„რატომ მიდიან პანკისელები სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად და რატომ უცრუვდებათ იმედები? როგორც პანკისელები ამბობენ, ისინი საკუთარ გულის ძახილს მიჰყვებიან და ისლამისტი მორწმუნეებისათვის ეს გასაგები გადაწყვეტილებაა. თუმცა იდეალებისთვის მებრძოლ პანკისელთა ნაწილს სირიაში იმედები უკვე უცრუვდებათ და იქიდან იმედგაცრუებულნი ბრუნდებიან. თანაც, იფიცებიან, რომ იქ აღარ დაბრუნდებიან.
ზოგადად, პანკისის მოსახლეობის უმრავლესობა სირიაში ბრძოლის წინააღმდეგია. გამონაკლისნი არიან ე.წ. რადიკალები. შესაბამისად, სირიაში მხოლოდ ვაჰაბისტები მიდიან. სხვადასხვა ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში საქართველოდან 130-მდე მებრძოლია წასული. ისინი აჭარის, ქვემო ქართლის და პანკისის მუსლიმანები არიან.
ქისტი ახალგაზრდების საომრად წასვლას რადიკალური ისლამის გავლენას უკავშირებს კავკასიური სახლის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი. მისი თქმით, რელიგიური ექსტრემიზმის გავლენა აშკარაა და თავისებული ზემოქმედება მიმდინარეობს პანკისელ ახალგაზრდებზე, რათა მათ სხვის ომში მიიღონ მონაწილეობა.
მექა ხანგოშვილის ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან საომრად წასული 100-მდე ახალგაზრდის მოტივაცია იყო, რომ სირიაში მცხოვრები ჩეჩნები, უმწეო ქალები და ბავშვები დაეცვათ, ჩასვლისას კი ეს სურათი არ დახვდათ და იქ სრული განუკითხაობის წინაშე აღმოჩნდნენ.
მეორე მოტივაციაა ფინანსები. მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონის გამო ახალგაზრდობა ტოვებს პანკისის ხეობას.
„იყო ჭორები, ლაპარაკობდნენ, რომ ვიღაც დაბრუნდა, სახლი იყიდა თუ ტელეფონი, მაგრამ ეს წვრილმანებია. რომც ეყიდა რაღაც 5 000 დოლარად სახლი, აუცილებელი არ არის, ომიდან ჩამოტანილი ფულით ეყიდა“, - აცხადებს რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას პანკისის მკვიდრი.
სირიაში მებრძოლი რადიკალი ისლამისტების ერთ-ერთი მეთაურის - თარხან ბათირაშვილის, იმავე ომარ ალ შიშანის მამამ - თემურ ბათირაშვილმა არ იცის, მისი შვილი სირიაში როდის და როგორ წავიდა, ვის აჰყვა. თუმცა დღეს თარხანის მამა წუხს, რომ მისი შვილი ისეთ წრეშია ჩაბმული, იქიდან გამოსვლა აღარ შეიძლება. ამიტომ თარხანი ვეღარ დაბრუნდება საქართველოში.
„ღმერთმა დაიფაროს ყველა, ეს ამბავი რომ გამართლდეს, რასაც ეგენი ამბობენ. „ალ ქაიდას“ შტაბში ბინ ლადენად მოიაზრებენ თარხანსო, ბინ ლადენის ადგილზეო. ღმერთო, დაიფარე მაგისგან. მე ქრისტიანი კაცი ვარ“, -აცხადებს თემურ ბათირაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ექსკლუზიურ ინტერვიუში და განმარტავს, რომ დედამიწის ზურგზე ოთხი წმინდა წიგნია, ყურანი და ბიბლია და დანარჩენი ორი წიგნიდან ერთი, სავარაუდოდ, ინდოეთშია და ერთიც - ჩინეთში. ყველა წმინდა წიგნი კი გვაფრთხილებს, არ კაც კლა! „ესენი იძახიან, ალაჰის სახელით მოვკლათ კაცი. ალაჰის სახელით ვერ მოკლავს. ოთხივე წიგნი გაფრთხილებს, არ კლა კაცი, არ შეიძლება კაცის მოკვლა“, -მიიჩნევს თარხან ბათირაშვილის მამა და ფიქრობს, რომ ნაციონალებმა დაუღუპეს შვილი, რადგან არ უნდოდათ ასეთი ჯარისკაცი ჰყოლოდათ.
ძნელია გაარჩიო, ადამიანი სასწავლებლად მიდის საზღვარგარეთ, საბრძოლველად თუ სამუშაოდ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პანკისის ხეობიდან სირიაში საქართველოს მოქალაქეების გახშირებულ გადასვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პანკისიდან სირიაში მოქალაქეების გადინების კონტროლი შეუძლებელია. თუმცა მიგრაციასა და ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირების მიზნით საქართველო აპირებს, უახლოეს მომავალში გაეროს და ევროკავშირის რიგ საერთაშორისო რეზოლუციას შეუერთდეს.
სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პანკისიდან სირიაში მოქალაქეების გადინების კონტროლი მართლაც რთული საქმეა, რადგან მაშინ უნდა შეიზღუდოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლა და შემოსვლა, რაც კონსტიტუციის დარღვევა იქნება. თუ სპეცსამსახურებს ან სამართალდამცავებს არ აქვთ რაიმე კონკრეტული საბაბი, ისინი ვერ შეზღუდავენ მოქალაქეების გასვლას, ან შემოსვლას. თუმცა გაეროს ერთ-ერთ ბოლო უშიშროების საბჭოზე უკვე იყო იმაზე საუბარი, რომ ქვეყნებმა აიღონ ვალდებულება და შეზღუდონ თავიანთი მოქალაქეების მოხვედრა ისლამური სახელმწიფოს შემადგენლობაში, ან სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებში.
„ამ ადამიანების სირიაში წასვლა, პირველ რიგში, მაინც ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, რაც მთლიანად საქართველოშია და არა მარტო პანკისის ხეობაში. ეს ერთ-ერთი მთავარი ასპექტია. რა თქმა უნდა, არც იმის გამორიცხვა არ შეიძლება, რომ აქ არის რელიგიური ფაქტორი. თუმცა პანკისის ხეობიდან გამოდის ხმები, რომ ბევრი, ვინც იქ იყო ჩასული, იმედგაცრუებულია. მე ვერ დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამას. რეალურად, კანონით ისჯება, თუ შენი ქვეყნის მოქალაქე, როგორც დაქირავებული პირი, მიდის და სხვა ქვეყანაში იბრძვის, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. ზოგადად, მომხრე ვარ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ სპეცსამსახურების მიერ მოხდეს მათი შემოწმება, ვინც სხვა ქვეყანაში იბრძოლა. აქ მარტო სირიაზე არ არის საუბარი. ისინი გარკვეულ კონტროლზე უნდა აიყვანონ, რომ მათი კავშირები მუდმივად იყოს ცნობილი. კერძოდ, იქ, სადაც მათ იბრძოლეს, დაამყარეს თუ არა კავშირები სხვა ქვეყნის შეიარაღებულ პირებთან, ჩამოდიან თუ არა ის პირები და აგრძელებენ თუ არა კონტაქტს ამ ხალხთან?! ეს ხალხი ყოველთვის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს, რადგან პირი, რომელიც საზღვარგარეთ ამ მიზნით გადის, ბრძოლის დროს ისეთ გამოცდილებას იძენს, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს არ გააჩნია. ის ხდება ან სნაიპერი, ან მენაღმე, ამფეთქებელი, ან შეუძლია საზენიტო იარაღის გამოყენება, სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდება. ამიტომაც ამ გამოცდილების ხალხის გამოყენება გარკვეულ ძალებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ შეუძლიათ“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი და არ გამორიცხავს, ეს მებრძოლები ან რუსებმა გამოიყენონ, ან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა. ხოლო, თუ მათ გამოცდილებას ქართული არმიისა და საქართველოს სასარგებლოდ გამოვიყენებთ, კარგი იქნება.
მისივე თქმით, ის, რომ აშშ-მ ტერორისტთა სიაში საქართველოს ორი მოქალაქე შეიყვანა, სულაც არ ართულებს ჩვენს საერთაშორისო იმიჯს, რადგან თუნდაც ბრიტანეთიდან ან აშშ-დან ათობით და ასობით მოქალაქეა შეყვანილი ტერორისტთა სიაში. ამას ემატება რუსეთიდან ასობით ადამიანის შეყვანა აღნიშნულ სიაში.
ის, რომ სამი ათასამდე ევროპელი მოქალაქე ირიცხება ისლამური სახელმწიფოს დამხმარეთა შორის, ექსპერტის აზრით, შეიძლება მთლად სიღარიბით არ აიხსნას, მაგრამ არც ამის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან ზოგიერთი ევროპელი უმუშევარია და სწორედ ფინანსური ინტერესით მიდის სირიაში. თუმცა, რასაკვირველია, ბევრი ევროპელი მიდის წმინდა რელიგიური თვალსაზრისითაც.