მთავრობამ „ადამიანური ბიუჯეტი“ წარმოადგინა

მთავრობამ „ადამიანური ბიუჯეტი“ წარმოადგინა

2015 წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ 350 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის მთლიანი შიგა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ია, ინფლაცია კი - 4%. მთავრობის პრიორიტეტი კვლავ ჯანდაცვა და სოციალური სფეროა. უფრო სწორად, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2015 წლის ბიუჯეტი ადამიანზეა ორიენტირებული.

„სახელმწიფოს პრიორიტეტები არის გამოკვეთილი, სოციალურ მიმართულებებზე იქნება აქცენტი ისევე, როგორც იყო წინა ორი წლის განმავლობაში. ჩვენი ბიუჯეტი არის ორიენტირებული ადამიანზე. იცით, რომ მილიარდზე მეტით გავზარდეთ სოციალური დანახარჯები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას წლების განმავლობაში დაგროვილი მძიმე პრობლემები მოვუგვაროთ.

ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო აქტიურად იმუშავებს პარლამენტთან, რათა საბოლოო დოკუმენტზე შეჯერდეს და ბიუჯეტი მაქსიმალურად გამართული და ეფექტური იყოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენელი 7 მილიარდ 930 მილიონი ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები - 9 მილიარდ 350 მილიონი ლარის ოდენობით. მათ შორის საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 8 მილიარდ 575 მილიონ ლარს, გრანტის - 95 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტები - 680 მილიონ ლარს.

წარმოდგენილი პრექტით გათვალისწინებული ასიგნებები უწყებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 92 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 750 მილიონ ლარს შეადგენს. ეს ბიუჯეტის თითქმის 30%-ია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 955 მილიონი ლარი (გაზრდილია 80 მილიონი ლარით), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 828,9 მილიონი ლარი (გაზრდილია 74,6 მილიონი ლარით), სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 291 მილიონი ლარი, რაც მიმდინარე წლის გეგმაზე 27,5 მილიონი ლარით მეტია. ენერგეტიკის სამინისტროსთვის განკუთვნილია 135 მილიონი ლარი, ეკონომიკის სამინისტროსთვის - 120 მილიონი ლარი, მათ შორის, პროგრამისთვის: „აწარმოე საქართველოში“ - 20 მილიონი ლარი.

რეგიონებში განსახორციელებლი პროექტებების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, საერთო ჯამში, გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარი. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა გაზრდილია 54,1 მილიონი ლარით და შეადგენს 850 მილიონ ლარს.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა აპირებს, აიღოს საშინაო და საგარეო ვალი, მთლიანობაში 1 მილარდ 300 მილიონზე მეტი, რამაც აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია. საპარლამენტო უცმირესობის წევრები ამგვარ დამოკიდებულებას არ ეთანხმებიან. მათთვის მიუღებელია 5%-იანი ეკონომიკური ზრდაც. ისინი აცხადებენ, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, რომელსაც სურს განვითარება და წინსვლა აუცილებელია, რომ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა დაიგეგმოს.

„პარამეტრები არ არის კარგი. 5%-იანი ზრდის ტემპით საქართველო საშუალო ევროპულ დონეს დაეწევა ნახევარი საუკუნის შემდეგ და ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ეს გავაკეთოთ უფრო სწრაფად. გარდა ამისა, საუბარია, რომ დიდი რაოდენობით ვალი უნდა ავიღოთ, რომელიც იქნება ჩვენი მომავალი თაობის გადასახდელი. ანუ, ამ მთავრობამ გასცა უსაზღვრო დაპირებები, რომლიდანაც არაფერი შეასრულა, მაგრამ ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს, იმათ გასასტუმრებლადაც საკუთარი შემოსავლები არ ჰყოფნის და იღებენ და იღებენ ყოველ წელს ვალს. ამდენი ვალი რაც ამ ორ წელიწადში აიღო, საქართველოს მთავრობას არ აუღია არასდროს“, - აცხადებს დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე.

ფინანსთა მინისტრი ნაცმოძრაობის კრიტიკას მშვიდად შეხვდა და აღნიშნა, რომ მთავრობა მომავალ წელს ვალსაც აიღებს და გაისტუმრებს კიდეც. მინისტრის განმარტებით, 2014 წელს საგარეო ვალებს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის აიღებენ.

„რაც შეეხება გასტუმრებას. 2015 წელს 345 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწევს საგარეო ვალებში და დაახლოებით 160 მილიონი ლარით შევიმცირებთ საშინაო ვალსაც. ახალ, საშინაო ვალს ავიღებთ, ალბათ, ისევ 400 მილიონი ლარის ფარგლებში. საგარეო ვალს რაც შეეხება, გაისად ვალდებულებები გაგვეზრდება 1 მილიარდ 320 მილიონი ლარით, მათ შორის, 900 მილიონ ლარზე მეტი არის თანხა, რომელიც ინფრასტრუქტურას მოხმარდება საგარეო დაფინანსებიდან“, - აღნიშნა ხადურმა.

კოლეგას დაეთანხმა ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება

„ამჯერად ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები განვიხილეთ. მაკროეკონომიკური პარამეტრების დონეზე შევთანხმდით, რომ 2015 წელს დაიგეგმება 5-პროცენტიანი რეალური ეკონომიკის ზრდა და 4-პროცენტიანი ინფლაცია. მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი დაიგეგმა 9 მილიარდ 400 მილიონით გრანტებისა და საერთაშორისო კრედიტების ჩათვლით, ხოლო თვითონ ბიუჯეტი იქნება 8 მილიარდ 600 მილიონი ლარის ფარგლებში. რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს ასიგნებებს, იგი რჩება დაახლოებით იმავე დონეზე, რაც იყო წლევანდელი წლის ასიგნებებში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბიუჯეტის პირველი ვარიანტი მთავრობამ უკვე მოიწონა და მთავარი საფინანსო დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნა.