„პრობლემა არსებობს და არსებობდა მაშინაც, როცა გალავანი ღია ცის ქვეშ დარჩა“

„პრობლემა არსებობს და არსებობდა მაშინაც, როცა გალავანი ღია ცის ქვეშ დარჩა“

პუშკინის მოედანზე შესაძლოა, ორმხრივი მოძრაობა აღდგეს. 150-მეტრის სიგრძის ესტაკადა თბილისის ისტორიულ ცენტრში არსებულ საცობებს განმუხტავს და არც ისტორიულ სახლებს დააზიანებს. ეს პროექტი ამორტიზებული შენობების დაცვის მიზნით არის გამოწვეული. ყოველ შემთხვევაში, ასე ირწმუნება ქალაქის მერი - დავით ნარმანია და მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.

ესტაკადა პუშკინის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით აშენდება, მის ქვეშ კი დედაქალაქის ისტორიული გალავნის ფრაგმენტები დარჩება. მე-8-9 საუკუნის ისტორიულ კოშკებთან და თბილისის გალავანთან ფეხით გასეირნებას კვლავაც შეძლებენ ტურისტები და დედაქალაქის მცხოვრებლები, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ეჭვობს, რამდენად კომფორტული იქნება მათ ზემოთ საავტომობილო გზის გადატარება, რომელიც პუშკინის სკვერიდან დაიწყება და ვერცხლის ქუჩის დასაწყისთან დასრულდება. სოლოლაკის ესტაკადა 2 მილიონი დაჯდება, მისი მშენებლობა 2014 წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.

ესტაკადის მშენებლობა საკამათო პროექტი აღმოჩნდა არა მარტო ნაცმოძრაობასა და „ოცნებას“, არამედ არქეოლოგებსა და არქიტექტორებს შორისაც. საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხს კამათი მოჰყვა, ახალმა მთავრობამ წინა მთავრობას გმირთა მოედანზე ესტაკადის მშენებლობა გაუხსენა, რამაც ვითარება ვერ განმუხტა. არც ძველები დარჩნენ ვალში და გიგი უგულავამ ციხიდან განმარტება გაავრცელა. მისი თქმით, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის დაღმართის ამ მონაკვეთის ქვეშ მე-19 საუკუნეში აშენებული მიწისქვედა კოლექტორი გადის, რომელიც დღესაც ფუნქციურია და თითქმის თანამედროვე გვირაბის დიამეტრისაა. მასზე ესტაკადის დაშენება შეუძლებელია. ამიტომ გიგი უგულავა მოუწოდებს დავით ნარმანიას, ჩავიდეს და დაათვალიეროს ეს გვირაბი, რათა თავად დარწმუნდეს ამ ახირების აბსურდულობაში, რითაც საცობების პრობლემა ვერ მოგვარდება. ამის პასუხად დედაქალაქის ახლანდელი მერი აცხადებს, რომ ესტაკადას პუშკინის დაღმართზე მდებარე ისტორიულ გალავანთან შეხება არ ექნება.

„მას შემდეგ, რაც ჩვენმა წინამორბედებმა ბეტონი დაასხეს იქ გათხრებს, მან დაკარგა ისტორიული მემკვდრეობის სტატუსი. თანამედროვე საინჟინრო მიდგომები და სარგებლობები გვაძლევს იქ ესტაკადის გაკეთების საშუალებას, რომელიც არსებული ერთზოლიანი მოძრაობიდან რამდენიმე ათეული სანტიმეტრით იქნება დაშორებული და თანამედროვე ფორმით კი არ გაკეთდება, არამედ გაკეთდება იმ ფორმით, რომელიც ძველი ქალაქის და ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილთან იქნება შესაბამისობაში, რისთვისაც ჩვენ ვაცხადებთ საჯარო კონკურსს“, - განაცხადა ნარმანიამ და განმარტა, რომ საკითხის განხილვა ექსპერტებთან მოხდა.

არქეოლოგი მერაბ ძნელაძე, რომელმაც ორი წლის წინ დედაქალაქის ცენტრში აღმოჩენილი ქალაქის არქეოლოგიური ნაწილი გასახსნელად მოამზადა, არ მალავს, რომ მასზე მძიმე შთაბეჭილება მოახდინა ესტაკადის თემამ. მერაბ ძნელაძეს მიაჩნია, რომ ისტორიულ ნაწილში გზის გაფართოება მერიას სპეციალისტებთან უნდა შეეთანხმებინა, რადგან ახალი პროექტით განივი სივრცე მთლიანად იკარგება და ისტორიული ნაშთების ქვედა ნაწილი აღარ ჩანს.

