„ქართველი მუსლიმანები სახელმწიფოებრივად აზროვნებენ“, -აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მერაბ აბაშიძე, რომელიც იმ დეტალებზეც ამახვილებს ყურადღებას, თუ რატომ გადაიფიქრეს აჭარელმა მუსლიმანებმა 26 სექტემბერს დაანონსებული მასშტაბური აქცია.
For.ge მერაბ აბაშიძეს ესაუბრა.
მუსლიმანური თემის წარმომადგენლებთან თქვენი შეხვედრის არსი და შედეგი რა იყო?
- მუსლიმან მრევლთან შეხვედრაში ჩემთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ კახიძეც მონაწილეობდა. მათ უფრო ორთქლის გამოშვების საშუალება მივეცით და ეს ავიღეთ ჩვენს თავზე, რადგან დაძაბული სიტუაცია იყო. ამის შემდეგ, მოგვიანებით გაცილებით საღი თვალით შევხედავთ მოვლენებს. ამ ეტაპზე მუსლიმანებმა თვითონვე აღიარეს და შეგვიფასეს, რომ კარგი შეხვედრა იყო. მოგეხსენებათ, მუსლიმანი მრევლი 26 სექტემბერს სერიოზული ღონისძიების გამართვას აპირებდა, ეს იქნებოდა დაუმორჩილებლობა, პროტესტი. ჰქონდათ გარკვეული გეგმებიც-გზის გადაკეტვა მთავრობის სახლთან და ა.შ. ჩემი გაგებით, ეს ძალზე მძიმე და საშიში ქმედება იქნებოდა. აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ მოლაპარაკების გამართვა, სამი დღის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკებები. ჩვენ შევხვდით სრულიად საქართველოს მუფტს, ბატონ ჯემალ პაქსაძეს, ასევე - სხვადასხვა რაიონის მუფტებს. მთავარი, რასაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებით მივაღწიეთ ისაა, რომ 26 სექტემბერს აღარ შედგა აქცია, რაც პოზიტიური შედეგი იყო. სახელმწიფოებრივად სწორად მოაზროვნე მუფტებთან გვქონდა საუბარი. ვგულისხმობ როგორც ჯემალ პაქსაძეს, ისე მის თანაშემწეებს. მანამ, სანამ დეპუტატები ჩავერთვებოდით ამ მოლაპარაკებებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც ჰქონდა მათთან შეხვედრა. პრინციპში, ყველგან ერთი თემა გაჟღერდა, რომ 26-ში გაეროს მაღალი ტრიბუნიდან სიტყვით უნდა გამოსულიყო ჩვენი პრემიერ-მინისტრი და როგორი სანახავი იქნებოდა, ქვეყნის შიგნით მუსლიმანებიც საპროტესტო აქციით გამოსულიყვნენ?! ეს არ იქნებოდა ლამაზი. ამიტომ ეს გზავნილი მუსლიმანებმა სწორად აღიქვეს და მათი პროტესტიც არ შედგა. თუმცაღა, თვითონ ვართ მომსწრენი მე და ბატონი თემურ კახიძე, რომ მათ თავიანთ მრევლთანაც შეექმნათ პრობლემები. რაკი ეს აქცია დაანონსებული იყო, მუფტებს ეკითხებოდნენ, ურეკავდნენ, რას აპირებთ, თუ გადაიდო, რატომ გადაიდო აქცია? რამდენიმე მოთხოვნა აქვთ მუსლიმანებს. ქობულეთის ინციდენტი უფრო საბაბი იყო ამ ყველაფრის, მიზეზი უფრო ღრმად იყო დამალული. არის მოთხოვნათა ნაწილი, რომელიც ხელეწიფება აჭარის ხელისუფალთ, არის ნაწილი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა. მათ სურთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ქართველ მუსლიმანებთან შეხვედრისას დაუანონსებია, რომ ეს შეხვედრა შედგება ოქტომბერში. აუცილებელია, ეს შეხვედრა შედგეს. უამრავი თავსატკივარია დარჩენილი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდიდან მოყოლებული. შენელებული მოქმედების ნაღმი იყო ჩადებული, რომელმაც ახლა იჩინა თავი. ჩვენ გავიარეთ მოლაპარაკების სულ რაღაც პირველი ეტაპი, ახლა უნდა შევძლოთ, პირველ რიგში, სახელმწიფოებრივი ინტერესი არ დაზარალდეს და არ დაზარალდეს ორივე სარწმუნოების მრევლი, რადგან ყველანი ქართველები ვართ. მოვიარეთ რამდენიმე პანსიონი და ძალიან მესიამოვნა, როცა მათ პანსიონში წინა პლანზე შევნიშნე ილიას სიტყვები - „მამული, ენა, სარწმუნოება“. მე ვფიქრობ, სხვა ქვეყნის ინტერესები უფრო მკაფიოდ რომ არ გამოჩნდეს, ჩვენმა ქვეყანამ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი.
