„ვიღაცის მიზანია საზოგადოებას დაავიწყოს რა ტრაგედია დატრიალდა ციხეებში“

„ვიღაცის მიზანია საზოგადოებას დაავიწყოს რა ტრაგედია დატრიალდა ციხეებში“

„ეს იყო მოდელირებული, სპეცეფექტებზე დაფუძნებული გადაცემა, რომელიც საზოგადოების „კრიმინალის დაბრუნებით“ დაშინებას ისახავს მიზნად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე, რომლის განცხადებით, ასევე თვალსაჩინოა, რომ პარალელურად, ქვეყანაში მომხდარი დანაშაულის წვრილმანი და მძიმე მაგალითებით იწყება საინფორმაციო გამოშვებები და ქვეყნისთვის სტრატეგიული საკითხები და სამუშაო პროცესი მხოლოდ გადაცემების მეორე ნაწილში შუქდება.

for.ge არჩილ თალაკვაძეს ესაუბრა

რას გულისხმობდით, როდესაც თქვით, რომ ეკა კვესიტაძის გადაცემაში აღწერილი სიტუაცია სინამდვილეში მოდელირებული არეულობაა?

- ჟურნალისტების დაინტერესება იმ საკითხებით, რომელიც ტრადიციულად, ჩვენს ქვეყანაში დახურული და ხელმიუწვდომელი იყო, ლეგიტიმურია და ვფიქრობ, დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. მეორე მხრივ, ხელისუფლება დგას ამოცანის წინაშე, პასუხები გასცეს შეკითხვებს, თუნდაც ტენდენციურს, აწარმოოს სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და შეინარჩუნოს ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთან. სწორედ ამის გამო, თავი ვალდებულად ჩავთვალე გამეცა პასუხები იმ ბრალდებებზე რაც ქ-ნ ეკა კვესიტაძის გადაცემაში გაისმა. კერძოდ, მის გადაცემაში წამყვანის ხმაზე დადებული იყო ძველი ვიდეოჩანაწერები, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში იყო ატვირთული youtube-ზე და კრიმინალურ გარჩევებს აღწერს - ეს არის ერთგვარი სპეცეფექტი, რომ ტელემაყურებელს შეექმნას განცდა, თითქოს ასეთი გარჩევები ახლა ხდება.

ასევე მცდარია ინფორმაცია თითქოს „რეზბალნიცა“ არის კონფერენციების ადგილი - „რეზბალნიცა“ ჩვენი მმართველობის პირობებში გაუქმდა თავისი ავბედითი შინაარსითა და ტრადიციებით და მის ნაცვლად, თანამედროვე, სამოქალაქო სტანდარტით ლიცენზირებული საავადმყოფო გაიხსნა, სადაც პაციენტის დაყოვნება მხოლოდ 5-6 დღე ხდება. დღეს თუ იქ რაიმე კონფერენცია ტარდება, ეს არის სამეცნიერო და კლინიკური კონფერენციები, რომელსაც სამედიცინო პერსონალი ატარებს კვირაში სამჯერ.

რას იტყვით იმ სატელეფონო ჩანაწერებზე, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არის განხორციელებული?

- არავითარი ექსკლუზივი და სენსაცია ამაში არ არის. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც ციხეებში ძალადობა დასრულდა და პატიმრებს აღუდგათ კანონით გარანტირებული უფლებები, მათ შორის ციხეებში სტაციონარული ტელეფონებით სარგებლობის უფლება, ასეთი ზარები მართლაც იყო და ამისათვის არაერთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, იყო სასამართლო პროცესები და მკაცრი სასჯელები. რატომღაც ქალბატონ ეკას ამის გაშუქება გადაცემაში „გამორჩა“.

ჩანაწერები კი სინამდვილეში იმ ადამიანების ადვოკატებმა მიაწოდეს, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ ზარებისთვის პასუხისგებაში მისცა. სამწუხაროდ, არც აღნიშნული ადვოკატები მოუწვევია საკუთარ გადაცემაში, რომ სიმართლე ეთქვათ საზოგადოებისთვის. მოკლედ, რომ შევაჯამო, ეკა კვესიტაძე საინტერესო ჟურნალისტია, ეს გადაცემა კი ნამდვილად მოდელირებული მომეჩვენა და მასში ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია იყო.

ნუთუ ჟურნალისტს მართლა არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ პასუხისმგებლობა დადგა იმ პირების მიმართ, ვინც ტელეფონით საუბრობდა? გადაცემაში ეს ჩანაწერები ექსკლუზიურად არის შეფასებული...

