2015 წლის ბიუჯეტის ირგვლივ სკანდალი უკვე აგორდა - საპარლამენტო უმცირესობა კვლავ ცდილობს ტრაგიკული სურათი შექმნას. უმცირესობის დეპუტატის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ ხელისუფლება ზღაპრებს ყვება.
როგორც ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის რაც იზრდება, მხოლოდ მთავრობის შენახვის ხარჯებია და მომავალი წლისათვის 323-მილიონი ლარით მეტი დაჯდება მისი შენახვა, ვიდრე 2012 წელს სააკაშვილის მთავრობის შენახვა დაჯდა.
„თქვენივე ციფრების მიხედვით, ორ წელიწადში ყველა მიმართულებით არის გაუარესება. რეალურად საქართველომ დაკარგა 4 მილიარდი ეკონომიკაში. წელს და მომავალ წელს ქვეყანს ექნება 3 მილიარდიანი ახალი ვალი. ქვეყანამ დაკარგა ნახევარმილიარდ დოლარზე მეტი სავალუტო რეზერვი. გასულ წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 700 მილიონით გაირღვა და ვერც წლევანდელი ბიუჯეტი შესრულდება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
როგორც ექსპერტი, ლევან კალანდაძე აცხადებს, ნაციონალების მხრიდან აქცენტის გაკეთება დღევანდელი ხელისუფლების ვალებზე ცოტა უხერხულია და მორალისგან ძალიან შორსაა.
„საპარლამენტო უმცირესობა ამ თემის ზედმეტ პოლიტიზირებას ახდენს და ზედმეტ დრამატიზებას. მერწმუნეთ, ქვეყანაში არ არის კტასტროფული მდგომარეობა. ბიუჯეტი პრობლემური არ არის. თუმცა გარკვეული შენიშვნები მაქვს - ვთვლი, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ ეს რეალობაა. რატომ არ არის 8% - ეს სხვა საკითხია.
2015 წლის ბიუჯეტი რეალისტურია, თუ ფინანსთა სამინისტრომ 2014 წელს სრულფასოვნად მოახდინა ერთი მხრივ, სესხის მობილიზება, მეორე მხრივ, მისი ათვისება. 2014 წლის მიმდინარეობას რომ ვაკვირდები, ამის გაკეთება ძალზე გართულდება და 2015 წლის ავკარგიანობა იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ შეძლებს ფინანსთა სამინისტრო წლევანდელი წლის დასრულებას“, - მიიჩნევს ლევან კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ 350 მილიონი ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ია, ინფლაცია კი 4 %.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთავრობა აპირებს, რომ აიღოს საშინაო და საგარეო ვალი, მთლიანობაში იქნება ერთი მილარდ 300 მილიონზე მეტი, რასაც არ ეთანხმებიან საპარლამენტო უცმირესობის წევრები.
უმცირესობის წევრებისთვის მიუღებელია ასევე 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ისინი აცხადებენ, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, რომელსაც სურს განვითარება და წინსვლა, აუცილებელია, რომ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს დაგეგმილი.
„როგორც გავიგე არის კიდევ საუბარი, რომ დიდი რაოდენობით ვალი უნდა აიღოს, რომელიც იქნება ჩვენი მომავალი თაობის გადასახდელი. ანუ, ამ მთავრობამ გასცა უსაზღვრო დაპირებები, რომლიდანაც არაფერი არ შეასრულა, მაგრამ ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს, იმათ გასასტუმრებლადაც საკუთარი შემოსავლები არ ჰყოფნის და იღებენ და იღებენ ყოველ წელს ვალს. ამდენი ვალი რაც ამ ორ წელიწადში აიღო, საქართველოს მთავრობას არ აუღია არასდროს“,- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, მმართველი გუნდი უმცირესობის წევრების ამ არგუმენტებს არ ეთანხმება და არგუმენტებად ის სარეიტინგო ქულები მოჰყავთ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიხედვით საქართველოს აქვს მინიჭებული.
„ეკონომიკის ზრდა, ბუნებრივია, ისევ დარჩა იმიტომ, რომ წელს ვარაუდია და შესრულდება კიდევაც - ზრდა იქნება 5%, ალბათ, გადააჭარბებს კიდეც და ასევე იქნება მომავალ წელსაც. ინფლაციის დაბალი დონე შენარჩუნდება. „აწარმოე საქართველოს“ პროექტი, საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული. სწორედ ამ პრიორიტეტებს და ამ ეკონომიკურ მაჩვენებლებლებს მკაფიოდ და მკაცრად აკრიტიკებს ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი. მე შემიძლია წამოვადგინო ყველა ის რეიტინგები და საერთაშორისო მონაცემები, თუ რომელ ადგილზე ვიყავით, რა მიმართულებით და რამდენით გადავინაცვლეთ, არა უკან, არამედ წინ“, - განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ.
რაც შეეხება საგარეო ვალს, რომელზედაც განსაკუთრებული პათოსით აპელირებს ყოფილი ხელისუფლება, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ წელს საგარეო ვალს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ავიღებთ.
რაც შეეხება საშინაო ვალს, ხადურის თქმით, მთავრობა დაახლოებით 400 მილიონ საშინაო ვალს აიღებს.
„მომავალ წელს ვალსაც ვიღებთ და ვალსაც ვისტუმრებთ. რაც შეეხება გასტუმრებას, მომავალ წელს 345 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწევს საგარეო ვალებში. დაახლოებით 160 მილიონი ლარით შევამცირებთ საშინაო ვალს მომავალ წელს. საშინაო ვალს ავიღებთ ალბათ 400 მილიონი ლარს. რაც შეეხება საგარეო ვალს, მომავალ წელს ვალდებულებები გაგვეზრდება მილიარდ სამას ოცი მილიონი ლარით. აქედან 900 მილიონ ლარზე მეტი საგარეო დაფინანსებიდან ინფრასტრუქტურას მოხმარდება“,- განაცხადა ხადურმა.
არის თუ არა ტრაგედია ქვეყნისთვის ვალის აღება და რატომ გახდა საგარეო ვალის თემა ნაციონალებისთვის ასე მნიშვნელოვანი როდესაც საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით: „2007–2012 წლებში საქართველოში რეალურ ეკონომიკურ ზრდას ადგილი არ ჰქონია. მთლიანი შიდა პროდუქტისა და მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლების ზრდა გამოწვეული იყო საგარეო ვალის ზრდით. საგარეო ვალის უცვლელობის პირობებში 2007–2012 წლებში ადგილი ექნებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის მკვეთრ კლებას. ანუ 2007–2012 წლებში საქართველოს ეკონომიკა იმყოფებოდა ეკონომიკურ კრიზისში, რომელიც საგარეო ვალის ზრდით იყო შენიღბული. საგარეო ვალი იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ქმნიდა ეკონომიკური ზრდის ილუზიას“.
იმავე სტატისტიკის მონაცემებით, 2013 წლის პირველი კვარტლიდან სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა - საქართველოს საგარეო ვალი შემცირდა, რაც სახელმწიფო საგარეო ვალის კლებით იყო გამოწვეული.
„ამავე დროს, მთლიანი შიდა პროდუქტი 2013 წლის პირველ–მეორე კვარტალში 128.4 მლნ. აშშ დოლარით მოიმატა. 2013 წლიდან საქართველოს ეკონომიკა კრიზისიდან გამოდის, ადგილი აქვს რეალურ ეკონომიკურ ზრდას, რადგან საგარეო ვალის კლების ფონზე მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას განაპირობებს: სოფლის მეორნეობის სახელმწიფო მხარდაჭერა, ახალი საწარმოების დაფინანსება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და სხვა ცვლილებები“- ნათქვამია სტატისტიკის სამსახურის ანგარიშში.
