მთავრობა თამბაქოს კიდევ უფრო აძვირებს

მთავრობა თამბაქოს კიდევ უფრო აძვირებს

უკვე გადაწყვეტილია, რომ გაისად თამბაქო გაძვირდება და მწეველები მორიგი არჩევანის წინაშე დადგებიან. შარშანდელმა ცვლილებამ განსაკუთრებული ეფექტი ვერ მოიტანა, თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი დიდად არ შეცვლილა. რას მოიტანს კიდევ ერთი გაძვირება?

2015 წლისათვის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი კვლავ მოიმატებს. ამ ნაბიჯით გაძვირებით სახელმწიფო მწეველთა რაოდენობის შემცირებას გეგმავს. აქციზის ეტაპობრივი ზრდა თამბაქოს კონტროლის შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

„საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების და სიკვდილიანობის მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა. წელიწადში 11 ათასი ადამიანი იღუპება, აქედან 3 ათასი ადამიანი პასიური მწეველია. თამბაქოს კონტროლის შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ მუხლებთან შესაბამისობაში უნდა ვიყოთ. მწეველთა რაოდენობის შემცირების მიზნით, კონვენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ეტაპობრივად თამბაქოზე აქციზის ზრდა. ერთხელ ეს უკვე მოხდა და შესაბამისი ეტაპი იქნება 2015 წელს. ამიტომ გაისად გათვალისწინებულია თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატება“, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე ჯერჯერობით ვერ აზუსტებს რა ოდენობით შეიძლება გაიზარდოს აქციზის გადასახადი და რა ფასი იქნება თამბაქოს პროდუქციაზე. ამ ყველაფერს მალე ფინანსთა სამინისტრო დათვლის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც ადასტურებს, რომ ნოდარ ხადურის უწყებას ამ საკითხზე უკვე დაწყებული აქვს მუშაობა.

„მოგეხსენებათ, თამბაქოზე ხელმისაწვდომობის გართულების ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი თამბაქოზე ფასის ზრდაა. სამოქმედო გეგმაში, გათვალისწინებულია თამბაქოს აქციზზე ფასის თანდათანობითი ზრდა. შარშან ამ კუთხით პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ფასი გაიზარდა, როგორც ფილტრიან, ასევე უფილტრო თამბაქოზე. წელსაც იგეგმება მსგავსი სახის ღონისძიებების გატარება“, - ამბობს გამყრელიძე.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, 2014 წელს თამბაქოს ზოგადად და ახალგაზრდებში მოხმარების ორი მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა. 2010 წლის კვლევის წინასწარ შედეგებთან შედარებით მოხმარების დაახლოებით 2%-ანი კლება დაფიქსირდა. თუმცა, ძნელი სათქმელია, რომ ეს შედეგი მხოლოდ თამბაქოზე ფასის ზრდამ გამოიწვია.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის განცხადებით, თამბაქოს აქციზი არათუ უნდა გაძვირდეს, არამედ მწარმოებლებმა, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, კომპენსირების თანხებიც უნდა შეიტანონ სახელმწიფო ბიუჯეტში იმ ჯანმრთელობის ზიანის ანაზღაურებისთვის, რომელსაც თამბაქოს მწეველებისთვის მოაქვს.

„ხელისუფლება უშუალო კავშირში იყო თამბაქოს ინდუსტრიასთან, რომელსაც სასათბურე პირობები შეუქმნა. ახლაც ექნება ადგილი ფაქტებს, რომ კომპანიებმა მოინდომონ გარიგებაში შესვლა და გადაწყვეტილების შემუშავების პროცესზე გავლენა იქონიონ“, -აღნიშნა ბახტურიძემ.

თამბაქო საქართველოში 2013 წელს ერთხელ უკვე გაძვირდა. საგადასახადო კოდექსში 2013 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული ცვლილებებით, ფილტრიან სიგარეტზე (ადგილობრივი და იმპორტირებული) აქციზის განაკვეთი 0.60-დან 0.75 ლარამდე, ხოლო უფილტროზე-0.15-დან 0.20 ლარამდე გაიზარდა. საბოლოოდ სიგარეტი 20-30 თეთრით გაძვირდა. თუკი მთავრობა შარშანდელი მოდელით იხელმძღვანელებს, გაისად თამბაქოს ფასი დაახლოებით იგივე მოცულობით გაიზრდება.