დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ვალერიუ ტროენკოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, მოლდოვის თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. როგორც ვალერიუ ტროენკომ აღნიშნა, მოლდოვა საქართველოს გამოცდილების გაზიარებას გეგმავს. მისი თქმით, განსაკუთრებულ ინტერესს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები იწვევს.
მხარეებმა რეგიონალური უსაფრთოების საკითხებზეც იმსჯელეს. საუბარი ასევე, შეეხო უკრაინაში შექმნილ ვითარებას.
-