კრიმინალი, „ჩადება“ და მე

კრიმინალი, „ჩადება“ და მე

სანამ ამ ბლოგის მთავარ თემაზე გადავიდოდე, მანამდე მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩემ შესახებ. კოტე კირვალიძე, 28 წლის, პროფესიით კინო-რეჟისორი, ნასამართლევი არაერთგზის ( აბა „ყველა ციხეშიო“ და...), ვერანაირ კურიოზს ახლა ვერ გავიხსენებდი, საყვარელ ადამიანს ვერ ვაპატიებდი ღალატს და ვერც მიღალატებდა, იმიტომ, რომ არ მყავს და ჩემი წიგნის მერე აღარც არაფერი დამიწერია, ალბათ არც იყო საჭირო და იმიტომ. „დროებით“ უმუშევარი, (თუმცა არა „მენტალიტეტის“ გამო), დროებით ნიშნავს 28 წელს. ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. ოპტიმისტი. დანარჩენი სხვა დროს.

ახლა ავადსახსნებელ და ცოტა უხერხულ სიტყვა - „ ჩადებაზე“ მინდა ვისაუბრო. „ჩადება“ რატომ არის უხერხული, ეს იმ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ, ვისთვისაც რამე „ჩაუდიათ“ როდისმე, რა თქმა უნდა, თუ ასდოლარიანებს არ ჩაუდებდნენ. თუმცა ადრე ათლარიანებს ნუ „ათმანეთიანებს“ რომ უდებდნენ ექიმებს ან პოლიციელებს, ესეც უხერხული პროცედურა იყო -ცოტა.

„ჩადების ინსტიტუტი“ არ მოუგონიათ საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ ძველი რომის „პროსკრიპციების“ (რეპრესიების) დროს არსებობდა, მაშინაც „უდებდნენ“ მსხვერპლს ისეთ ნივთებს, რაც მის „დასასჯელთა სიაში“ შეყვანას განაპირობებდა. „ჩადებული“ სიკვდილით ისჯებოდა, ხოლო „ჩამდებს“ მისი ქონება რჩებოდა... შემდეგ „ინკვიზიციის“ დროსაც, ევროპაში, საკმარისი იყო შურიან მეზობელს, თავისივე მეზობლის სახლში, აკრძალული ლიტერატურა ან წიგნი „ჩაედო“, რომ მისი ქონების ნაწილი „მემკვიდრეობით“ გადაეცემოდა. საქართველოს შორეულ წარსულშიც გვხვდება „ჩადების“ კლასიკური მაგალითები, არსაკიძე და შორენას საწმერთულიც კმარა გახსენებისთვის...

მაგრამ, „ჩადება“, როგორც ასეთი, ჩამოყალიბებული და ორგანიზებული სახით, უკვე, „დათა თუთაშხიაში“ გვხვდება, როდესაც უბრალო ქართველი პოლიციელი, ჟანდარმი მუშნი ზარანდია მთელ იმპერიას გააოცებს ამ უძველესი და უგახრწნილესი მეთოდით. მუშნი ზარანდიას „ჩადებები“ გაამართლებს და „მიზანი, ხომ ყოველთვის ამართლებს საშუალებას“ - ზოგიერთის აზრით. მერე რა, თუ ეს „საშუალება“ ხანდახან უდანაშაულოს სისხლი, ან სიცოცხლეა?

შემდეგ გადის წლები და რომაელი ტირანების, „ინკვიზიტორების“ თუ „მუშნი ზარანდიას“ მეთოდი, საქართველოში უფრო პოპულარული ხდება, ვიდრე როდისმე. „არ გასწორდების კუდი ძაღლისა და ვერც-თუ მორიელი, იწყებს სწორად სვლას“, - ნათქვამია. (არ მახსოვს ციტირება ზუსტია თუ არა, მაგრამ რა აზრი აქვს?) და 90-იანი წლებიდან, საქართველოს პოლიცია კრიმინალთან ბრძოლის ერთადერთ ხერხად, მხოლოდ „ჩადებას“ იყენებს... თუმცა, არა იმიტომ, რომ „დათა თუთაშხია“ იციან ზეპირად, ან „ინკვიზიციის“ შესახებ დაწერილი წიგნებით იხიბლებიან, არა, უბრალოდ, მუშნი ზარანდიობა უნდათ, მაგრამ მისგან მეტს ვერაფერს ითვისებენ... ხელისუფლებებს კი, არც სურვილი აქვთ და არც თავი, რომ რამე შეცვალონ და ასე გადის წლები...