მინდა გაგახსენოთ ჯემალ პაქსაძის ასეთი ფრაზა, როცა მან რამდენიმე თვის წინ აღნიშნა, თვით დავით აღმაშენებელსაც კი არ გაუკეთებია იმდენი ქართველი მუსლიმანებისთვის, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთაო. საუბარია მათთვის დაფინანსების მიცემაზე. კიდევ რასთან დაკავშირებით სურს მუსლიმან მრევლს პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა?
- ექვსი მოთხოვნა იყო დაყენებული და, მათ შორის, ოთხი ღრმად საფუძვლიანი მოთხოვნაა. მათ სურთ ქობულეთში არსებული მედრესეს კანალიზაციის სისტემის მოგვარება და ინფრასტრუქტურის გამართვა. ამის მოგვარება ძალუძს აჭარის ხელისუფლებას, მაგრამ არის საკითხები, რომელიც აუცილებლად ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია.
მაგალითად, მეჩეთის მშენებლობა ბათუმში და მედრესეს გახსნა ქობულეთში?
- მათ შორის, ეს საკითხიც. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ყველაზე აქტუალური და მთავარი საკითხი, თუმცა ეს საკითხი გადასაწყვეტია ან ერთი, ან მეორე მიმართულებით. თვითონ მუფტი, ჯემალ პაქსაძე საკმაოდ კონსტრუქციული, სხარტი აზროვნების, ქართულად მოაზროვნე ადამიანია. მას პირადად არ ვიცნობდი და ეს არ ვიცოდი. სამი დღის განმავლობაში დადებითი შთაბეჭილება დატოვა ჩემზე. პოზიტიური იყო ეს შეხვედრა, რადგან მთავარია ნდობის საკითხი. თუ ყველა მხარე მოინდომებს, შეიძლება, ერთ დღესა თუ ერთ წელიწადში ვერ მოხერხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ აუცილებლად გადაწყდება.
საზოგადოების ნაწილს კითხვა უჩნდება - 26 სექტემბერს დაანონსებული მასშტაბური აქციის უკან ხომ არ იდგნენ გარკვეული ძალები ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართველი მუსლიმანებისთვის აუცილებელია საქართველოს ისტორიის კარგი ცოდნა? მათ უნდა იცოდნენ, როგორ მოხდა აჭარის ისლამიზაცია და ეს არ იყო კეთილი ნება. ამჯერად, შესაძლოა, ისლამურ პანსიონში არ ხდება დესტრუქციული მოვლენები, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მსგავს პანსიონებში აღზრდილ ქართველ გოგონებსაც კი ჰაფიზებად (მომავალ მოლად) ნათლავენ, რაც ისლამისთვის მიუღებელია. მანდილოსანს არ აქვს უფლება, იქადაგოს რელიგია. შორეული მომავლისთვის ისლამური პანსიონები რა საფრთხეს შეიცავს?
- მინდა, გაგიმხილოთ ერთი საიდუმლო, როცა მე და ბატონი თემური მუსლიმან მრევლთან მოლაპარაკებაზე შევთანხმდით, ბატონი თემური ერთი მიმართულებით აჟღერებდა საკითხებს, მე კი უფრო ზოგადად ვსაუბრობდი და ზუსტად ისტორიის ცოდნა-არცოდნის თემა იყო ჩემი მთავარი მესიჯი. რა გზა გაუვლია ჩვენს ქვეყანას, როგორი მოლოდინი აქვს, როგორ ხდება ქვეყნების განვითარება და ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერი რა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს?! თემურ კახიძესთან პირადი საუბრისას ცხარე დებატებიც გვქონდა, მაგრამ ნამდვილად გეთანხმებით, რომ ისტორიის ცოდნა აუცილებელია, როგორც მუსლიმანი ქართველების, ისე მართმადიდებლებისთვის.
ზოგადად, თუ ჩვენი ისტორია არ გვეცოდინება, შეიძლება, ვინმემ დამახინჯებული ვარიანტით შემოგვთავაზოს და მოგვახვიოს თავს. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რა ხდება, რას ასწავლიან ამ პანსიონებში. ჩნდება უამრავი კითხვა, თუ როგორ განათლებას ეუფლებიან მათ სასწავლებლებში, მედრესეებში. ამავდროულად, პირადად ვნახე მათი მედრესე, იქ 18 ახალგაზრდა კაცი იყო, მე თვითონ გამიკვირდა, იყვნენ წალკიდან, ქუთაისიდან, გურიიდან. ეს ბიჭები სწავლობენ უმაღლეს სასწავლებელში, დღის ბოლოს კი იკრიბებიან იქ, იქვე ცხოვრობენ, იძინებენ და დამატებით კიდევ ეწაფებიან რელიგიას. მთავარი, რაც გამოვიტანე ჩემი თვალთახედვიდან, არის ის, რომ ქართველ მუსლიმანებს არ აქვთ იმდენი აგრესიული განწყობა და არ არის ისე მკვეთრად ულტრა მემარჯვენე გამოხატულება, რომ, აქაოდა, ეს ჩვენ გვინდა და სხვანაირად არ ძალგვიძს. არის ვარიანტები, უკან დასახევ ხიდს ქართველი მუსლიმანები არ წვავენ. კარგია, რომ პროცესი დაიძრა. ულაპარაკობას ხომ სჯობს მოლაპარაკებების დაწყება?
