„რა თქმა უნდა, ბევრად უფრო თავისუფალია დღეს მედია - მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებული. დიდი მიღწევა მგონია ისიც, რომ დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ სხვადასხვა მედიასაშუალებები და არა ერთ დიდ სამთავრობო ჰოლდინგს“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.
საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე ერთგვარად თავს იწონებს მთავრობაც. ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლისთავზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახლახან გამოქვეყნებული მედიარეიტინგით ამაყობს.
„ჩვენი ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის, რომ გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. მედიის დამოუკიდებლობით და სიძლიერით იზომება რამდენად ძლიერია ქვეყანაში დემოკრატია და ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის საამაყოა, რომ სულ ახლახანს გამოქვეყნებული კვლევების შედეგებით, მედიის თავისუფლების ინდექსში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო არის პირველ ადგილზე“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
თუმცა, მედიასთან ურთიერთობის კონტექსტში მოქმედ ხელისუფლებას საზოგადოების ნაწილი ზოგჯერ კომუნიკაციის ფორმებს უწუნებს. კერძოდ კი, კონკრეტული მედიასაშუალებების კრიტიკას და მათი წარმომადგენლების ცალკეული კითხვების განგებ უპასუხოდ დატოვებაში სდებენ ბრალს. ამ შემთხვევაში, ძირითადად, საუბარია წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებზე, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ტელევიზიებს წარმოადგენენ და ეთერს კვლავ განუსაზღვრელი დროით უთმობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებს. მოქმედი ხელისუფლებიდან ჟურნალისტების ხმამაღალი კრიტიკა, პრაქტიკულად, პირველად დაიწყო ყოფილმა-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და იგი პოლიტიკის „ამ ხაზს“ დღემდე ინარჩუნებს. სულ ახლახან კი სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ: „მთავრობას მედიასთან სერიოზული სამუშაო აქვს იმისათვის, რომ დილით, ნაცვლად ნეგატივისა, პოზიტიური განწყობა შევუქმნათ“. ჯერ უცნობია, რას გულისხმობს პეტრიაშვილის სტრატეგია და როგორ უნდა შეუქმნას მთავრობამ მედიას პოზიტიური განწყობა. პეტრიაშვილის „რეფორმამდე“ საზოგადოებას მედიასთან „მთავრობის მუშაობის“ პრაქტიკული მაგალითები ახსოვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ, საკმაოდ ბევრი „იმუშავა“ მედიასაშუალებების მნიშვნელოვანი ნაწილის გასაკონტროლებლად და საკუთარ რუპორად ქცევისთვის, დღეს კი მათ შენარჩუნებას წარმატებით ახერხებს.
„ვის ეკუთვნის რუსთავი2?“ - ეს კითხვა წლებია არსებობს. პასუხი თითქმის ყველამ იცის, მაგრამ, ოფიციალურად, არავინ ადასტურებს. ოფიციალურად და დოკუმენტებით რაც დასტურდება, ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „რუსთავი2-ის“ და სხვა მედიასაშუალებების „ერთგულების“ მოსაპოვებლად წლების განმავლობაში მილიონობით თანხები გაიღო - არა საკუთარი ან პარტიის სალაროდან, არამედ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. „რუსთავი2-ის“ საინფორმაციო პოლიტიკაც, სწორედ, ამ „ერთგულების“ ნათელი მაგალითია.
55 მილიონი ლარი - დაახლოებით ამდენით იზარალა ორი წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტმა ე.წ. საგადასახდო ამნისტიის საფუძველზე კერძო ტელევიზიებისთვის ფინანსური დავალიანებების ჩამოწერის გამო. ამ თანხის ნახევარი კი, სწორედ, „რუსთავი2-ის“ „ერთგულების“ მოპოვებასა თუ დამტკიცებას მოხმარდა.
ზუსტად ორი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ვიდრე ხელისუფლებას „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად გადააბარებდა, „ნაციონალურმა მთავრობამ“ უკანასკნელი დოკუმენტები, სწორედ, „ერთგული“ ტელევიზიების სასარგებლოდ გამოსცა.
დღეს პატიმრობაში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2012 წლის 12 ოქტომბერს სპეციალურ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, შპს „ტელეიმედს“ და შპს „ტელეკომპანია პიკს“ სახელმწიფომ დაახლოებით 20 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოაწერა.
ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ბიუჯეტის მიმართ 2012 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით 5 მილიონ 243 ათასი ლარის დავალიანება ერიცხებოდა. თუმცა 2012 წლის 20 აგვისტოს (ბრძანება - №1199) და 2012 წლის 12 ოქტომბრის (ბრძანება - №1445) საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ბრძანებების საფუძველზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება და „რუსთავი 2“-ის დავალიანება 400 ათას ლარამდე შემცირდა.
