ძველი და ახალი მთავრობის ეკონომიკური ბლოკის ერთ-ერთი მთავარი დაპირება კონკურენციის სააგნეტოს ჩამოყალიბება იყო, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობდა ხელს. ნაცმოძრაობამ ამ სამსახურის შესაქმნელად თითი თითზე არ დააკარა, „ქართული ოცნება“ კი კუს ნაბიჯებით შეუდგა საქმის კეთებას. 1-ლი ოქტომბერი ის დღეა, როდესაც ანტიმონოპოლიური სამსახური როგორც იქნა უნდა ამოქმედდეს.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 აპრილს დანიშნა. თანამდებობა დაიკავა პროფესიით სამართალმცოდნე ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ბარაბაძემ, რომელიც პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის პირველი კატეგორიის მრჩეველი იყო.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის დანიშვნიდან 5 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა დღემდე სააგენტოს ფუნქციონირება არ დაუწყია. ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ სააგენტოს შესახებ კანონის მიღება და შექმნა, ხელოვნურად მოხდა, რადგან ევროპასთან ასოცორების ხელშეკრულების ხელმოწერამდე საქართველოს ჰქონდა ასეთი ინსტიტუტის შექმნის ვალდებულებები ევროკავშირის წინაშე.
ექსპერტი ლევან კალანდაძე ფიქრობს, რეალურად კონკურენციის შესახებ კანონი მივიღეთ არა იმისთვის, რომ რეალურად ამოქმედებულიყო ანტიმონოპოლიური რეგულაციები და კონკურენტული გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით გარკვეული ნაბიჯები გადადგმულიყო, არამედ უბრალოდ გვქონოდა კანონი.
განსხვავებული შემართებითაა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა კვიჟინაძე. იგი მიიჩნევს, რომ კონკურენციის სააგენტო ოქტომბრიდან მოყოლებული აქტიურ ქმედებებზე გადავა და თუ საჭირო იქნა, მონოპოლისტების დაჯარიმებასაც არ მოერიდება.
„თუ ვინმეს ამ ტიპის გადახრები შეამჩნიეს, ბრუნვის 5 პროცენტით დააჯარიმებენ, რაც სერიოზული თანხაა. საწარმოს უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს, თუ კანონდარღვევა დაუმტკიცდა, ჯარიმას გადაიხდის და თუ არ დაუმტკიცდა, რასაკვირველია, არ გადაიხდის. ეს უწყება ყველა სეგმენტს შეისწავლის, გარდა ფინანსურისა, რომლის შესწავლის უფლებაც სააგენტოს განსაკუთრებულ შემთხვევებში ექნება იმიტომ, რომ ფინანსურ სექტორს ძირითადად ცენტრალური ბანკი აკონტროლებს. დანარჩენი - გინდ საწვავი იყოს, გინდ სურსათი, ან სხვა სფერო, სააგენტოს ყველაფრის შემოწმების უფლება ექნება“, - აცხადებს კვიჟინაძე.
რომელი კომპანია შეიძლება ჩაითვალოს მონოპოლისტად? აქამდე ცნობილი იყო, რომ მონოპოლისტად გამოცხადდებოდა ის ბიზნეს სუბიექტი, რომელიც ბაზრის 40%-ს გააკონტროლებდა. სხვათა შორის, კანონშიც სწორედ ასეა მინიშნებული. ახლა კი ამ ნორმას სულ სხვაგვარი ინტერპრეტაცია ეძლევა.
„შეიძლება კომპანია 40%-ზე მეტსაც ფლობდეს, მაგრამ არავინ მიიჩნიოს მონოპოლისტად, თუ ამ მდგომარეობას ბოროტად არ იყენებს. მონოპოლისტად ჩაითვლება მხოლოდ ის, ვისაც რაღაც დაუშვებელ ფაქტზე დაიჭერენ: ან ბაზრის გაკონტროლებას ცდილობს, ან ფასების შეთანხმებას, ან კონკურენტის ჩაძირვა უნდა, ან სხვა უკანონო ხერხებს მიმართავს, როგორიცაა კარტელური შეთანხმება, კონკურენტთან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება და ა.შ.
მთავარია, საწარმომ, ან კომპანიამ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაიდინოს, თორემ თუნდაც ბაზრის 60, ან 80 პროცენტი ჰქონდეს, ეს დანაშაული არ არის. ამავე დროს, თუ საწარმოს აქვს 20 მილიონი ლარის ბრუნვა წელიწადში და თუ რაიმეს იყიდის, ან გაყიდის, ან რომელიმე სხვა კომპანიას შეუერთდება, ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოს უნდა აცნობოს. სააგენტო საქმის კურსში უნდა იყოს, რომ ბაზარზე მონოპოლია არ შეიქმნას“, - ამბობს პაატა კვიჟინაძე.