საქართველო საპროცენტო განაკვეთების მიხედვით მაღალი რისკის ქვეყნად რჩება

საქართველო საპროცენტო განაკვეთების მიხედვით მაღალი რისკის ქვეყნად რჩება

ბანკების მსხვერპლთა რიცხვი საქართველოში კვლავ დიდია. სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით ბევრი ადამიანი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, მაგალითად, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი იპოთეკით დაზარალებულები დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უწყობენ და შეძახილებით აცილებენ. იმის მიუხედავად, რომ ბანკების მსხვერპლთა დიდი ნაწილი სუბიექტური მიზეზებით აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში, დაზარალებულთა ნაწილი იძულებით აღმოჩნდა ანალოგიურ სიტუაციაში. და მაინც, მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით, რეგიონში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით კი სამომხმარებლო სესხებზე, საქართველოშია.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, საბანკო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები შეესაბამება ეკონომიკის განვითარების იმ სტადიას, რაზეც საქართველო იმყოფება, ირაკლი ქადაგიძის განმარტებით, ქვეყანაში აღნიშნული კუთხით დღეისთვის არსებული ვითარება კანონზომიერია.

„მიუხედვაად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთების კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში სახეზეა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ გვაქვს ამ კუთხით ის დონე, რაც დასავლეთ ევროპაშია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკაც არ არის განვითარების იმ დონის, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამიტომ, აქ ყველაფერი კანონზომიერია, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. არსებული ტენდენციებით, პრინციპში, კმაყოფილნი ვართ, რადგან იპოთეკურ სესხებზე ერთნიშნა საპროცენტო განაკვეთები რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს კი ეს რეალობაა, თუმცა არსებული შედეგი საბოლოო არ არის და ის აუცილებლად გაგრძელდება“,- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

როგორც ექსპერტი, პაატა შეშელიძე მიიჩნევს, თუ გვინდა, რომ საპროცენტო განაკვეთი იყოს დაბალი, მაშინ არსებული მონეტარული სისტემის მოდელი უნდა შეიცვალოს.

„ამ სისტემის ფარგლებში არის ის, რაც არის. ზოგჯერ ხელოვნურად ხდება საპროცენტო განაკვეთის დაგდება, მაგალითად, იაფი სესხის პროგრამისათვის და ა.შ. ბანკები პირდაპირ მთავრობისგან იღებენ სუბსიდიებს. კიდევ კარგი მდგომარეობა გვაქვს არსებული პოლიტიკის პირობებში, მაგრამ თუ უნდათ, რომ რამე შეცვალონ, მაშინ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება მონეტარული და საერთოდ, საბანკო სისტემის მიმართ“, - მიიჩნევს პაატა შეშელიძე.

როგორც ექსპერტი თვლის, ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მთელი პოზიციები უნდა გაუქმდეს, საბანკო სისტემა შეზღუდული და კარტელურად ორგანიზებული კი არა, უფრო მოქნილი უნდა იყოს.

ექსპერტი, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში არ გვაქვს ძვირი განაკვეთები, უფრო უკეთესი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა რუსეთში, თუმცა რეგიონში მეტ-ნაკლები პროპორციით თანაბარი სურათია და ამ სურათს ქმნის შედარებით რისკიანი გარემო.

„ბალტიისპირეთს უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა და ასე იქნება მომავალშიც, ალბათ, უკრაინის გამოკლებით“,- მიიჩნევს ლექვინაძე.

თუმცა მისივე განმარტებით, ჩვენთან როდესაც სამომხმარებლო სესხი გაიცემა, მას თან ახლავს საკომისიო, საჯარიმო პროცენტი, იგივე, თუნდაც, რესტრუქტურიზაციის პროცენტი და ამ კუთხით, ჩვენთან შეიძლება, უფრო მკაცრი იყოს საბანკო სისტემა მომხმარებელთან მიმართებაში.

„ესეც, ალბათ, რისკების დაზღვევის ერთ-ერთი მექანიზმია. განვადებებისა და საკრედიტო ბარათების პროცენტი საკმაოდ მაღალია და შესაძლოა, ამ კუთხით ერთ-ერთი, ყველაზე მაღალპროცენტიანი ქვეყნების სიაში ვიყოთ - ყველა ხარჯის ერთად აღებით და არა მარტო საპროცენტო განაკვეთებით“,- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

პაატა შეშელიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კიდევაც გაიზარდოს.

„კიდევ ერთი დეტალია - ახლა მიდის შეტევა, რომ კერძო მევახშეები და მსესხებლები შეზღუდონ და არავის არ ჰქონდეს უფლება, ბანკის გარეშე დადონ გარიგება. ადრე თუ გვიან, ესეც იმოქმედებს სესხების პროცენტის გაზრდაზე. ანუ ყველაფერი იმისთვის არის გაკეთებული, რომ სესხები მაღალპროცენტიანი იყოს“.

ეკონომისტებისთვის მარტივი ჭეშმარიტებაა, როდესაც ქვეყანაში ძვირი ფულადი რესურსებია, ბიზნესის განვითარებისთვის არასასურველი გარემო იქმნება. რაც შეეხება სამომხმარებლო სესხებს, ის დანარჩენ ადამიანებს უძვირებს ცხოვრებას. მოკლედ, იაფი საკრედიტო რესურსები ეკონომიკის განვითარებისთვის ბევრად უფრო სასურველია.

„როდესაც მაღალია პროცენტი სესხის აღებაზე, ადამიანი ყოველთვის მოერიდება სესხის აღებას. აქ ყოველთვის არის საბაზრო კომპრომისი დეპოზიტებსა და გასესხების პროცენტს შორის. ეს სხვაობა ჩვენთან ძალზე დიდია. როცა ბანკებს აქვთ სუბსიდიები, აქედან გამომდინარე, არ არიან დაინტერესებული, რომ სადეპოზიტო ბაზარზე იმუშავონ. მეორე მხრივ, იგივე, სესხები აგრო და სხვა სეგმენტებზე, არ იძლევა პროცენტის დაკლების საშუალებას - იაფი სესხის პირობებში სახელმწიფო მაინც უხდის ბანკს სხვაობას და მოტივაცია, რომ საბაზრო სესხები დაბალი იყოს, არ არის“,- აცხადებს პაატა შეშელიძე.

ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ზოგადად ძვირი ფული როდესაც არის ქვეყნაში, ბიზნესისთვის ეს ცუდია. სამომხმარებლოს რაც შეეხება, ჩვენთან უფრო მეტი პრობლემა მომხმარებელშია და არა იმაში, რომ ბაზარზე ძვირი ფულია. იმიტომ, რომ დაბალშემოსავლიან ადამიანებს ხშირად იმაზე მეტი ვალი აქვთ, ვიდრე მათი შემოსავლებია.

ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ეს ხშირ შემთხვევაში ხდება გაუცნობიერებლად, რადგან ხარჯვის მოთხოვნილებაა მაღალი. ერთი მხრივ, ეს თანხა ხმარდება ადამიანისთვის კომფორტის შექმნას - ტელეფონი, ავტომობილი და ა.შ. მეორე მხრივ, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს სხვა გზა არ აქვს და იძულებულია, ხელი მოაწეროს კაბალურ ხელშეკრულებას. თუმცა ლექვინაძე თვლის, რომ მთავარი პრობლემა მაინც არის მოსახლეობა, რომელიც გაუცნობიერებლად იღებს სესხს და ეს მაღალი მოთხოვნა განაპირობებს მაღალ განაკვეთებს ფულზე.

„ბანკები, რა თქმა უნდა, ამით სარგებლობენ. თუმცა გაცილებით უარესი მდგომარეობაა კერძო მევახშეებთან. პრობლემაა მომხმარებელი რამდენად განათლებულია ფინანსურად იმისათვის, რომ არ აიღოს იმაზე მეტი სესხი, ვიდრე შემოსავალი აქვს“, - მიიჩნევს ლექვინაძე.

პაატა შეშელიძის განმარტებით, პრობლემა იმაშია, როდესაც ქვეყანაში ფული ძვირია, ყოველთვის ამბობენ, რომ ფული ცოტაა - ეს ასე არ არის, ფული ყოველთვის საკმარისია. პრობლემა ის არის, რომ ის, რაც ფულით უნდა შეიძინოს ადამიანმა, არ არის საკმარისი და ამიტომ არის სესხი ძვირი.