იმევე პერიოდში საგადასახადო შეთანხმება გაფორმდა „ტელეიმედთანაც“. „ტელეიმედის“ 13 მილიონ 862 ათას ლარიანი დავალიანება, რომელიც სახელმწიფოს წინაშე ტელეკომპანიას 2012 წლის 7 აგვისტოს ერიცხებოდა, შემცირდა და 300 ათასი ლარით განისაზღვრა. ვალებისგან გათავისუფლებული „იმედი“ რამდენიმე დღეში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნეს.
ვანო მერაბიშვილის ბრძანებითვე 5 ათას ლარამდე შემცირდა შპს „ტელეკომპანია პიკ-ის“ 1 მილიონ 501 ათას ლარიანი დავალიანება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე რუსულენოვანი არხის მმართველ კომპანიას 2012 წლის 15 ოქტომბერს ერიცხებოდა სახელმწიფოს წინაშე. ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლებული „პიკი“ იმავე თვეში დაიხურა.
საყურადღებოა, რომ კერძო ტელეკომპანიების გულის მოგების ხარჯზე ბიუჯეტი „ნაციონალურ ხელისუფლებას“ მხოლოდ 2012 წელს არ უზარალებია. ტელევიზიების ე.წ. ფინანსური ამნისტია მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ 2010 წელსაც გამოაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანიებს 2010 წლის 1 მარტის მდგომარეობით წარმოშობილი საგადასახადო დავალიანებები შეუწყდათ. ფინანსური ამნისტიის ინიციატივა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა. მან 2010 წლის 1 მარტს პარლამენტში საჯაროდ გამოსვლის დროს განაცხადა, რომ აპირებდა ყველა ქართული რეგიონული ტელევიზიისთვის საგადასახადო ამნისტია გამოეცხადებინა, მაგრამ მალე, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ამნისტია რეგიონულის გარდა ეროვნულ მაუწყებლებსაც შეეხებოდათ. ამნისტირებული, დაახლოებით 36 მილიონი ლარიდან, რეგიონული ტელევიზიების დავალიანება მხოლოდ 2 მილიონ ლარამდე იყო. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ რეგიონული ტელევიზიების „დახმარება“ მხოლოდ შირმა იყო, ხოლო, რეალური მიზანი - კონკრეტული ეროვნული მაუწყებლების „დასაჩუქრება“. იმ დროს სახელმწიფომ „რუსთავი2-ს“ 20 მილიონზე მეტი ლარი აპატია, მის პარტნიორ „მზეს“ – 600 ათას ლარამდე, საზოგადოებრივ მაუწყებელს, დაახლოებით 12, 5 მილიონი ლარი. ბათუმის „ტელეარხ 25“-ს - 643 ათას 687 ლარი, გორში ტელეკომპანია „თრიალეთს“ კი - 47 ათას 847 ლარი.
ცალკეული ტელეკომპანიებისთვის საგადასახადო ამნისტიის შედეგად მილიონობით ლარის ჩამოწერის ფაქტი მოგვიანებით არასამათავრობო ორგანიზაციების ნაწილმაც დაგმო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2013 წლის თებერვალში საკითხს სპეციალური წერილი მიუძღვნა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოკავშირეების მეშვეობით გაკონტროლებული ტელეარხების სახელმწიფო სახსრებიდან სუბსიდირების გამო გააკრიტიკა.
„წლების მანძილზე ლოიალური გაშუქების სანაცვლოდ, ხელისუფლება თავისი ერთგული მედიასაშუალებების მიერ გადასახადებისგან თავის არიდებაზე თვალს ხუჭავდა, რითიც სახელმწიფო სუბსიდირების დახვეწილი ფარული მოდელი შექმნა. 2009-2012 წლებში, როდესაც გადასახადების აკრეფა მკაცრად კონტროლდებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ და გარკვეულ შემთხვევებში, კომპანიებს შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად ზედმეტი გადასახადების გადახდასაც აიძულებდა, ქვეყანაში მოღვაწე ნებისმიერ დამოუკიდებელ და წარმატებულ კომპანიას გადასახადების რამდენიმე თვის განმავლობაში გადაუხდელობაც კი სისხლის სამართლის საქმედ დაუჯდებოდა“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წერილში.
„რუსთავი 2“ და სხვა პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებდნენ გადასახდებისთვის თავის არიდებას და მილიონობით ლარის დაგროვებას, თუმცა, ამ „მფარველობის“ გამო დღემდე არავინ დასჯილა, ტელეკომპანიებს კი უკვე ჩამოწერილ დავალიანებას აღარავინ მოსთხოვს.
