ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, დაკავებულია „თავისუფალაი ზონის“ წევრი დავით გოგოხია. „თავისუფალი ზონის“ აქვივისტების მიერ სასტიკად ნაცემი „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სხეულის მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დავითაის გატეხილი აქვს ნეკნი და მიღებული აქვს ტვინის შერყევა. მომხდართან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ რედაქციამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართა. ჟურნალისტები მიმართვაში ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ფეხქვეშ უხეშად გაითელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და სერიოზული დარტყმა მიადგა დემოკრატიულ ფასეულობებს.
„მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება საგანგაშო სიგნალია ქართული დემოკრატიისთვის, რომლის განვითარების ერთ-ერთ მთავარ გარანტად სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები და პირადად თქვენი პერსონა გვევლინება. პატივისცემით მედიაკორპორაცია „ასავალ-დასავალის“ სახელით, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი“, - ნათქვამია მიმართვაში.
ზაზა დავითაიას ცემის შემდეგ „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებმა სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს, რომელიც „თავისუფალი ზონის“ წევრებისთვის უნდა გადაეცათ. პეტიციის გადასაცემად ოფისში მისულ ახალგაზრდებს „თავისუფალი ზონის“ წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „თავისუფალი ზონის“ წევრები კი ამბობენ, რომ „თავისუფალი თაობის“ 50-მდე წარმომადგენელი ოფისში შეიჭრა და ამას მოჰყვა დაპირისპირება.
ფიზიკური დაპირისპირების დროს რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის „თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელი კობა ხაბაზი. ჩხუბის დროს ჩაიმსხვრა მინები, რაშიც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. „თავისუფალი ზონის“ ოფისთან რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. დაპირისპირების დროს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერბრიგადები, პირდაპირ ანგარიშსწორებაზე არიან გადასულები. მისივე თქმით, ერთი თვის წინ, „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელმა ვაჟა მორგოშიამ დაურეკა ზაზა დავითაიას და ემუქრებოდა, რომ ბაჩო ახალაიაზე სტატიების წერისთვის თავი დაენებებინა.
„თავისუფალი თაობის“ წარმომადგენელი ლადო სადღობელაშვილი განმარტავს, რომ „თავისუფალი ზონის“ წევრებმა გუშინ საღამოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს ზაზა დავითაიას და ამის გაპროტესტება სურდათ.
„საღამოს შევიკიბეთ 50-70 ადამიანი და წავედით „თავისუფალი ზონის“ ოფისთან იმისთვის, რომ გვეკითხა რატომ მოხდა ჟურნალისტის ცემა. როდესაც მათ შენობაში შევედით, ზუსტად არ ვიცოდით რომელი იყო მათი ოთახი. უცებ ვიღაცამ გამოყო თავი და გვითხრა - შემოდითო, როდესაც შევედით დაგვიწყეს ცემა. მთვრალები იყვნენ“, - აღნიშნა ლადო სადღობელაშვილმა.
ინციდენტის ჰყავს ათობით თვითმხილველები. ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი ჟურნალისტი თამუნა მჭედლიშვილი for.ge-სთან საუბრისას ყვება, რომ „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები ხელკეტებით, „ვენტილატორებით“, ელექტროშოკებით და დანებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ იქ შეკრებილ ადამიანებს.
„როგორც ჟურნალისტი, „თავისუფალი ზონის“ ოფისში ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას მოწოდების გამო მივედი, რომ მოვლენები გამეშუქებინა. „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლები აპირებდნენ, რომ პეტიცია გადაეცათ „თავისუფალი ზონის“ წევრებისთვის. არასწორია, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს, ვინმე „თავისუფალი ზონის“ ოფისში შეიჭრა. ეს ადამიანები ავიდნენ მესამე სართულზე, უკან მივყვებოდით ჟურნალისტები. სანამ ავიდოდით, „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები გამოვიდნენ ოფისიდან და დერეფანში დაიწყო შეხლა-შემოხლა.
დაიწყეს ყვირილი, რატომ შემოიჭერით „თავისუფალი ზონის“ ოფისშიო. თქვენ წარმოიდგინეთ ხელში ეჭირათ ხელკეტები, რკინის მილები, ნაგვის ურნა, „ვენტილატორი“ იატაკის საწმენდი ჯოხები. ამ დროს მეორე მხარეს, ანუ „თავისუფალი თაობის“ წევრებს ხელში არაფერი ეკავათ. ამ ჩხუბში ძალაუნებურად უკან დავეშვი, გარეთ რომ გამოვედით, თავზე დაგვემსხვრა ფანჯრები. მათ ჩალეწეს მინები. ძალიან შევწუხდი, როდესაც ჯურნალისტი და ოპერატორი ბექა ქავთარაძე, რომელიც იღებდა ამ ყველაფერს, ცემა „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა“, - ამბობს თამუნა მჭედლიშვილი.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას როგორც მედიის წარმომადგენელს ხელი შეეშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. მისი თქმით „თავისუფალი ზონის“ წევრებისგან ისმოდა მუქარა შეკრებილი ადამიანების მისამართით.
ფოტოოპერატორი გიორგი აბდალაძე ამბობს, რომ „თავისუაფალი ზონის“ სადარბაზოსთან შეკრებილი ახალგაზრდები, ყოველგვარი აგრესიისა და შეურაცხყოფის გარეშე აპირებდნენ პეტიციის გადაცემას „თავისუფალი ზონის“ წევრებითვის.
„როგორც ფოტორეპორტიორი საავადმყოფოში ვიყავი ზაზა დავითაიასთან, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი. საავადმყოფოდან წავედი „თავისუფალი ზონის“ ოფისში, ჩვეულებრივად მოძრაობდნენ ახალგაზრდები, ეძებდნენ ოფისის მდებარეობას, როგორც ვიცოდი პეტიცია უნდა გადაეცათ ყოველგვარი აგრესიის და შეურაცხყოფის გარეშე.
როდესაც ავიდნენ მეორე თუ მესამე სართულზე, მომესმა ადამიანების კივილი, სირბილი-სირბილით ჩამორბოდნენ კიბიდან, შეშინებული ახლგაზრდები, ყვიროდნენ, რომ იარაღი აქვთო, ელექტოშოკიც შევნიშნე სადარბაზოში, დასისხლიანებული ახლაგაზრდები გამოდიოდნენ სადარბაზოდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი აბდალაძემ.