ზურაბ კიწმარიშვილი მისი ძმის საქმეში დაზარალებულად ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნით ეროსი კიწმარიშვილის ძმამ პროკურატურას მიმართა. ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, დაზარალებულად ცნობის შემთხვევაში, საშუალება მიეცემა სრულად გაეცნოს საქმის დეტალებსა და გამოძიების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. კიწმარიშვილის მოთხოვნაზე კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში. დაცვის მხარე კი საქმეში არსებულ ახალ გარემოებებზე მიუთითებს. ექსპერტი ამბობს, რომ კიწმარიშვილი გასროლის მომენტში სავარძელზე იყო მიყრდნობილი.
„აქამდე ოჯახი გამოძიებისგან მხოლოდ მწირ ინფორმაციას იღებდა. ჩვენ შეთანხმება გვქონდა, რომ ნებისმიერ საკითხზე შეგვეძლო შევხვედროდით ერთმანეთს, ჩვენი აზრი მიგვეწოდებინა და ეს ასეც იყო. მაგრამ, ჩვენ გვქონდა მწირი ინფორმაცია, რის გამოც მეტი აქტივობის საშუალება არ გვქონდა. აქამდე დაზარალებულად არავინ იყო ცნობილი. მოთხოვნაა კონკრეტულად ჩემზე, რომ მოხდეს ჩემი დაზარალებულად ცნობა და ამის შემდეგ, უკვე, ყველა იმ მასალაზე, რაც გამოძიების მიერ საიდუმლოდ არ იქნება გამოცხადებული, წვდომა მექნება“, - აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.
მისივე განცხადებით, დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით დაკმაყოფილების შემთხვევაში, არაა გამორიცხული ოჯახმა განმეორებითი, ან ახალი ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს.
„გამოძიება, როგორც ვიცი, ახალი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს. ყველა ექსპერტიზაზე, რომელსაც გეგმიური სახე ჰქონდა, წინასწარ ვიყავი ინფორმირებული და ყველაფერს ვესწრებოდი, მაგრამ ახალა ექსპერტიზა არ იგეგმება. თუმცა, ჩვენ როცა საქმეს გავიცნობთ, შესაძლოა, დავსვათ საკითხი რომელიმე ექსპერტიზის განმეორების, ან სხვა ახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. ამისთვის კი საჭიროა ვიცოდეთ სადამდეა გამოძიება მისული და რა ჩანს, რა იკვეთება“, - აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.
რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი მისსავე ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვნეს. კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რამდენიმე დღის წინ კი ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანაში ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა, რომელიც ქალაქის მთავარ სამმართველოში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ექსპერტიზის შედეგად აღადგინეს ის სურათი, თუ რა მდგომარეობაში იყო ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე. ზურა კიწმარიშვილი ვადაუდობს, რომ მისი ძმა გარდაცვალებამდე მარტო არ ყოფილა. მისივე განცხადებით, გაირკვა, რომ ეროსი კიწმარიშვილი ზურგით ძალიან მჭიდროდ, თითქმის მიტმასნილი იყო სავარძელზე, რაც უჩენს ეჭვს, რომ მანქანაში კიდევ ვიღაც იჯდა. მისივე თქმით უმყარდება ვერსია, რომ მკვლელი უკან იჯდა.
„ამაზე ვისაუბრე უკვე და კიდევ ერთხელ ვიმეორე, როგორც ჩანს და მიმყარდება ეს ეჭვი, მკვლელი თუ მკვლელები ეროსის მანქანაში დახვდა და უკნიდან აკავებდა გარდაცვლილს. თუმცა ვნახოთ რას დაწერს ექსპერტიზა. ამ დრომდე სწავლობენ ტელეფონის, პლანშეტის, კომპიუტერის ინფორმაციებსაც, იმედი მაქვს, ყველაფერს გავეცნობი. ძალიან მინდა ვნახო, ვინ მოძრაობდა სახლის გარე პერიმეტრზე“, - აცხადებს ზურაბ კიწმარიშვილი.
დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კიწმარიშვილის მანქანის ბალისტიკურ ექსპერტიზას, აცხადებს, რომ მას საეჭვოდ მიაჩნია მანქანაში სამზეურების ჩამოწევა, რადგან ავტოფარეხში მდგარ მანქანას ორივე მხარეს ჩამოწეული ჰქონდა სამზეური. გარდა ამისა, კიწმარიშვილს თავი არაბუნებრივად, უკიდურესად უკან ჰქონდა გადაგდებული და რაც ასევე აჩენს ეჭვებს.
„მე დავესწარი ექსპერტიზას, დავაფიქსირე ცეცხლსასროლი იარაღის განლაგება მსხევრპლთან მიმართებაში და ავატომანქანასთან არსებულ დაზიანებასთან. გასროლის მომენტში სავარძელზე და საზურგის დამცავზე ბოლომდე იყო მიყრდნობილი. თუმცა, ეს ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. დანიშნულია დაახლოებით 20 ექსპერტიზა, ამის გარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც მიმდინარეობს“, - აცხადებს ზაზა ალთუნაშვილი.
კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ჩატარებული ექსპერტიზებისა, ამ დრომდე არც ერთის პასუხი არ უნახავთ. მისივე თქმით, ამ საქმეში არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი.
„როგორც სამედიცინო ექსპერტს, მაქვს რამდენიმე სერიოზული კითხვა, თუმცა არ ვასწრებ მოვლენებს. ვინაიდან შესაძლებელია, რომ ადვოკატები დაესწრონ ექსპერტიზების დასკვნებს, რომელიც ჩვენ მოვითხოვეთ, არ მინდა ამაზე ადრე საჯაროდ გამოვიტანო ჩემი კითხვები. ჯერ მინდა გავეცნოთ ამ ექსპერტიზას, იქნებ გაეცეს პასუხი კითხვებს, თუ არ გაეცემა ამომწურავი და სრულყოფილი პასუხი, მაშინ უკვე საჯაროდ ვიტყვი იმ კითხვებს, რომელიც ბევრ ძალიან საეჭვო გარემოებაზე მიუთითებს“, - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.