- სინამდვილეში ამ ჩანაწერების გამო, ხალხი მიეცა პასუხისგებაში, ხოლო ვიდეოჩანაწერები ბევრად ძველია და ახლანდელ სიტუაციასთან არაფერი აქვს საერთო. ქალბატონმა ეკამ ან არ იცოდა, ან იცოდა და ამის თქმა გადაცემაში არანაირად ხელს არ აძლევდა. ორივე შემთხვევაში, გადაცემა გამოდის არაობიექტური.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იყო შეგნებული დეზინფორმაცია, რათა ერთგვარი დისონანსი შეეტანათ სასჯელაღსრულების საკითხზე მსჯელობაში?

- ეს იყო მოდელირებული, სპეცეფექტებზე დაფუძნებული გადაცემა, რომელიც საზოგადოების „კრიმინალის დაბრუნებით“ დაშინებას ისახავს მიზნად. ასევე თვალსაჩინოა, რომ პარალელურად ქვეყანაში მომხდარი დანაშაულის წვრილმანი და მძიმე მაგალითებით იწყება საინფორმაციო გამოშვებები და ქვეყნისთვის სტრატეგიული საკითხები და სამუშაო პროცესი მხოლოდ გადაცემების მეორე ნაწილში შუქდება.

არ უნდა დაგვავიწდეს, რომ წინა ხელისუფლების დისკრედიტაციის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული რეპრესიები და მასობრივი ძალადობა იყო. დღეს ვხედავთ მცდელობას, დააჯერონ საზოგადოება, რომ ციხეების მართვა შეუძლებელია ძალადობის გარეშე - „აი ხომ ხედავთ, ამათ მკაცრი ხელი მოუხდებათ. ისე ციხეების აღარ ეშინიათ!“ - ეს არის გადაცემის ფარული გზავნილი, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების პრინციპებს, საქართველოს ინტერესებს და მომავალს, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსაც. ამას სამოქალაქო საზოგადოებამ მკაცრი პასუხი უნდა გასცეს.

გასაგებია, რომ ვიღაცას აქვს მიზანი საკუთარი ბრალი შეიმსუბუქოს და საზოგადოებას „დაავიწყოს“ რა ტრაგედია დატრიალდა ციხეებში, მაგრამ ალბათ, ისიც უნდა ესმოდეთ, რომ სატელევიზიო გადაცემებში შემაშფოთებელი სცენარების გათამაშებით, ეს პრობლემა არათუ დავიწყებას მიეცემა, არამედ პირიქით - უფრო გაღრმავდება, რადგან როცა ძალადობის მსხვერპლი ადამიანები და მათი ოჯახები ამ გადაცემებს უყურებენ, ხდება მათი რე-ტრავმატიზაცია, მათ მუდმივად ახსენებენ, რომ ერთ დროს ციხეში სცემეს, გააუპატიურეს, ღირსება შეულახეს ან დააავადეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ტარიელ ფოცხვერია ვერ ლაპარაკობს. იმ მდგომარეობით, რა დროითაც ჟურნალისტი ათარიღებს ჩანაწერებს, როგორი იყო სინამდვილეში ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ფოცხვერია არის პაციენტი, რომელიც პატიმრობაშია. სახელმწიფო მას აწვდის საჭირო სამედიცინო მომსახურებას ისევე, როგორც სხვა ათასობით პატიმარს. ფაქტია, რომ იგი არც „რეზბალნიცაზეა“ და არც თავისუფლებაზე - შესაბამისად კრიმინალის წახალისებაზე ჩვენსკენ ხელის გამოშვერა ოდნავ სასაცილოა. მე არ მაქვს უფლება პაციენტის შესახებ ინფორმაცია გავასაჯაროო, თუმცა გეტყვით, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა იმ პერიოდში.

ბატონო არჩილ, აქცენტი გაკეთებული იყო .. „რეზბალნიცაზე“. ხშირად იმიტომ ხომ არ ახსენებდნენ გადაცემაში, რომ საზოგადოებას ასოციაციები გაუჩნდეს შევარდნაძის პერიოდის ციხის საავადმყოფოსთან, რომელიც იმ წლებში მართლაცკანონიერი ქურდებისთავშეყრის ადგილი იყო?