ირაკლი ლექვინაძე თვლის, რომ ბიზნესისთვის ძვირი ფული ყველაზე დიდი პრობლემაა და კიდევ უფრო დიდი პრობლემა იყო ცოტა ხნის წინ. ახლა საბანკო სესხების პარალელურად არსებობს ალტერნატიული ფონდები, საიდანაც ბიზნესს შეუძლია ისარგებლოს შედარებით იაფი ფინანსური რესურსით. თუმცა ლექვინაძე თვლის, რომ თუ ბიზნეს სესხებს შევხედავთ, დაახლოებით 12-15% არ არის იაფი. შესაბამისად, ბიზნესმა უნდა იმუშავოს უფრო მაღალ მარჟაზე, რომ შეძლოს ამ პროცენტის გასტუმრება, რაც საბოლოოდ აისახება სამომხმარებლო ფასებზე.

ფაქტია, რომ ის მდგომარეობა რაც გვაქვს, იმასთან შედარებით უკეთესია, რაც წარსულში იყო, თუმცა არა იდეალური ბიზნესის, ეკონომიკის განვითარებისა და ცხოვრების დონის ამაღლებისთვის.

პაატა შეშელიძე: თუ სისტემას ვაფასებთ, თუ გვინდა, რომ დამოკიდებულება შეიცვალოს, უნდა მოიხსნას ძალზე ბვრი შემზღუდველი გარმოება, მათ შორის, რისკები. ლარი არის რისკის ვალუტა, იმიტომ, რომ არავინ იცის, ხვალ რა მოუვა - შარშან დევალვაცია და ინფლაცია იყო, დღეს რა იქნება, არ ვიცით. მოლოდინი ძალზე მძიმეა. ამიტომ, ეს რისკი რომ მოიხსნას, თვითონ ლარი უნდა იყოს საუკეთესო შემთხვევაში უზრუნველყოფილი ოქროთი და უარეს შემთხვევაში, რომელიმე მსხვილი ვალუტით, იმის გარანტიით, რომ ეს იქნება გაცვლის მუდმივი კურსი, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს, ენდონ მას და არ იყოს რისკის ფაქტორი ამ მაღალ განაკვეთებში.

ამიტომ ვამბობ, რომ რეფორმების გატარება კარგი იქნებოდა, ერთი მხრივ, ლარის სიმყარის უზრუნველსაყოფად, მეორე მხრივ, სასურველია ბაზრის ლიბერალიზება და არა ისე რეგულირება, როგორც დღეს ხდება.

მესამე კომპონენტია ჩაურევლობა საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაში. თუმცა ეს ყველაფერი მთავრობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული“.

ირაკლი ლექვინაძე: „მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცის მიწოდება, როგორ აიღოს სესხი, რას მოაწეროს ხელი, რას - არა. სად არის კონტრაქტში ის ბუნდოვანი მუხლები, რაც მას აყენებს საკმაოდ კაბალურ მდგომარეობაში. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი კონტრაქტს არ კითხულობს გაფორმებამდე. ასეთი მოქმედება იქნებოდა უფრო გამართლებული, რადგან აკრძალვა და საპროცენტო ჭერის დაწესება ვერ გადაჭრის პრობლემას.

რაც შეეხება ბიზნესს, არსებობს ფონდები სახელმწიფო სუბსიდირების ელემენტებით, რაც ბიზნესისთვის აიაფებს ფულს. თუმცა ორივე კატეგორიისთვის სასარგებლო იქნებოდა, უფრო მეტი კონკურენცია ყოფილიყო ბანკებს შორის. მაგალიად იაფი პროდუქტების გამოტანა, რომელიც მომხმარებელს მიიზიდავს და ა.შ. თუმცა ბანკები ჯერჯერობით ამაზე არც ფიქრობენ და არც აქვთ ამისი საჭიროება, რადგან რა ფულიც აქვთ და რა პროცენტშიც, იმაზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამიტომ ამ მიმართულებით არაფერი არ იცვლება. თუმცა, თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების ტენდენციას, საპროცენტო განაკვეთები უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც კლებადია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იაფი ფული გვაქვს ქვეყანაში“.