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ვერ ვიტყვით, რომ უკონტროლობა განაპირობებდა, თანამედროვე „მუშნი ზარდნიობას“, („მუშნი ზარანდიობას“ ცუდი გაგებით), არა, ამჯერად უკვე მაშინდელი „ბელადის“, „მიშას“ (ვისთვის საქართველოს პრეზიდენტი, ვისთვის „მიშა“ ) პირადი ბრძანება („ნულოვანი ტოლერანტობა“, „ყველა ციხეში“) აძლევს ნებას პოლიციელებს, ნებისმერი მეთოდით ებრძოლონ „კრიმინალს“ და ესენიც ებრძვიან, თუმცა აქ უკვე გაურკვეველია, ვინ არის კრიმინალი, დაავადებული ნარკომანი, რომელსაც პოლიციელი „უდებს“ წამალს, (შემდეგ მისი ქონება, მანქანა ან ფული, სახელმწიფოს რომ რჩება...) თუ პოლიციელი, რომელიც „უდებს“ ამ წამალს, როგორც „ინკვზიტორი“ აკრძალულ ლიტერატურას და 10 წლიან, ან უვადო პატიმრობაზე უშვებს? რომელი უფრო კრიმინალია, თქვენ გადაწყვიტეთ...

ამ დროს სასამართლო პროცესებზე, თვითონ მათი მოსამართლეები ხუმრობდნენ ხოლმე, ნეტავ როგორ მოხდა, რომ ქალაქში, სამი ათასზე მეტი ადამიანი, ერთი და იგივე იარაღით მოძრაობდა, „ფაქტი“ მაინც შეცვალეთ და ისე ჩაუდეთო“... ხუმრობდნენ მოსამართლეები ბრალმდებლებზე, რომლებსაც „ფაქტის“, ამ შემთხვევაში იარაღის შეცვლაც კი ეზარებოდათ. აბა სად ქონდათ მაგდენი იარაღი, რომ სათითაოდ „ჩაედოთ“?

შემდეგ, „ბელადმა“ იმდენ ადამიანს „ჩაუდო“, რომ ბოლოს თვითონაც „ჩაუდეს“, მაგრამ არა იარაღი, უბრალოდ „ჩაუდეს“...

ამ ბლოგით, თუ წერილით, იმის თქმა მინდა, რომ გავიმეორებ, „არ გასწორდების კუდი ძაღლისა და ვერც-თუ მორიელი იწყებს სწორად სვლას“, - არ მახსოვს ციტირება ზუსტია თუ არა, მაგრამ რა აზრის აქვს? უბრალოდ ვფიქრობ, ვაი-და ახლაც წაიკითხოს ვინმე პოლიციელმა „დათა თუთაშხია“ და იქედან, მორალი  არასწორად გამოიტანოს? ან ვაი-და „ინკვიზიტორებზე“ დაწერილი ლიტერატურაც ჩაუვარდეთ ხელში და ისევ მოუნდეთ მეზობლებზე „აკრძალული ლიტერატურის“ ჩადება? როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს ჩვენ, რომ ეს „ლიტერატურა“ ერთ დღესაც, ჩვენს ჯიბეში, ან სახლში არ აღმოჩნდეს?

არ ვიცი, რა ვიცი, რამ გამახსენა ეს „ჩადებები“, კრიმინალი და „აკრძალული ლიტერატურა“, ამ მშვიდობის დროს. არ ვიცი, მაგრამ რომ გამახსენდა, ვიცი და ამდენიც მოვყევი... ისე, მართლა მაინტერესებს, იმ პოლიციელებს, ვისაც როდისმე ვინმესთვის რამე „ჩაუდიათ“, „დათა თუთაშხია“ წაკითხული აქვთ, თუ უბრალოდ „უდებენ“? მათ ვეტყოდი, რომ რაც მეტ ადამიანს „ჩაუდებთ“, მით მეტი შანსია, რომ შემდეგ თქვენც „ჩაგიდონ“, ეს რაღაც ფიზიკის კანონია. არ მახსოვს, ფიზიკას ვერასდროს ვსწავლობდი და იმიტომ, მაგრამ ვიცი რომ ასეა! გაითვალისწინეთ - „ჩაუდებთ“? თქვენც „ჩაგიდებენ“!

მოკლედ მე მოვყევი და ახლა თქვენ დაფიქრდით, რომელი იყო აქ „კრიმინალი“, რომელი „მუშნი ზარანდია“ და რომელი ვიყავი მე?

P.S. სანტა-კლაუსიც და თოვლის ბაბუაც „უდებს“ ხოლმე ბავშვებს საჩუქრებს და იმ პოლიციელებმა, რომლებმაც „დათა თუთაშხია“ და „ინკვიზიცია“ „გადააბულბულეს“, დავიჯერო ეს ვეღარ გაიგეს?