დაფარო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა საერთაშორისო ასპარეზზე. ინტერპოლისთვის კახი კალაძე არავითარი ავტორიტეტი არაა, აქედან გამომდინარე, ბიჭებს ჩაავლეს და საკმაოდ მძიმე პასუხისგება მოუწევთ. ამ დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 10 წელზე მეტია. იმედია, რომ ახლა მთავრობა, პროკურატურა და ფინანსური პოლიცია ისევ კახი კალაძის მეშვეობით არ გაჩუმდება და თვალს არ დახუჭავს ამ საერთაშორისო დანაშაულზე.

გასაგებია, მაგრამკავკასუს ონლაინში“ აცხადებენ, რომ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ხელშეკრულება არეგულირებს, რომლის თანახმად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე, ანუ სერვერზე განთავსეულ ინფორმაციაზე. ეს არის მათი მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნა?

- რა თქმა უნდა. ყველა კომბინაცია და ფინანსური მაქინაცია სწორედ ისე კეთდება, რომ აიცილონ პასუხისმგებლობა. ეს თვითონ „კავკასუსის“ სახელით რომ გაკეთებულიყო, ამის საშუალებას თვითონ კომპანიის კრედიტორები არ მისცემდნენ. მაგრამ ეს საიტები იყო კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მენეჯერის მეუღლის სახელზე გაფორმებული. ღიად ჩანს, რომ სახელდახელოდ შექმნილი ფირმა, რომელიც, თითქოსდა, არანაირ კავშირში არ იყო „კავკასუსთან“, იმას მოწმობს, რომ ეს დანაშაული „კავაკასუს ონლაინის“ მენეჯმენტის მიერ იყო დაგეგმილი. რა თქმა უნდა, კრედიტორებისგან მალავდნენ ამ ტრაფიკს.

რა თქმა უნდა, „კავკასუს ონლაიანი“ოფიციალურად პასუხს არ აგებდა ფინანსური პოლიციისა და ინტერპოლის წინაშე, თუ ასეთი რამე ჩნდებოდა, მაგრამ ფინანსური პოლიციის მოვალეობაა, რომ ასეთი ფინანსური მაქინაციები გამოავლინოს. როგორ შეიძლება ქმარი „კავკასუსში“ მუშაობდეს და პასუხისმგებელი იყოს „კავკასუს ონლაინის“ რესურსების განვითარებაზე და ცოლი კიდევ, მუშაობდეს ამ კომპანიის კონკურენტ კომპანიაში, რომელიც პირდაპირ კონკურენციას უწევდა „კავკასუს ონლაინს“  ტრაფიკების გენერირებაში?! აქვე აღვნიშნავ,რომ რამდენიმე საათის წინ „კავკასუს ონლაინში“ კრიმინალური პოლიციის შესვლის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მარეგულირებელი კომისიის განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც პირდაპირ უთითებს „კავკასუსის“ პასუხისმგებლობაზე.

ორი წელია ამას ვამბობ, რომ იმდენად დიდია კახი კალაძის მფარაველობა, რომ მაქაცარიას ყველანაირ მაქინაციაზე ანთებული აქვს მწვანე შუქი. რატომ არ შედის და არ იძიებს ამ კომბინაციებს ფინანსური პოლიცია? უამრავი ინფორმაცია მივაწოდე სამართალდამცავებს და არანაირი რეაგირება არაა. შეიძლება საქართველოში მართლმსაჯულებას კალაძის მეშვეობით დაუძვრე, მაგრამ ვერ დაუძვრებიან საერთაშორისო მართლმსაჯულებას.

კახი კალაძეს ადანაშაულებთ, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულება თუ გაქვთ იმისა, რითიც დასტურდება კალაძის მფარველობა? თავად უარყოფს ამ ინფორმაციას...

