სახელმწიფო გრანტები აბიტურიენტთა მშობლების წინააღმდეგ

სახელმწიფო გრანტები აბიტურიენტთა მშობლების წინააღმდეგ

აბიტურიენტთა რეგისტრაცია 3 დღეში მთავრდება. სახელმწიფო გრანტის გაცემის ახალმა წესმა მრავალი ცვლილება შეიტანა აბიტურიენტების, უფრო კი მათი მშობლების სასწავლო გეგმებში. სტატისტიკურად ჯერჯერობით ცნობილი არაა შეიცვალა თუ არა ფაკულტეტების პრიორიტეტულობა, თუმცა პირად საუბრებში მომავალი სტუდენტები არ მალავენ თავიანთ გადაწყვეტილებას. რა გასაკვირია, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტის გაცემის წესის ცვილილებამ აბიტურიენტებზე მეტად მშობლები შეაშფოთა. ბევრმა ოჯახმა გადახედა საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობს. ზოგან კი მშობლებსა და შვილებს შორის “სასწავლო კონსენსუსის” მისაღწევად, სპეციალური შეთანხმებაც კი შედგა.

თებერვლის დასაწყისში აბიტურიენტებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავი გაცხადდა. 2011 წლიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა. უკვე ამ წლიდან სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია-ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები მხოლოდ ასპროცენტიანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდებიან. ნაწილობრივი დაფინანსება მათ აღარ შეეხებათ.

სხვა ფაკულტეტებზე გრანტის გაცემის წესი არ შეცვლილა და ჩარიცხული აბიტურიენტები 100, 70, 50 ან 30 პროცენტით დაფინანსდებიან. ქვეყნის პრიორიტეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების განვითარებაა. შეიძლება ითქვას, რომ ამის მიღწევა არჩევანის შეზღუდვის საფუძველზე ხდება.

გრანტის გაცემის წესის ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა მშობლების დამოკიდებულებაც შვილების არჩევანისადმი. ზოგიერთი ოჯახისთვის 300 ან თუნდაც 500 ლარით ნაკლების გადახდა მნიშვნელოვანი შეღავათია. ამიტომ მათ შვილებს სთხოვეს კიდევ ერთხელ გადაეხედათ ფაკულტეტებისათვის და არჩევანი ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით გაეკეთბინათ.

”50%-იანი გრანტი რომ აიღოს ჩემმა შვილმა, 1000 ლარზე მეტს დავზოგავთ. ეს მართლა დიდი შეღავათია. საერთაშორისო ურთიერთობებზე უნდა ჩაბარება და არ ვიცით შეცვლის თუ არა არჩევანს. გრანტი თუ ვერ მიიღო, მთლიანი თანხის გადახდა მოგვიწევს და ეს საკმაოდ რთული იქნება ჩვენთვის. ავუხსენით სიტუაცია და ვთხოვეთ, ამის გათვალისწინებით აერჩია სასურველი ფაკულტეტი. ტექნიკური ფაკულტეტი რომ არ უნდა, ზუსტად ვიცით და ვერც მოვთხოვთ, რომ იქ ჩააბაროს, ალბათ, ისევ ჰუმანიტარულ რომელიმე მეცნიერებას აირჩევს. სამწუხაროა, რომ იძულებულები ვართ არჩევანი შევაცვლევინოთ. შეიძლება ამან მნიშვნელოვნად შეცვალოს მისი მთელი კარიერა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჯერ რეგისტრაცია არ დამთავრებულა, დრო კიდევ გვაქვს. კიდევ კარგად დავფიქრდებით და თუ მივხვდებით ფულის გადახდას შევძლებთ იმ შემთხვევაში, თუ ასპროცენტიან გრანტს ვერ აიღებს, მაშინ პირველს აუცილებლად საერთაშორისო ურთიერთობებს ჩაწერს”, - დიდი საფიქრალი გასჩენია თბილისელ გიორგი გოგიძეს.

ნინო კოკაია აპირებდა კერძო სასწავლებელში ესწავლა სამართლის ფაკულტეტზე, მაგრამ ახლა პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაწერა. თუ გრანტის მოპოვება ვერ შეძლო, 2 250 ლარის გადახდა უფრო გაუადვილდებათ:

”მე სამართლის ფაკულტეტზე ვაპირებ სწავლას. ამ ფაკულტეტს გრანტის გაცემის ახალი წესი შეეხო. თუ ასპროცენტიანი გრანტი ვერ ავიღე, მე თვითონ მომიწევს ფულის გადახდა. ოჯახში ამაზე ბევრი ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარო. გამორიცხული არაა, გამოცდები ისე კარგად ვერ ჩავაბარო, როგორც მგონია და გრანტიც ვერ ავიღო. ასეთ შემთხვევაში კერძო უმაღლესში 5000 ლარის გადახდა მაინც მოგვიწევს და ეს ძალიან ბევრია, სახელმწიფო უნივერსიტეტში კი 2 250 ლარია გადასახდელი”.

ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტები 2005 წლიდან აბარებენ. პირველ წელს სახელმწიფო დაფინანსება სტუდენტებმა ყველა გამოცდის შედეგის გათვალისწინებით მიიღეს. რამდენიმე წლის განმავლობაში კი გრანტის მოცულობას მხოლოდ ზოგადი უნარების ქულა განსაზღვრავდა. ახლა ოთხი გამოცდის ჩაბარების შედეგად მიღებული ქულებით ფინანსდება აბიტურიენტი. სახელმწიფო გრანტის სრული რაოდენობა 2 250 ლარს შეადგენს. ასპროცენტიანი დაფინანსების მიღების შემთხვევაში სრულიად უფასოდ სწავლა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებშია შესაძლებელი.