დედაქალაქის ახალ ხელმძღვანელობას თუ ვერწმუნებით, თბილისში დიდი სატრანსპორტო რეორგანიზაცია იწყება. განკარგულება გაცემულია როგორც მიწის ქვევით, ასევე მიწის ზევით. მეტროსადგურები უნდა გარემონტდეს, ახალი ავტობუსები უნდა შემოვიდეს და ბოლო გაჩერებები მოწესრიგდეს. ეს საკმაოდ დიდბიუჯეტიანი პროექტებია.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიების საქმიანობის ანგარიში მოისმინა, უკმაყოფილება ვერ დამალა და შესაბამისი დავალებებიც გასცა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი. თბილისის მეტროპოლიტენში მოძველებული სისტემაა, რომელსაც აუცილებელად მოდერნიზაცია სჭირდება, მათ შორის, საჭიროა რამდენიმე სადგურში ესკალატროების გამოცვლა. მოძველებულია ავტობუსების პარკიც, რომელიც შესაკეთებელია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ის მეტროსადგურები, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეკეთებულა, განახლდება, ამისთვის კი მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოზიდვა იქნება საჭირო. რამდენად მოხერხდება ეს მოკლე ვადაში უცნობია, თუმცა ქალაქის ახალი მერი იმედიანადაა.
„მთელ რიგ სადგურებში მართვის სისტემები ძველია, ესკალატორები და ა.შ. შესაკეთებელია რამდენიმე სადგურიც, ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიცია დაგვჭირდება“, - განაცხადა ნარმანიამ თბილისის მთვრობის სხდომაზე.
მისი თქმით, 2015 წლისთვის არის ვალდებულება, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადის სტუმრებს ახალი ავტობუსებით მოვესამხუროთ. „ვაპირებთ შევისყიდოთ ავტობუსები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა იმისთვის, რომ მათი გრანტებით მოხდეს სატრანსპორტო სისტემაში არსებული მდგომარეობის დეტალური კვლევა-ანალიზი და ამის საფუძველზე დავგეგმოთ ის, თუ როგორი ფორმით წავალთ ჩვენ, მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მერის ინფორმაციით, ძირითადად მეორადი ავტობუსები იქნა შესყიდული წინა ხელისუფლების დროს და სწორედ ამ ავტობუსებს სჭირდება განახლება. „ეს მეორადი ავტობუსებიც გამოვიდა მწყობრიდან, რა თქმა უნდა, სჭირდება განახლება“, - დასძინა ნარმანიამ.
რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფებს, ირკვევა, რომ ტარიფების გადახედვა არ იგეგმება. ესე იგი მგზაავრობის საფასური არ გაიზრდება და მით უმეტეს, არ შემცირდება. შეღავათები კი სამომავლოდაც ძალაში დარჩება.
„ხაზგასასმელია ის, რომ მუნიციპალიტეტი აფინანსებს სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ პირებს, მათ შორის, ომის ვეტერანებს და ა. შ. ასეთი ფორმით სუბსიდირება გაგრძელდება. ინერგება თანამედროვე სისტემები, რომლის მიხედვითაც ჩვენ გადახდასთან დაკავშირებით ადმინისტრირება უნდა გავაუმჯობესოთ, განსაკუთრებით ეს ეხება ავტობუსებს, სადაც დღემდე არსებობს დანაკარგი გადახდასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
გარდა ამისაა, ავტობუსების ბოლო გაჩერებები მოწესრიგდება და იქ სველი წერტილები გაკეთდება იმისათვის, რომ მძღოლებს შეეძლოთ შესვენების პერიოდში სადილობა. „აქტიურად ვმუშაობთ საგზაო ინფასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რათა ნაკლები პრობლება შეექმნას ავტობუსებს გადაადგილების დროს და არის სხვა საკითხები, რომლებზეც გავაგრძელებთ მუშაობას. ძალიან ბევრი დავალებები მიიღო თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და 10 დღის განმავლობაში მათ უნდა წარმოადგინონ ხედვები შემდგომ განვითარებაზე“, - აღნიშნა ნარმანიამ.