ევროსაბჭოს ექსპერტები ფარულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოსმენებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს ახალ მოდელს – ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას სთავაზობენ. ჯოზეფ კანატაჩი და გრეჰემ სატონი აღნიშნულ თემაზე მომუშავე ჯგუფს ურჩევენ, თუ ფარული მოსმენა-მიყურადების გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება, მაშინ კერძო პროვაიდერს ან მონიტორინგის სპეციალურ სამსახურს მეორე გასაღები გადაეცეს. მათი შეფასებით, ამგვარი მექანიზმი უკანონო მოსმენებისგან დაცვას მეტად უზრუნველყოფს.
„ერთგასაღებიანი სისტემა მისაღები არ არის. ჩვენი რჩევაა, იყოს ერთზე მეტი გასაღები. მეორე გასაღები უნდა იყოს სხვის ხელში და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში. მეორე გასაღები გადამოწმებისთვის უნდა იყოს გამოყენებული იმ დროს, როცა კომუნიკაციებში ჩართვის თაობაზე სასამართლო განჩინება გაიცემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის გასაღებს გამოიყენებს. მეორე უწყებას, სადაც მეორე გასაღების შენახვა გადაწყდება, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს განჩინების სინამდვილე - მართლაც გაიცა თუ არა. ეს შეიძლება იყოს კერძო პროვაიდერი, სპეციალური მონიტორინგის სააგენტო, სადაც მეორე გასაღები შეინახება“, - განაცხადა ჯოზეფ კანატაჩიმ.
მათი წინადადების მიხედვით, არც ერთი გასაღები დამოუკიდებლად არ იმოქმედებს - სისტემაში შესვლისას და მოსმენაზე ჩართვისას, ორივე გასაღები უნდა ამოქმედდეს.
თავის მხრივ, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, რომ შსს „მოსმენების გასაღების“ დათმობას არ აპირებს. მისი თქმით, შს სამინისტრო წინააღმდეგია, რომ მოსმენების ე.წ. გასაღები მათი უწყებიდან გამოვიდეს და მობილურ ოპერატორებს გადაეცეთ. თუმცა, იგი ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს ყველა ინფორმაციის ინსპექტორისთვის გადაცემა და მას პროცესის გაკონტროლების და ზედამხედველობის შესაძლებობა მიეცეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის მტკიცებით, საკომუნიკაციო-პროვაიდერი კომპანიები არც ფინანსურად და არც საკადრო თვალსაზრისით, მზად არ არიან, ფარული მოსმენა-მიყურადებისას დაცვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. უფრო მეტიც, თუკი ე.წ. გასაღების პროვაიდერი კომპანიებისათვის გადაცემა გადაწყდება, ისინი ამ საქმის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხების გამოყოფას მოითხოვენ.
ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს ფარულ მოსმენებთან მიმართებით ატეხილი აჟიოტაჟი ზედმეტად ეჩვენება. For.ge-სთან საუბრისას გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ ჩვენ არ უნდა დავუკარგოთ მოქნილობა შს სამინისტროს და სჯობს, მივიღოთ ის ნორმები, რომლებიც ევროპაშია, ოღონდ ყოველგვარი ორი და სამგასაღებიანი სისტემის ამოქმედების გარეშე.
მისი აზრით, თუ ქვეყანაში პოლიტიკური ნება იარსებებს, ძალიან მარტივია ფარულ მოსმენებზე კონტროლის განხორციელება და სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვა საკმარისია ადამიანის უფლებების დასაცავად.
„ოპერატიული საჭიროებიდან გამომდინარე, მოსმენები მთლიანად უნდა იყოს შს სამინისტროს ხელში. პროვაიდერებს ტექნიკურად ისედაც აქვთ შესაძლებლობა, მოსმენები განახორციელონ, მაგრამ, რადგან ეს აკრძალული იქნება, მოსმენებს არცერთი პროვაიდერი არ გარისკავს. მთელი პრობლემა ხომ მხოლოდ ის იყო, რომ ნაცმოძრაობა ფარულ მოსმენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, საზოგადოებაზე ზეწოლისთვის იყენებდა. ეს უნდა მოიხსნას, თორემ ის, რომ ორგასაღებიანი სისტემა ავამოქმედოთ, პროვაიდერების ხელში გადავცეთ გარკვეული კონტროლის მექანიზმები, ეს ზედმეტი ბალასტია, რაც მოქნილობას დაუკარგავს შს სამინისტროს. შსს-მ მოსმენები არ უნდა დათმოს, მას ეს ყველაფერი დანაშაულთან საბრძოლველად სჭირდება, მაგრამ გარკვეული ბერკეტები უნდა არსებობდეს, რომ შსს-მ ეს ბოროტად არ გამოიყენოს. აქ უკანონო მოსმენაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ კანონიერი მოსმენა შეიზღუდოს, გახდეს მრავალსაფეხურიანი, არაეფექტური და დროში გაწერილი. მაშინ აზრს დაკარგავს შსს-ს მუშაობა“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე და ეჭვობს, რამდენად კომპეტენტურნი არიან ევროსაბჭოს ცალკეული ექსპერტები ქართულ სინამდვილესთან მიმართებით.