- თუ არ ვცდები, 2007 წელს კახი კალაძემ და ზურაბ ნოღაიდელმა, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, შეიძინეს „საქჰიდროენერგომშენის“ აქციების 50 პროცენტი, ხოლო დანარჩენი 50% კი, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დახმარებით შარანგიების კლანის ხელში აღმოჩნდა. მათ შორის ფიგურირებს ხვიჩა მაქაცარიაც, რომელსაც ჩემთვის ეს ინფორმაცია არაერთხელ დაუდასტურებია.ზუსტად ვიცი, რომ ეს კომპანია მათ სიმბოლურ ფასში მიიღეს. „საქჰიდროენერგომშენი“, როგორც მოგეხსენებათ საქართველოს უმსხვილესი ენერგეტიკული ფირმა იყო. იგი ფლობს უდიდეს ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელიც ქართველი სპეციალისტების მიერაა ათეული წლის განმავლობაში შექმნილი. როდესაც ნოღაიდელმა და კალაძემ სააკაშვილის ბიზნესჯგუფთან ერთად, ხელში ჩაიგდეს ეს პროექტები, პრაქტიკულად, ქართულ ბაზარზე მონოპოლისტები გახდნენ. ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნის დროს, გახსოვთ, რომ კალაძეს შეექმნა ინტერესთა კონფლიქტი და თავისი წილი გადააფორმა ხვიჩა მაქაცარიაზე და ლევან ყარამანიშვილზე. ანუ თავის ბიზნესპარტნიორებს გადასცა წილი სამართავად.
2012 წლის ოქტომბერში პროკურატურაში შევიტანე სარჩელი, მაგრამ მოგეხსენებათ სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეჩერდა, ამიტომ, გადავწყვიტე „კავკასუს ონლაინი“ მე თვითონვე გამომესყიდა, ფინანსური მოლაპარაკებები გამემართა და დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე. სწორედ ამ შეხვედრაზე, რომელიც შედგა „თბილისი მერიოტში“ გამოჩნდა კახი კალაძე, მოგვესალმა და გაგვაცნო თავისი უკრაინელი ბიზნესპარტნიორი. ამის შემდეგ, მან თავისი ბიზნესპარტნიორი დატოვა, ხოლო თავად დაგვტოვა და მე საუბარი „კავკასუს ონლაინის“ თემაზე მის პარტნიორთან განვაგრძე.

მოლაპარაკება მიმდინარეობდა ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში და შეხვედრა საბოლოო პასუხისთვის დილით დავთქვით. დანიშნულ დროს გამოცხადდა იგივე პიროვნება, რომელმაც გადმომცა, რომ კალაძე წინააღმდეგია. ასე რომ, კალაძე იმ მომენტში წარმოადგენდა ხვიჩა მაქაცარიას ინტერესებს, მან ჩაშალა ეს მოლაპარაკება და ჩემი მცდელობა კომპანიის დაბრუნებისა უშედეგოდ დამთავრდა. ამ შეხვედრას ყავს რამდენიმე მოწმე და ვიდეოჩანაწერიც არსებობს. შესაბამის სტრუქტურებს შეუძლიათ მარტივად ნახონ. კალაძე დღემდე აგრძელებს ხვიჩა მაქაცარიას ინტერესების ლობირებას და დღემდე მფარაველობს მას. ამიტომ, ყველანაირ ფინანსურ მაქინაციაზე გააჩნია იმუნიტეტი ხვიჩა მაქაცარიას და „კავკასუს ონლაინს“. 

რას აპირებთ იმისათვის, რომ დაიბრუნოთ კუთვნილი კომპანია?

- არანაიარი საზოგადოებრივი აზრი არ აინტერესებთ. არავის არ უბრუნებენ ქონებას. პროკურატურას თაროზე აქვს ეს საქმეები შემოდებული. ათასობით ბიზნესმენია, რომლებსაც წაართვეს ქონება და ჩემი ინფორმაციით, დღეს კახი კალაძისნაირი არაკეთილსინდისიერი მთავრობის წარმომადგენლები ჩართული არიან ბიზნემენებისთვის წართმეული ქონების გადანაწილებაში.  მე ბრძოლას არ შევწყვეტ სამართლიანობის აღდგენამდე.

ისე, ცნობისათვის „კავკასუს ონლაინი“ გაძარცვულია, უდიდესი კრედიტები აქვთ აღებული და შეჭმული. ინგლისის სასმართლოში მიდის სასამართლო დავა ხვიჩა მაქაცარიას და ლევან ყარამანიშვილის წინააღმდეგ და მათ მოუწევთ საერთაშორისო სასამართლოს გზით აანაზღაურონ ის ზიანი, რომელიც მომაყენეს. მე ქართული მართლმსაჯულების იმედი არ მაქვს, 2 წელია საქმე არის გაჩერებული. ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობის პოლიტიკურ ნებაზე, მაგრამ ყველამ იცოდეს, მოვა დრო, როცა ყველანი პასუხს აგებენ, მათ შორის კახი კალაძეც.