ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ყველა სფეროში მოუწევს რეფორმების განხორციელება, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სივრცეში. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა „ელექტრონული კომინიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები უკვე შეიტანა. ცვლილებები რადიოსიხშირული სპექტრის ლიბერალიზაცია-ჰარმონიზაციის უზრუნველყოფას ეხება. აღნიშნული ცვლილებების ფარგლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეძლევა უფლებამოსილება, ახალი (LTE) მობილური ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების გასაცემად გასცეს შესაბამისი ლიცენზიები.
„ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც დანარჩენი მსოფლიო, გამოვიტანოთ ბაზარზე ახალი ტექნოლოგიები, რომ უზრუნველვყოთ ბაზარზე მეოთხე თაობის ინტერნეტის, LTE-ს სრულყოფილი ამოქმედება. ერთადერთი სწორი გამოსავალია იმ ევროპული გამოცდილების გაზიარება, რაც არსებობს, რადგან თუ ერთხელ ამოვარდი ამ ხაზიდან, ეს ნიშნავს ჩიხს“,- მიიჩნევს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ აბაშიძე.
ამ მიმართულებით საქართველოს 6 ტიპის დირექტივა აქვს გასათვალისწინებელი, ერთ-ერთია ფართოზოლოვანი ტექნოლოგიები. როგორც ტელეკომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, ამ დირექტივების შესრულება უნდა მოხდეს იმ დონეზე, რაც დასავლური სტანდარტებით არის მიღებული, რადგან ევროპულ სატელეკომუნიკაციო სისტემასთან სრული ჰარმონიზაცია მოხდეს.
აღნიშნული ცვლილებები სატელეკომუნიკაციო ბაზარზე გარკვეულ ცვლილებებსაც გამოიწვევს - იცვლება დღეს მოქმედი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ვადის გაგრძელების რეჟიმიც - თუ ლიცენზიები 10 წლის ვადით გაიცემოდა და ოპერატორის სურვილის შემთხვევაში მისი ფაქტობრივად, მუდმივად გაგრძელება იყო შესაძლებელი, მობილური მომსახურებისთვის გაცემული რადიოსიხშირული მომსახურებისთვის გაცემული ყველა ლიცენზია დაექვემდებარება მოდიფიცირებას - გაიცემა ერთჯერადად, 15 წლით. ამ ვადის გასვლის შემდეგ რადიოსიხშირული რესურსი აუქციონზე გაიყიდება. გარდა ამისა, დადგინდება ერთი კომპანიის მიერ რადიოსიხშირული რესურსის ფლობის ახალი მაქსიმალური ზღვარი. შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელებს უფლება ეძლევათ მოდიფიცირებისას, საკუთარი ინიციატივით, კომპენსაციის სანაცვლოდ, ნაწილობრივ დათმონ მათ სარგებლობაში არსებული რესურსი. მარტივად რომ ავხსნათ, თავის დროზე მაგალითად, მაგთიკომმა და ჯეოსელმა GSM და UMTS (900/1800/2100 მჰც ) სიხშირეები მთლიანად აითვისეს იმ მიზნით, რომ ბაზარზე კონკურენტი კომპანიები არ დაეშვათ. ახალ რადიოსიხშირულ რესურსს ისინი მიიღებენ ძველის ნაწილობრივ დათმობის შემთხვევაში, რაც ნიშნავს, რომ ბაზარზე შესაძლებელი იქნება ახალი კომპანიების გამოჩენა, ანუ კონკურენციის დაშვება.
როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, ევროპამ მობილური ფართოზოლოვანი (LTE) ტექნოლოგიების დასანერგად გამოათავისუფლა 800 მეგაჰერციანი ზოლი - საქართველოც შესაბამის რეჟიმში იმოქმედებს.