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი გზის გაფართოებას მიესალმება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ესტაკადას შესაბამისი გაგრძელებაც უნდა მოჰყვეს. მისი აზრით, კონკრეტულად აქ ბევრი პრობლემა იქნება გადასაწყვეტი, როგორც ვენტილაციის, ისე ბუნებრივი და ხელოვნური განათების პრობლემები. ასევე, გადასაწყვეტი იქნება უმთავრესი საკითხი- ეს უნდა იყოს მთელი ქუჩის ფრაგმენტი, რომელსაც გაგრძელება უნდა ჰქონდეს ლესელიძის ქუჩისკენ.

ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს, რომ რაც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის იდეის - „პანორამა თბილისის“ შემადგენელი ნაწილი, ის მაინც ბუნებრივად იქნება „პანორამა თბილისის“ ნაწილი, რადგან ის მთელ ისტორიულ ზონას ემუქრება გადასხვაფერებით და პირველი ნაბიჯი, რომლითაც უძველესი შრე დაიფარა, უკვე აშკარაა. ამ ეჭვებს ამძაფრებს ისიც, რომ ყოფილი ცეკავშირის შენობა უკვე დანგრეულია, რომლის ადგილზეც „პანორამა თბილისის“ ბიზნესცენტრი უნდა აშენდეს. თუმცა დავით ნარმანია ამ პროექტის „პანორამა თბილისთან“ კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი სატრანსპორტო მოძრაობის ორმხრივობას მიესალმება და მიიჩნევს, რომ ესტაკადა უნდა გაკეთდეს, მაგრამ უნდა იყოს კორექტული პროექტი, რათა კულტურული მემკვიდრეობა კიდევ უფრო არ დაზიანდეს. მით უმეტეს, უკვე ძალიან სერიოზულად არის ქალაქის ძველი გალავანი დაზიანებული.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მართლაც ჭირს მოძრაობა, მაგრამ ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ თბილისის გალავანი ჩანდეს. ამას კი ცოტა რთული კონსტრუირება დასჭირდება. იქ უნდა დარჩეს ან გამჭვირვალე შუშა, რომ თან ჩანდეს გალავანი და თან გალავანთან ჩასვლა შეიძლებოდეს.

„სამუდამოდ ამ გალავნის ლიკვიდაცია, გადაფარვა, დახურვა არ შეიძლება. ამავე დროს, სავალი გზა უნდა აღდგეს. ორი წლის წინ ცალმხრივი მოძრაობა რომ დაუშვეს, არასწორი იყო. ცოტა ხნით ამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ არა ამდენი ხნით. ორმხრივი მოძრაობის აღდგენა შედარებით განტვირთავს ქალაქის მოძრაობას, მაგრამ მიწისქვეშა სადგურები აუცილებელია. ამიტომ თანამედროვე სახლებს რომ ააშენებენ, მიწისქვეშა სადგურებზე მოთხოვნა უნდა იყოს“, - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.

არქიტექტორი ცირა ელისაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ძეგლთა დაცვის თვალსაზრისით, ნაშთების ასე ღია ცის ქვეშ დატოვება გაუმართლებელი იყო მაშინაც, როცა პუშკინის ქუჩის ნაშთები გამოვლინდა და გაუმართლებელია ახლაც. მისი აზრით, აუცილებელია ეს კონსერვაციის რეჟიმში მოექცეს და ზემოდან ბეტონის დასხმა საქმეს ვერ უშველის.

„განხორციელდება თუ არა ესტაკადის მშენებლობა ისე, რომ ყველა ძეგლი ხელუხლებელი და დაუზიანებელი დარჩეს, ამის შესახებ პროექტის ნახვის გარეშე ვერაფერს ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, ორმხრივი მოძრაობა არ უნდა აღდგეს ძეგლის დაზიანების ხარჯზე, ისევე, როგორც ცალმხრივი მოძრაობა არ უნდა მოხდეს ძეგლის დაზიანებით. ეს პრობლემა არსებობს და არსებობდა მაშინაც, როცა გალავანი ღია ცის ქვეშ დარჩა“,- აცხადებს ცირა ელისაშვილი.