ჟვანიასა და უსუპოვის გვამების შინაგანი ორგანოებიდან აღებულ ნიმუშებს ექსპერტიზა უტარდება

ჟვანიასა და უსუპოვის გვამების შინაგანი ორგანოებიდან აღებულ ნიმუშებს ექსპერტიზა უტარდება

ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესი, საკმაოდ საინტერესი ფაზაში გადადის. პროკურატურა ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დაკავებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მოწმეთა ნუსხიდან ამოღებას ითხოვს. დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში არიან გიორგი ბარამიძე, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მიხეილ მაჭავარიანი.

საქმის პროკურორი რევაზ ნადოი ამტკიცებს, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქმეს ვერაფერს შემატებს, რადგან დაკითხული პირები გამოკითხვის ოქმებში მხოლოდ ზურაბ ჟვანიას დადებით დახასიათებაზე საუბრობენ. პროკურორებმა ასევე მოითხოვეს დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხიდან ივანე მერაბიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის ამოღებაც. თავად პროკურატურას კი, დასაკითხ მოწმეთა ნუსხაში ჰყავს: მურთაზ ზოდელავა, ნინო ქადაგიძე, გოგლა ჟვანია, თემურ ჯანაშია, ლევან ჩაჩუა, ასევე სხვა პირები, მათ შორის - გამომძიებლები და ექსპერტები. 

პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკამყოფილა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ. შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ბარამიძე, გოკა გაბაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი და ვანო მერაბიშვილი პროცესზე დაიკითხებიან. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ ბრალდებულ კობა ხარშილაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ კობა ხარშილაძე არა გულგრილად, არამედ მორალურად მოიქცა. იქიდან გამომდინარე, რომ ზურაბ ჟვანიას ჰქონდა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ხშირად ითხოვდა მასთან დაცვის ერთ-ერთი წარმომადგენლის დატოვებას.

თავად ბარალდებულმა, ყოფილი პრემიერის დაცვის ცვლის უფროსმა, მიხეილ ძაძამიამ პროცესზე განაცხადა, რომ ცხოვრებაში გულგრილობა არსოდეს ჩაუდენია. მისი თქმით, 2008 წელს ომში ფეხი იტკინა, თუმცა ბიჭები არ მიუტოვებია. 

„ასეთ გაუგებრობაში პირველად ვარ და მიჭირს კიდეც საუბარი. ორი სიტყვით მინდა ვთქვა, თუ რატომ მინდა სასამართლო პროცესზე ჩემი თანამშრომლების დაკითხვა. 2008 წელს ომში ფეხი ვიტკინე, თუმცა ჩემი ბიჭები არ მივატოვე, ბოლომდე დავრჩი. მინდოდა მათ ეს დაედასტურებინათ. ბოლო დროს გიორგი ფარესიშვილთან დაცვაში ვმუშაობდი და იტყოდა, ვარ თუ არა გულგრილი. მოვიდოდნენ მებრძოლი ბიჭები და ჩემს შესახებ ორ სიტყვას იტყოდნენ. გულგრილობა ცხოვრებაში არ ჩამიდენია“, - ირწმუნებოდა სასამართლო პროცესზე მიხეილ ძაძამია.

გარადა ამისა,ჰაკიმ ფაშას სახელით „youtube“-ზე გავრცელებული ვიდეო, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის არსებით განხილვაზე, პროკურატურის ერთ-ერთი მტკიცებულება იქნება. ადვოკატი ბექა ბასილაია ამტკიცებს, რომ პროკურატურას საქმის მასალებში არ უდევს ეფ-ბი-აის დასკვნა, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ არის მომზადებული და სასამართლოში ჰაკიმ ფაშას ვიდეოები წარადგინა მტკიცებულებად, რაც, ადვოკატის თქმით, ობიექტურობის ხარისხზე მიუთითებს. 

საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომჰაკიმ ფაშას სახელით ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალა თურქეთის რესპუბლიკიდან აიტვირთა. პროკურატურა ამ ეტაპზე არ ასახელებს ქალაქს, საიდანაც აიტვირთა აღნიშნული ვიდეო, თუმცა უახლოეს პერიოდში თურქეთის რესპუბლიკიდან დამატებით ინფორმაციას ელოდება. 

„ჩვენ გავაგზავნეთ შუამდგომლობა „youtube“-ის სათავო ოფისში, აღნიშნული მასალის მფლობელზე ინფორმაციის დადგენის მიზნით. ჩვენ მივიღეთ შესაბამისი პასუხი - დადგენილია, რომ ვიდეომასალა ატვირთულია თურქეთის რესპუბლიკიდან. კონკრეტულ ქალაქს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ. უახლოეს პერიოდში კი ველოდებით დამატებით ინფორმაციას ამ მასალის თაობაზე. ჰაკიმ ფაშას ვინაობის დადგენის მიზნით მიმდინარე ძიებაში ჩართულია თურქული მხარეც“, - აცხადებს რევაზ ნადოი.

ამასთან საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსჰუმაციის საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც მათი შინაგანი ორგანოებიდან აღებულ ნიმუშებზე მიმდინარე ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება 2005 წელს, ჟვანიასა და უსუპოვის გვამების ექსპერტიზის დროს, მათი შინაგანი ორგანოებიდან აღებულ ნიმუშებს. როგორც რევაზ ნადოი ამბობს, ექსპერტიზაში ჩართულები არიან საერთაშორისო დონის სასამართლო ექსპერტები.