როგორც ვიცი, თქვენს წინაპრებს აჭარის ისტორიაში თავიანთი წვლილი მიუძღვით.
- ჩემი დიდი პაპა, ანუ ბაბუის ბაბუა, მუსლიმანი იყო და ხულოს ზედა რაიონში, ხიხაძირის ხეობაში ცხოვრობდა. აქ იმართებოდა ხოლმე ჭიდაობის ტურნირები. ეს იყო ე.წ. მაზიანზე ჭიდაობა, სადაც გამარჯვებულს კარაქი, ყველი და სხვა ნატურალური პროდუქტები მიჰქონდა. შეეძლოთ, ერთად შესულიყვნენ ჯამეში და ელოცათ იქ მყოფ სტუმარ თურქებს და ჩვენებურებს, თუმცა როდესაც ტარდებოდა ეს ტურნირი, აუცილებლად უნდა გაემარჯვათ ქართველებს. ჩემი დიდი პაპა ფიზიკურად ძალიან ძლიერი და მაღალი იყო, ზედმეტსახელიც კი ჰქონდა - „მაღალ დედე“-ს ეძახდნენ, „დედე“ ბაბუს ნიშნავს. „აბა, მაღალ, შენ გვიშველე, ჩამოიყვანე ფეილევანიო, ანუ ფალავანი“. თურმე თურქმა ერთი-ორი მარხილი მოიგო ორი-სამი დღის ჭიდაობის შემდეგ. ამის გამო საშველად ქართველები „მაღალ დედე“- ს ეძახდნენ. „მაღალ დედეც“ არ იყო დიდი მოჭიდავე, მაგრამ ფიზიკურად ძალზე ძლიერი იყო და დააბრუნებდა ხოლმე უკან ამ მარხილებს. ამის შემდეგ იმართებოდა ნადიმი და ქართველი ერისა და ქართული სულის გამარჯვების აღსანიშნავი წვეულება. ამ ჭიდაობაში ქართველების გამარჯვება აუცილებელი პირობა იყო, რადგან თურქებს თავიანი ინტერესები ჰქონდათ. მოგეხსენებათ, ძველ დროში ქილა კარაქი, ყველი თუ ნადუღი როგორი სიმწრით მოიპოვებოდა და ამ დროს გამოჩნდებოდა ვინმე თურქი, იჭიდავებდა, მოიგებდა და წაიღებდა ამ პროდუქტებს. ამიტომ აუცილებლად ჩვენი პროდუქტი ჩვენთან უნდა დარჩენილიყო.
მაგალითად, დედაჩემის მამა სამამულო ომში დაიღუპა, თუმცა მისი დედა მუსლიმანი ქალბატონი იყო, წარმომავლობით შავშეთიდან, ეს ტერიტორია დღეს უკვე თურქეთის ნაწილია ისტორიული ტაო-კლარჯეთი. ეს ოჯახი ზამთრისთვის ხელვაჩაურის რაიონში ჩამოდიოდა, ხოლო საზაფხულოდ იალაღებზე გადიოდნენ შავშეთში. მანდაც იმართებოდა ასეთი ჭიდაობა, თუმცა გადამწყვეტი ამ შემთხვევაშიც იყო მამულის ბარიერი, ჩვენები უფრო მაგრებად უნდა წარმოჩინებულიყვნენ და ამაშიც ძალზე დიდი „აიქიუ“ ჰქონდათ ჩადებული ჩემს წინაპრებს, რითაც ძალიან ვამაყობ. ახალციხის ფაშის - სელიმ ხიმშიაშვილის თემა საყოველთაოდ ცნობილია. სანამ თავს მოსჭრიდა ჯალათი, მანამ, თურმე, ჯიბეებში ოქროს იტენიდა. „მე ვიცი, ეგენი მერე გამჩხრეკენ და ისეთი შთაბეჭდილება არ შეექმნათ, აქაოდა, ვინ იყო, ერთი ოქროც ჯიბეში არ ედოო“. ხომ გახსოვთ მისი სიტყვები - „თქვენ შეგიძლიათ, მოაცილოთ ჩემს სხეულს ჩემი თავი, მაგრამ ვერასოდეს ვერ მოაცილებთ აჭარას დედა საქართველოს“. ის კაციც მუსლიმანი იყო და ვინმეზე ნაკლები ქართველი არ ყოფილა.