თუმცა, შერჩევითი საგადასახდო პოლიტიკის და საგადასახადო ამნისტიების შედეგად „პასუხი“ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანიებმა აგეს - ყველა გადასახადის კაპიკ-კაპიკ გადახდით.
ტელეკომპანია „კავკასია“, სწორედ, შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ როცა კონკრეტული ტელევიზიები მილიონობით დავალიანებებს აგროვებდნენ, თავად ყველა გადასახადს დროულად იხდიდა.
„ვიხდიდით თანხებს, რომლითაც შეგვეძლო არხის რეორგანიზაცია, ტექნიკური გადაიარაღება და ა.შ. ვიცოდით, რომ არავინ გვაპატიებდა ამ თანხების ბიუჯეტში გადაუხდელობას. 2 ლარის დავალიანების გამოც კი მიყადაღებდნენ ხოლმე ანგარიშს. ამ განსაკუთრებული მიდგომების გამოც არის „რუსთავი2“ დღეს ბაზარზე ლიდერი. წლების განმავლობაში მას ყველა პირობა ჰქონდა - შენობა სიმბოლურ ფასად მისცა სააკაშვილმა, ტექნიკის შეძენის კუთხით პრობლემა არ ჰქონდათ და გახდნენ კიდეც ბაზრის ლიდერები სარეკლამო თვალსაზრისით. მაგრამ თუ ეს სიტუაცია შეიცვლება და მედია პოლიტიკური გავლენისა და პოლიტიკური ფულისგან დაიცლება, ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტში ჩადგება“,- აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი და აღნიშნავს, რომ მოქმედ ხელისუფლებას პრინციპულობა უნდა გამოევლინა და ხელისუფლების გადაბარებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცემული საგადასახადო ამნისტიის დოკუმენტის რევიზია უნდა განეხორციელებინა.
„უნდა დაესაჯათ ეს ვინც გააკეთა და გამოესწორებინათ ეს სიტუაცია, მაგრამ, როგორც ჩანს, გაჩნდა შიში, რომ ეს ვიღაცას არ გამოეცხადებინა მედიაზე ზეწოლად და ამიტომ შეიკავა თავი. „რუსთავი 2-სა“ და „იმედისთვის“ რომ გადაეხდევინებინათ ის ფული, რაც წინა ხელისუფლებამ აპატია, მერწმუნეთ, ცოტა სხვა ვითარება იქნებოდა და „რუსთავი2“ დღეს ასე ამაყად ვეღარ გამოაცხადებდა, რომ არის ბაზრის ლიდერი. მაგრამ ეს წარსული თემაა და როგორც ჩანს, ამას აღარაფერი ეშველება“,- აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.
„კავკასიის“ დირექტორი იმედოვნებს, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდება, კუთვნილ გადასახადს ყველა ტელევიზია გადაიხდის და ბაზარზე კონკურენციაც თანაბარ პირობებში იწარმოებს. ჯანგირაშვილი მედიის თავისუფლების ინდექსში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველოს დაწინაურებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში მედიაგარემო მართლაც გაუმჯობესებულია.
„დღეს აღარ არის ის სახელისუფლებო იმპერია, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო სატელევიზიო სივრცეში ტელევიზიების უმრავლესობა, ასევე ბეჭდური თუ ინტერნეტგამოცემების დიდი ნაწილი. დღეს ასეთი რამ აღარ ხდება. რა თქმა უნდა, ინერციით ნარჩუნდება სიტუაციები იმავე სარეკლამო ბაზრის გადანაწილებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ჯგუფების გავლენების თვალსაზრისით. ვერ ეშველა საზოგადოებრივ მაუწყებელს და ეს სისტემა ვერ ჩამოყალიბდა ისე, როგორც ვისურვებდით, მაგრამ მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო თავისუფალია დღეს მედია“,- აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.
როგორ ახერხებდა „რუსთავი 2“ მილიონობით დავალიანების დაგროვებას ისე, რომ ანგარიშების დაყადაღების პრობლემა არ ჰქონდა და რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ტელეკომპანიას ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება, 25 მილიონამდე ლარი სრულად და კანონის შესაბამისად რომ დაეფარა, იქნებოდა თუ არა ამ შემთხვევაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ „ლოიალური“ და სარეკლამო ბაზრის ლიდერი „რუსთავი2“? - ამ კითხვებზე პასუხის მოსმენა for.ge-ს ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ დირექტორის ნიკა გვარამიასგან სურდა, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.