- ერთ-ერთი პირველი, რაც სოზარ სუბარმა თავისი მინისტრობის დროს გააკეთა, იყო სწორედ ე.წ. „რეზბალნიცის“ გაუქმება. ფაქტობრივად, „რეზბალნიცა“ არა მხოლოდ შევარდნაძის, არამედ შემდგომი ადმინისტრაციის პირობებშიც რჩებოდა ადგილად, სადაც პრივილეგირებული პატიმრები თვეობით და წლობითაც კი ცხოვრობდნენ და „მკურნალობდნენ“, მაშინ, როდესაც დღეს მსოფლიოში არცერთი ნამდვილი საავადმყოფო პაციენტს 12 დღეზე მეტ ხანს არ აყოვნებს.

წინა 9 წელზე რომ არ ვისაუბრო, გეტყვით, რომ დღეს „რეზბალნიცა“ აღარ არსებობს და ამ სიტყვის წარმოთქმაც კი ეკრძალებათ ჩემს თანამშრომლებს. მის ნაცვლად ჩვენ გავხსენით თანამედროვე სამედიცინო ცენტრი, სადაც პაციენტები მხოლოდ 5-6 დღე ჩერდებიან სამკურნალოდ და რომელშიც საუკეთესო ქირურგები, ექიმები და ექთნები მუშაობენ. ისინი თავდადებით ემსახურებიან საქმეს და 2 თვეში 230-ზე მეტი ოპერაცია გააკეთეს ისე, რომ არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა გართულებებით.

რამდენი იხარჯებოდანაციონალური მოძრაობისხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთ პატიმარზე და რამდენი იხარჯება ახლა? რა გაუმჯობესდა და რა გაუარესდა რეალურად?

- შეიძლება ითქვას, რომ სასჯელაღსრულების სისტემის ბიუჯეტის ზრდამ და პოლიტიკურმა ნებამ შესაძლებელი გახადა ახალი რეფორმების განხორციელება და სამი ძველი დაწესებულების დახურვა, რომლებიც თავის დროზე ცხენების თავლად და საწყობებად იყო აშენებული და რომლებიც ტუბერკულოზთან, სიკვდილიანობასთან, ადამიანთა დამცირებასა და კოშმარებთან ასოცირდებოდა. გაუმჯობესდა კვება, ჯანდაცვა, საცხოვრებელი პირობები. მაგალითად ჯანდაცვის ბიუჯეტი 100 პროცენტით არის გაზრდილი.

სიკვდილიანობის მაჩვენებლების კუთხით რა ვითარებაა? რა კეთდება იმისათვის, რომ პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები შემცირდეს?

- 2010 წელს 144 პატიმარი, 2011 წელს - 132, ხოლო 2012 წლის პირველ ნახევარში 58 პატიმარი გარდაიცვალა. 2013 წელს გარდაცვალების შემთხვევები 25-მდე, ხოლო 2014 წელს 18-მდე შემცირდა. დასკვნები თავად შეგიძლიათ გააკეთოთ.

რამ გამოიწვია ეს შემცირება?

- ძალიან მოკლედ რომ გითხრათ მთავარი იყო ტუბერკულოზის წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების გატარება, პატიმართა გადაყვანა კლინიკებში და მკურნალობა, მედიკამენტებით მომარაგების გაუმჯობესება, კვების პირობების გაუმჯობესება, C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება, ძალადობის აღკვეთა ადმინისტრაციის მხრიდან და სხვა.

საზოგადოებას ახსოვს პატიმარ ლევან კორტავას შემთხვევა, როდესაც ის პატიმართა შორის ძალადობის მსხვერპლი გახდა. დასრულდა თუ არა გამოძიება ამ საქმეზე და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავეები?

- ლევან კორტავას შემთხვევა არის სამწუხარო და ტრაგიკული მაგალითი, როდესაც დაწესებულების ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა პატიმრებს შორის ძალადობის აღკვეთა. ასევე არის სიგნალი და ლუსტრაცია იმ დაწესებულებების, სადაც ერთ, ბარაკული ტიპის შენობაში ათასობით პატიმარი ცხოვრობდა ერთ დიდ დარბაზში. ასეთ პირობებში ძალადობის აღკვეთაზე საუბარი შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, ლევანის დედას ტკივილს ვეღარ შეუმსუბუქებს რეფორმები, რომელიც გაკეთდა და რომელიც მომავალი წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, მაგრამ ამ საქმეზე ჩატარდა გამოძიება და პასუხისგებაში მიეცნენ ადამიანები, ვინც ის ცემით მოკლეს.