ყოველ შემთხვევაში, წინა ხელისუფლება გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო იმ მხრივაც, რომ საქართველოს საგარეო ვალების გადახდის პერიოდი 2013 წლიდან ეწყებოდა.
ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ არ არის ტრაგედია, როდესაც ქვეყანა საგარეო ვალს იღებს. არსებობს კოეფიციენტები, რამდენია საგარეო ვალის დასაშვები ნორმა და საქართველო ამ კოეფიციენტებში ჯდება.
„საქმე იმაშია, რომ ვალები გადავადებული იყო ჰიუსტონის მეთოდით 2013 წლამდე და ახლა უკვე 2003 წელს არბული ვალების გადახდაც კი გვიწევს. მთავარია, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში დაბალანსდეს არსებული გადახდებისა და შემოსავლების რეალობა. ეს არის პატარა ბიუჯეტი - ის არ არის, რაზეც ვოცნებობდით, მაგრამ მასში რეალურადაა ასახული ის სურათი, რაც დღეს არის საქართველოს ეკონომიკაში“,- მიიჩნევს ემზარ ჯგერენაია.
როგორც ლევან კალანდაძე აცხადებს, ის ეთანხმება ხადურს როდესაც ის ამბობს, რომ 2015 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა კონსერვატიული მიდგომებით.
„2014 წლის ბიუჯეტში საშინაო და საგარეო ვალების მოცულობა - 1,6 მილიარდი იყო. 2015-ში სახელმწიფო იღებს 1,3 მილიარდს - ვალის აღება ტრაგედია არ არის. პრობლემა სხვა რამეა, რამდენად ეფექტურად შეგვიძლია მისი ათვისება. თუ 2015 წლისთვის საბიუჯეტო პროცესი იქნება მეტ-ნაკლებად თანმიმდევრული, შევძლებთ დონორებისგან სესხების აღებას და მასზე მიბმული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ვალი პრობლება ნამდვილად არ არის. თუ გავითვალისწინებთ, რომ სესხის ხვედრითი წილი მშპს-სთან მიმართებაში არის 32-33%, საერთაშორისო სტანდარტებით, ეს მეტ-ნაკლებად ნორმალური მაჩვენებელია“.
როგორც კალანდაძე აცხადებს, მას ბიუჯეტთან ყოველთვის ერთი შენიშვნა აქვს, რამდენად სწორად იგეგმება ის, ანუ რამდენად ადეკვატურია მოსალოდნელი შემოსავლები გასაწევ ხარჯებთან შედარებით.
რაც შეეხება ნაციონალების დროს აღებულ ვალებს, ლევან კალანდაძე განმარტავს, იმ დროს ვალი აიღს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეალურად კი არამიზნობრივად დაიხარჯა.
„მესმის, რომ ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ მდგომარობაში იყო, მაგრამ ფაქტია, ეკონომიკაში ფულის გაშვების ნაცვლად ფული გავუშვით სოციალური მიმართულებით - ეს აბსოლუტურად განსხვავებული საბიუჯეტო პოლიტიკაა. ეს ნიშნავს, რომ რაკი ეკონომიკაში ფული არ გაუშვი, ეკონომიკიდან ფული არ ამობრუნდა და დაიხარჯა სოციალური ვალდებულებებისათვის, რამაც ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგები გამოიწვია. გახსოვთ ალბათ, 2010 წელს ინფლაციის მაჩვენებელი რამდენი იყო“, აცხადებს ლევან კალანდაძე.
რაც შეეხება ნაციონალების განცხადებებს, როგორც ემზარ ჯგერენაია აცხადებს, ისინი არიან ოპოზიციაში და ბუნებრვია, შანსს არ გაუშვებენ, რომ ილაპარაკონ.
„რომ არ ავიღოთ ვალი იტყვიან რატომ არ ვიღებთ, როგორც ფინანსურ ინსტრტუმენტსო; რომ ვიღებთ, პირიქით - რატომ ვიღებთო. ეს ჩვეულებრივი მომენტია - სულ უკმაყოფილოები არიან“,- მიიჩნევს ჯგერენაია.