ავტომობილების ტექდათვალიერება შესაძლოა 2 წლით გადავადდეს

ავტომობილების ტექდათვალიერება შესაძლოა 2 წლით გადავადდეს

ავტომფლობელებისა და ავტოიმპორტიორებისთვის მეტად მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ გამოჟონა. საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადა, სავარაუდოდ, 2 წლით გადაიწევს და ნაცვლად 2015 წლისა, 2017 წლის 1-ლი მარტიდან შევა ძალაში.

ეს ნიშნავს, რომ აფორიაქებულ ავტომფლობელთა უმეტესობას შეუძლია დამშვიდდეს. ახალი ინფომარცია, ალბათ, მეორადი მანქანების ბაზარზეც მოახდენს დადებით გავლენას, რამეთუ ბოლო ხანს თავშეკავებული მყიდველები გააქტიურდებიან, ხოლო იმპორტიორებს სტიმული გაუჩნდებათ სხვადასხვა ქეყნებიდან მანქანების ჩამოსაყვანად.

ტექდათვალიერების გადაწევის რეკომენდაციით ეკონომიკურმა საბჭომ მთავრობას მიმართა. საბჭოს სხდომა გუშინ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელზეც საქართველოში ავტომობილების პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ეკონომიკურ საბჭოზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საქართველოს სატრანზიტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ. საბჭოს წევრებმა განიხილეს პროექტი „ახალი აბრეშუმის გზა“, რომელიც ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებას, ახალი საავტომობილო ქსელის განვითარებასა და გლობალური კავშირების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აქამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება 2015 წლის 1-ლი მარტიდან აღდგებოდა. ქვეყანაში რეგისტრირებულ 900 ათას ავტომობილს 22 სერვის-ცენტრი მოემსახურებოდა. ტექდათვალიერების ღირებულება კი, დაახლოებით, 48 ლარის ფარგლებში იქნებოდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას გერმანული კომპანია „ტუვრაილანდი“ განახორციელებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ბოლო დრომდე არ ხმაურდებოდა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ისინი შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან ერთად, მუშაობენ ამ საკითხზე, თუმცა მუშაობის დასრულებამდე სავალდებულო ტექდათვალიერების პირობებს არ ასაჯაროებენ. ცნობილი არც ისაა, როდის მოხდება საზოგადოებისთვის აღნიშნული პირობების გაცნობა.

საქართველოში მეორადი ავტომობილის შეძენისას, ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებლობას იმპორტიორი მთლიანად იხნის, რის გამოც ავტომობილის შერჩევისას მომხმარებლისთვის განსაზღვრული სტანდარტი არ არსებობს. თანაც ავტობიზნესისთვის კრიზისული პერიოდია და ამ მიმართულებით ცვლილებებს სპეციალისტები ტექდათვალიერების დაწყებამდე არც ელოდებიან.

ავტოექსპერტი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია, რა არის ტექდათვალიერება, რა მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოითხოვს და როგორ უნდა მოემზადოს ამ პროცესისთვის.

„ახალ ავტომობილს ყველა ვერ შეიძენს, მაგრამ არც ის იციან, ტექნიკურად როგორი ავტომობილის ყიდვა მოუწევთ. სრულ გარანტიას არც ერთი იმპორტიორი კომპანია არ იძლევა. ბაზარი ამ მიმართულებით თუ არ მოწესრიგდა, შემოყვანილი ავტომობილების უმეტესობა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის“, - ამბობს მესხიშვილი.

ექსპერტი აზრით, ტექდათვალიერების შემდეგ, როცა ყველაფერი გაირკვევა, ბაზარიც კრიზისიდან გამოსვლას დაიწყებს.