მისივე თქმით, ევროპელებისგან უნდა გადმოვიღოთ რეგულაციის წესი, ანუ როგორ იზღვევენ ისინი თავს უკანონო მოსმენებისგან, თორემ ისეთი მექანიზმი უნდა შევქმნათ, რაც საქართველოს მიესადაგება.
კარგია ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ ადამიანის უფლების დაცვის ერთ-ერთი ელემენტია კრიმინალთან ბრძოლა. ამიტომ მოდას არ უნდა მივსდიოთ და რომის პაპზე უფრო კათოლიკები არ უნდა აღმოვჩნდეთ. ამდენად, გიორგი თავდგირიძის აზრით, ისეთი მექანიზმი არ უნდა ავირჩიოთ, რომელიც საერთოდ დაუკარგავს მოსმენებს ოპერატიულ ღირებულებას.
ფარული მოსმენა-მიყურადების ე.წ. ორგასაღებიან სისტემაზე საუბრისას უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ აქ მთავარია, ვის ხელში დარჩება ორგასაღებიანი სისტემის მეორე გასაღები?! ისევ შს სამინისტროს ხელში?!
For.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია განმარტავს, რომ კერძო პროვაიდერებმა („მაგთი“, „ჯეოსელი“ და „ბილაინი“) ძალოვან სტრუქტურებს არ უნდა მისცენ უფლება, რომ მათ გადასცენ ინფორმაციული მონაცემები, მათი წარმომადგენელი იჯდეს ამ კომპანიებში და ახორციელებდეს უშუალო მოსმენას პირდაპირი ჩართვის საშუალებით. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ სასამართლო სანქცია იქნება გაცემული.
„უნდა აიკრძალოს ე.წ. ოდეერების გაშვება კერძო კომპანიებში. ეს უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და ნებისმიერი მცდელობა, თუნდაც ელექტრონული, აუდიო და ვიდეო თვალთვალის, უნდა იყოს მკაცრ საზოგადოებრივ კონტროლზე. სანამ არ შეიქმნება შსს-ში საზოგადოებრივი მეურვეობის საბჭო, სანამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ეგიდით, პარლამენტში არ შეიქმნება სპეციალური სპეცსამსახურების მაკოორდინირებელი ქვეკომიტეტი (რომელიც ძალოვანი სტრუქტურების უშუალო მონიტორინგს განახორციელებს), სანამ არ იქნება საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლი ამ სისტემაზე, მანამდე არაფერი გვეშველება. ვეთანხმები ევროსაბჭოს წარმომადგენელს, რომ თუნდაც პარლამენტის ხელში იყოს მოსმენებზე კონტროლის ერთი გასაღები.
რაც შეეხება მოსმენა-მიყურადების მეორე გასაღებს, ფინანსურად რთული არ იქნება, პროვაიდერებმა განახორციელონ მოსმენები. ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე ფინანსურ დარტყმას გვაყენებს უკანონო მოსმენები. სულ მცირე, ელემენტარულად, ბიზნესგარემოს გაუარესებაზეა საუბარი. რომელი ინვესტორი გაბედავს აქ ფული ჩადოს, როცა მას უსმენენ და შეიძლება, მისი კომერციული საიდუმლოებები გაჟღერდეს?!“ - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
იგი ფიქრობს, რომ პროვაიდერები სავსებით იქნებიან მზად საიმისოდ, რომ მოსმენების გასაღები მათ ხელში იყოს. ზოგადად, ფარული მოსმენა-მიყურადების ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა ევროპული მაგალითია, ამერიკაში სულ სხვა სისტემა არსებობს, მაგრამ იქ მოსმენებთან დაკავშირებით მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა მოქმედებს.