კომისიამ 800/900/1800/2100/2600 მეგაჰერცის დიაპაზონებში არსებული რესურსების ღირებულების განსაზრვრის მიზნით, საკონსულტაციო მომსხურება უკვე დაუკვეთა „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.“-ს ფილიალს საქართველოში. ასევე დადგინდება როგორც ახალი ლიცენზიების გაცემის, ასევე ვადის გაგრძელების საფასური (სიხშირული რესურსის ღირებულების შეფასება ბენჩმარკინგისა და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიებით განისაზღვრება).
კიდევ ერთი სიახლე, რაც ქართველ მომხმარებელს ელოდება, ეს არის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა - ადგილობრივი მაუწყებლებისათვის მულტიპლექს პლატფორმების ფორმირებისათვის, ასევე MUX B და MUX C ლიცენზიების გასაცემად გამოცხადდება კონკურსები, თუმცა ეს პროცესი რამდენადმე ფერხდება, რადგან, მაგალითად მულტიპლექს პლატფორმების ფორმირებისათვის კონკურსით კომპანიები ნაკლებად ინტერესდებიან. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობაც, რადგან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა რეგიონში ერთდროულად უნდა მოხდეს. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ვარაუდობენ, რომ შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა ციფრულ მაუწყებლობაზე გართულდეს, მაგრამ საქართველო ვალდებულია 2015 წლის 17 ივნისისთვის ეს პირობა შეასრულოს.
სიახლე დაინერგება საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებითაც - დღეის მდგომარეობით საქართველოში ზარის დასრულების მომსახურება უცხოეთის ოპერატორებზე, ფაქტობრივად, უახლოვდება მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში ზარის დასრულების (ურთიერთჩართვის) საფასურს (მობილურ ქსელებში - 5 თეთრი/წუთი; ფიქსირებულ ქსელებში - 2 თეთრი/წუთი) და საშუალოდ შეადგენს: მობილურ ქსელებში - 3,5 აშშ ცენტს წუთში; ფიქსირებულ ქსელებში - 1,5 აშშ ცენტს წუთში. კომისიას განზრახული აქვს დაადგინოს მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში საერთაშორისო ზარის დასრულების ურთიერთჩართვის ტარიფისგან განსხვავებული ტარიფი - მობილურ ქსელებში ზარის დასრულება - 35 თეთრი (20 ცენტი); ფიქსირებულ ქსელებში - 20 თეთრი (11,5 ცენტი). თუმცა ტარიფების ზრდა არ ეხება საქართველოს აბონენტებს და იგი უცხოელი კომპანიების გადასახადს წარმოადგენს. შედეგად, მოსალოდნელია საქართველოსთვის შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა - (წლის განმავლობაში) საერთაშორისო შემომავალ ზარებზე კომისიის მიერ ახალი დროებითი რეგულაციის დადგენის შემდეგ, შესაბამისი მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა წელიწადში უნდა შეადგინოს 103,5 მლნ ლარი, მათ შორის: მობილურ ქსელებში ზარის დასრულებაზე - 86,8 მლნ. ლარი; ფიქსირებულ ქსელებში ზარის დასრულებაზე - 16, 7 მლნ. ლარი.
სხვა სიახლეებთან ერთად, რასაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გვთავაზობს, როგორც ჩანს, გააქტიურდება დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურიც და მოხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადახვა ღონისძიებებს გეგმავს. ესაა ბეჭდვითი გამოცემების უზრუნველყოფა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ ყოველწლიურად გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და სამომხმარებლო ბაზრის მდგომარეობის ამსახველი სურათის, ანალიზის შედეგების გამოქვეყნებისთვის; მომხმარებელთათვის გზამკვლევის შემუშავება არსებულ კანონმდებლობაზე; მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით პერმანენტულად განახლებადი ვებ-გვერდის, აგრეთვე გზამკვლევის თარგმნა; რეგიონებში მომხმარებელთა უფლებრივ მდგომარეობაზე არსებული პრობლემატიკის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ოპერატორებთან შეხვედრების ეტაპობრივი ორგანიზება და ა.შ.